ლია ქუთელია: წარმატებული ქალი მაშინ ხარ, როცა საკუთარ თავს შეიცნობ და სხვისთვის მისაბაძი ხარ

  • ხუთი შვილის დედა ლია ქუთელია პროფესიით იურისტია, მაგრამ ამ პროფილით არასდროს უმუშავია. ლია ანსამბლ “იანარის” წევრია, ამავდროულად, სოფელ რუხის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში მგალობელთა გუნდის რეგენტია. გარკვეული წლების განმავლობაში, გალობდა კუნძულ კვიპროსში.

ლია “ზუგდიდელებთან” ამბობს, რომ ხუთი შვილის დედობა მარტივი არ არის, მაგრამ იესე, ანა, ილია, ივლიტა და ეფემია მათ ცხოვრებას ალამაზებს და უფრო საინტერესოს ხდის.

-ქალბატონო ლია, რა არის ყველაზე რთული მრავალშვილიან დედობაში?

-მრავალშვილიან ოჯახში სირთულე იქიდან იწყება, როცა იცი, რომ მრავალშვილიანი დედა ხარ და პასუხისმგებლობა გეკისრება ღვთის წინაშე, მაგრამ ამ სირთულეებს ის წყალობა აბალანსებს, რომელსაც უფალი შვილების სახით გაძლევს და იმდენად ბედნიერი ხარ, რომ ეს სირთულე შენთვის სასურველი ხდება.

-თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვის აღზრდის პროცესში?

-ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია ადამიანი აღზარდო ღირსეულ პიროვნებად და ჰქონდეს ის ღირებულებები, რაც  უნდა ახასიათებდეს განათლებულ და კეთილშობილ პიროვნებას. პირველ რიგში, უნდა იყოს ღვთისმოშიში. ბავშვთან აუცილებელია ფაქიზი ურთიერთობა, მეტი კომუნიკაცია და ყურადღება, რათა მათი მსოფლმხედველობა იყოს ჯანსაღი და ადაპტირებული თანამედროვე სამყაროს გამოწვევებთან.

-სასკოლო აქტივობების გარდა, ბავშვები კიდევ რითი არიან დაკავებულები?

-ზოგადად, მუსიკალური ოჯახი გვაქვს. იესე უკრავს ვიოლინჩელოზე, ანა ვიოლინოზე, ილია ფლეიტაზე, ივლიტა ფორტეპიანოზე და ნაბოლარასაც ვამზადებთ, რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტს დაეუფლოს. ერთი სიტყვით, ოჯახში ყველა ვმღერივართ ხალხურ სიმღერებს და ვგალობთ საეკლესიო საგალობლებს. ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია ჩვენს დიდ ოჯახში.

-ალბათ, უფროსები პატარა და-ძმის აღზრდაში გეხმარებიან?

-დიახ. უფროსები იესე და ანა ხშირად ეხმარებიან თავიანთ უმცროს და-ძმას ყველაფერში. ხშირად გვიწევს სახლიდან მსახურებაზე გასვლა და უმცროსები მათთან რჩებიან, ძალიან დამოუკიდებლები და მზრუნველები არიან ერთმანეთის მიმართ.

-ანსამბლ “იანარის” წევრი ხართ…

-დიახ. ანსამბლ “იანარში” ყოფნა ჩემთვის დიდი პატივია. “იანარს” პირველი გამოსვლა კომბინატის კულტურის სახლში ჰქონდა, რომელიც მიეძღვნა “დედის დღეს”. მსმენელისგან, პირველივე დღიდანვე, ვიგრძენით დადებითი განწყობა. შემდეგ სხვადასხვა ქალაქში ჩავატარეთ კონცერტი. ჩვენი შესრულებული რეპერტუარით, საზოგადოება, ყოველთვის, მოხიბლული და აღტაცებული იყო. სამწუხაროდ, დღეს, ანსამბლი ვერ ასრულებს თავის საქმეს დაფინანსების გამო. იმედია, ეს პრობლემა მალე მოგვარდება და ზუგდიდელებს ისევ ექნება შესაძლებლობა სცენაზე იხილოს “იანარი”.

-ქალბატონო ლია, ძალიან კარგად გამოიყურებით, როგორ ახერხებთ, საკუთარი თავისთვის გამონახოთ დრო?

-კომპლიმენტისთვის მადლობა. რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია, როცა ხუთი შვილი გყავს და საკუთარ თავს დაუთმო დრო, მაგრამ მეუღლის თანადგომით და ბავშვების მხარდაჭერით, ვცდილობ, ყოველთვის ვიყო მოწესრიგებული, თუ რამდენად გამომდის ეს უკვე არ ვიცი.

-როგორც გავიგე, ქსოვთ კარგად…

-თავისუფალ დროს დაკავებული ვარ ხელსაქმით, ვქსოვ, ვქარგავ, რაც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ხელსაქმე ჩემი ჰობია, მაგრამ სამწუხაროდ, ამისთვის დიდი დრო არ მრჩება.

-როგორია თქვენი ერთი დღე?

-ყოველი დილა ლოცვით იწყება. შემდეგ, ბავშვებს სკოლაში ვაცილებ, მამაოს ტაძარში. ვცდილობთ, ერთმანეთს ხელი შევუწყოთ. საღამოს ისევ ერთად ვიკრიბებით და ვსაუბროთ, ან წმინდა წერილს ვკითხულობთ.

-თქვენი მომავალი მეუღლე, მამა არჩილი როგორ გაიცანით?

-მამაო ტაძარში გავიცანი. შემდეგ ჩვენი გრძნობები გავუმხილეთ ერთმანეთს და მალე დავინიშნეთ. ჯვარი კვიპროსში დავიწერეთ. მამაო აქტიურად არის ჩართული ბავშვების სწავლა-აღზრდის საკითხში. მაქსიმალურად ცდილობს, თავისუფალი დრო ბავშვებთან გაატაროს და პირად საკითხებზე ესაუბროს.

-რას ნიშნავს თქვენთვის “წარმატებული ქალი”…

-წარმატებული ქალი მაშინ ხარ, როცა საკუთარ თავს შეიცნობ და სხვისთვის მისაბაძი ხარ.

-და ბოლოს…

-მინდა, ყველა ქალბატონს მივულოცო მარტის დღესასწაულები. ვუსურვებ ბედნიერებას, წინსვლას, წარმატებას და ღვთის წყალობას.

ეკა ფარულავა

 

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.