ლექსი მისი მეორე სუნთქვაა–ნანა ეხვაია

  • ნანა ეხვაია ფილოლოგია, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. აღსანიშნავია, რომ მისი რეკომენდატორები იყვნენ: ლია სტურუა და გურამ დოჩანაშვილი.

სხვადასხვა დროს, თანამშრომლობდა გაზეთებთან: “ჩვენი მწერლობა”, “ახალი ქართული გაზეთი”, “დილის გაზეთი”. ამავე პერიოდში, მისი ლექსები დაიბეჭდა გაზეთებში: “რუბიკონი”, “ალტერნატივა”, “ლიტერატურული საქართველო”, ნოველები კი, ჟურნალებში: “ცისკარი”, “მნათობი”, “რიწა”, “ეგრისი”. მისი ლექსები შეტანილია თანამედროვე ქართული პოეზიის შვედურ და გერმანულ ანთოლოგიებში.
ნანა ეხვაია ამჟამად, ცხოვრობს ზუგდიდში. ერთი საინტერესო დეტალი მისი ბიოგრაფიიდან: არის კვირაცხოვლობის სახელობის ეკლესიის მრევლი. ეს უკანასკნელი იმიტომაა საინტერესო, რომ მის შემოქმედებას ხერხემლად აქვს ქრისტეს სიტყვა და წესი, როგორი უნდა იყოს პატიოსანი კაცი ამ წუთისოფელში,–თავმდაბალი და მოკრძალებული, რწმენით, რომ ნიჭიერი ადამიანი და მისი შემოქმედება არ დარჩება შეუმჩნეველი, არ არის საჭირო ხმაური.
ნანას ლექსების ახალ კრებულს “მეორე სუნთქვა”, რომელიც გამოსაცემად მზადდება, წამძღვანებული აქვს პოეტ მარინა ცვეტაევას სტრიქონები: “ჩემს ლექსებს, როგორც ძვირფას ღვინოებს, მოუვათ ჯერი…”
ნანა ეხვაიამ, “ზუგდიდელებს”, მისი “შემოქმედებითი მარანიდან”, მშვენიერი სტრიქონები გამოგვიგზავნა დასაჭაშნიკებლად.


განდეგილი

წ უ თ ი ს ო ფ ლ ი ს
საერთაშორისო დამკვირვებელი ვარ
და ამ მისიას წარმატებით ვასრულებ _
ხან შეშფოთებას გამოვხატავ,
ხან აღშფოთებას.

 

* * *
მეორე სუნთქვა,
მესამე თვალი –
სახელს ვუძებნი
ა ღ მ ა ფ რ ე ნ ა ს,
დიდი დუმილის შემდეგ
ხანდახან რომ მომაკითხავს
და შვებას მგვრის.


* * *

ზუგდიდში,
ცხრა აპრილის
მ ე მ ო რ ი ა ლ თ ა ნ,
ნეკერჩხლები
კივიან ცეცხლად –
დღევანდელობის ფონზე

 

* * *
რატომ მესიზმრები –
ისევ გახსოვარ?
თუ, ჩემ სიბერეს
მოევლინე
ისევ, მეგზურად?!

 

* * *
ამოწურა კაცობრიობამ
თავისი დადებითი უნარები,
აწ უკვე დეკადანსი
და
ა გ ო ნ ი ა ა.


* * *

რითმა მოუკვდა
თანამედროვეობას,
რიტმმა იძალა ვერლიბრში;
ბატონებო, თქვენ
რა გაშინებთ –
თავისი აქვს
ყველა ქოთანს
რადგან სარქველი.

 

* * *
ჩემი ლექსების ადრესატები
ამაღლებული
და მიუწვდომელი
მხიბლავდა ყოველთვის –
თქვენ იმ ბედნიერ
გ ა მ ო ნ ა კ ლ ი ს ე ბ შ ი
მოხვდით,
რომელნიც უყვართ
უკუგების გარეშე
და
ს ა მ ა რ ა დ ი ს ო დ.

 

* * *
ზუგდიდი – ჩემი ამფერსტი,
პატარა, კოხტა ქალაქია;
როდესაც საფლავს მაჩუქებს,
უფრო განათლდება მისი სანახები.


* * *

ერთ ადამიანზეც კი
თუ იფიქრებ,
რომ აღმატებული
ხარ მასზე,
ხუხულასავით ჩამოგეშლება
თავმოწონების კოშკები.


* * *

მტრებს ნუ დაითვლი –
ვუთხარ მეგობარს,
რომელიც წუხდა
მათ სიმრავლეზე –
შენ ალმასები გილაგია
მეგობრებისთვის
და შეაფარე თავი შენი
მათ ერთგულებას.

 

* * *
სავსე მთვარეა –
მე რით ავივსე?
სავსე მთვარეა –
სასვენ ნიშანთა
დავკარგე კვალი;
სავსე მთვარეა –
უკიდეგანობა
მომჩერებია;
სავსე მთვარეა –
მე რით ავივსე? –
სამოცის გავხდი!..


* * *

ჩვენი წინაპრების
ძვლები კანკალებენ
საფლავში, ალბათ,
დღევანდელ მოდგმას
რომ გვიყურებენ
იმქვეყნიური საქართველოდან.

 

* * *
არ მიყვარს, როცა ამბობენ:
“რა საზიზღარი ამინდია”,
რადგან ყველა ამინდს
თავისი შტრაუსი და
ბახი ჰყავს შესაჩვევად,
რომელთაც მე –
უსმენო ადამიანი
ინტუიციით ვეტმასნები
ხოლმე
გ ა ს ა ბ რ ძ ო ლ ე ბ ლ ა დ.

 

* * *
მელიქიშვილზე ჩავიარე
სტუმრად ნამყოფმა,
თან მომყვებოდა
შთაბეჭდილება
მასპინძელთან თბილი ბაასის
და აკივლებას ჰგავდა
ვერმოხელთება
განვლილ წელთა ნაფეხურების;
აღარსად ჩანდა
ხეების რიგთა ჩუმი ამოსუნთქვა
და ვიტრინების ზომიერი
გამონაშუქი –
თბილისქალაქში არსად იყო
ახალგაზრდობის შაქარყინული

 

* * *
როგორ გავხადო
პოეზია შემოსავლიანი,
რომ მიწიერთა
კბილის გაკვრისგან
დავიცვა თავი?..
`რაში გამოგადგა,
გაჭამა ლექსმა პური?..
ვინც იცით, როგორ გახდეს
პოეზია შემოსავლიანი,
მომწერეთ მისამართზე –
ცასა და მიწას შორის…
გელოდებით!!!

 

* * *
სიკვდილთან სექსი მოისურვა
ერთმა პოეტმა
და ვერ მიხვდა, რომ
სულაც არ არის ეს ხუმრობა
სამხიარულო,
რადგან სიკვდილი
ერთადერთი გამოცდილებაა,
რომელსაც ვერავის გაუზიარებ
როცა დადგება ჟამი წასვლისა.

 

* * *
პოეზია ჩემთვის
ფაქიზი სიტყვებით
მ ე ტ ყ ვ ე ლ ე ბ ა ა
და ვერ მივიღებ
სკაბრეზს, მკრეხელობას,
რომლითაც სავსეა
თანამედროვე ავტორთა
შემოქმედება –
ერთს მშვენიერ დღეს
ყოველი სიტყვისთვის
მ ო გ ვ ე კ ი თ ხ ე ბ ა.

 

* * *
სულში ცვალებადი
მოღრუბლულობაა,
ალაგ-ალაგ წვიმს,
უბერავს ძლიერი ქარი,
მელანქოლიამ შემიპყრო –
სანამ მომერევა,
ფიქრებთან უნდა
დავდო ზავი.

 

ტაძარში
გარეთ დარჩა სამყარო
საპყარი და გახრწნილი,
მსახურების დაწყებამდე
ვზივარ ჩემთვის მდუმარე და
აღსავლის კარს შევყურებ
ნ უ გ ე შ ი თ და იმედით

 

* * *
“მაცხოვრისკარი” —
ჩემი ტაძარი,
სადაც
წესი უნდა ამიგონ;
მაგის დროც მოვა –
იქნებ ახლოსაც კია
ე ს  ჟ ა მ ი


* * *

ჩემეული ლოცვა:
მადლობელი ვარ,
საწანწალო
რომ არა მაქვს
ლუკმაპურისა
და
თავშესაფრისთვის;
მშიერ-მწყურვალო
ადამიანებო,
განსაკუთრებით ბავშვებო,
შემინდეთ, რომ
თქვენთან შედარებით
ფუფუნეულად ვცხოვრობ –
მადლობა, ღმერთო,
ყველასა და ყველაფრის
მ ო ც ე მ ი ს ა თ ვ ი ს.

 

* * *
“დარდში ყურედ შეჭრილი
მარტო ვრჩები ხიფათთან”.
ხათუნა როგავა

ყველა ხიფათს
ღმერთით სძლევ,
მარტოც არ ხარ,
რადგანაც
ანგელოზი გმფარველობს,
ზეციური მხედრობა
შენს კარიბჭეს დარაჯობს;
დარდიც არად იქცევა
დედა ღვთისას ამბორით –
რაცა გსურდეს, შესთხოვე,
ოღონდ ღვთისთვის სათნო რამ
და მაშინვე ზეციურ
ნუგეშს იგრძნობ – მიენდე.

 

* * *
საათის წიკწიკი ქვემეხის ხმას ჰგავს –
წუხილს მიმრავლებს განვლილი გზა.
“ხოლო მე მატლ ვარ და არა კაც -”
დავით მეფსალმუნეს რით არ ვემოწმო.
“ვითარცა პირუტყვი შევირაცხე
წინაშე შენსა” – ესეც მისია,
ჩემეული კი დარდის კალთაა –
კარს რომ გავუღებ ლოცვის სტრიქონებს
თავს ვეღარაფრით ვერ მოვიწონებ.

 

* * *
როცა მკვდრეთით აღვდგები,
შენი ცხვარი მინდა ვიყო –
შენს მარჯვენას მინდობილი
განწმენდილი, სპეტაკი.

ერთობა ქრისტეში
გულმა გულს ამცნო
შენი ნათელი
და გაიკაფა
ცოდვის უღრანი,
ერთურთს შეერწყა
ბილიკები
და გზა დასრულდა
შენს კარიბჭესთან.


* * *

“შევიმოსოთ აბჯარი რწმენისა და
სიყვარულისა და ჩაფხუტი ხსნის
სასოებისა“.
თესალ. 1; 5, 8.
თავს არ მანებებს
ცოდვის ბურანი _
ამიყოლია დაბადებიდან,
მაგრამ შენ მყავხარ,
ღმერთო, იმედად
შენი მცნებებით _
ჩემი მუდმივი
აბჯარ-ჩაფხუტით.

 

* * *
“თქვენ ხართ მარილი სოფლისა”
სახარებიდან
გამტკნარებული მარილი
ვართ ამა ქვეყნისა
და რას ირგებს ჩვენგან
ს ა ს უ ფ ე ვ ე ლ ი ?

 

* * *
შევიმალები
ჩემს შინაგან უდაბნოში;
მოვიკრებ ძალებს,
თვალი გავუსწორო
წუთისოფლის ამაოებას
და ცხოვრების
მღვრიე მდინარიდან,
ქრისტეს მეშვეობით,
შევეცდები
განბანილმა ამოვაღწიო.
ნანა ეხვაია

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.