ლევილში ნაკმევი საკმეველი


“მითხარ შენდობა… და ჩემს მხარესა,
ოდეს მოუთხრობ ამბებს მწარესა,
სთქვი, რომ წარწერა იხილე ლოდზე –
“ძვლებიც კი ფიქრობს საქართველოზე!..”
-რუდუნებით დუდუნებს მღვდელი და საკმეველს უკმევს ადამიანებს, ვინც სამშობლოს სიყვარულით დაიფერფლნენ და უცხოობაში დალიეს სული. ეს მამა ფრიდონია (ასათიანი), ქრისტესთვის შესაშურად მლოცველი, მოღვაწე თავისი ერისთვის და მრევლისთვის. ერთი სადა, ხმელზე–ხმელი, უბრალოზე უბრალო მღვდელი, ორი ოქროს ჯვრით დამშვენებული და ბევრის იმედი, მანუგეშებელი სულიერი მამა. სასულიერო პირი, რომელმაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა ქუჩისა, თუ თემის მაცხოვრებელთა ოჯახში შეიხედა იესოს სიტყვით და ღვთისმშობლის ხატით.
მამა ფრიდონმა, მეუფე გერასიმესა და დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელმთავრის, მეუფე აბრაამის (გარმელია) კურთხევით და დახმარებით, იმოგზაურა საფრანგეთში, კერძოდ, მის რამდენიმე ქალაქში. როგორც აღნიშნავს ჩვენთან საუბარში, საჭირო აღმოჩნდა მისი შეხვედრა ემიგრაციაში მყოფ ქართველ მრევლთან. მაგრამ მოგზაურობის ხერხემლად მაინც ლევილში, ქართველ პატრიოტთთა საძვალეში გადახდილ პანაშვიდს თვლის
–ლევილში მოხვედრა ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. ეს იყო შეხვედრა საქართველოს პატრიოტებთან. თითოეული მათგანის საფლავი წმინდათაწმინდა იყო ჩემთვის. ლევილში პანაშვიდი გადავიხადე მათი სულის საოხად. არასდროს მხიბლავდა ფიქრი საფრანგეთში მოგზაურობაზე, მაგრამ ვგრძნობ, როგორი საჭირო და აუცილებელი აღმოჩნდა ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის. მინდა, ამ მოგზაურობისთვის, ჩვენი საუბრის დასაწყისშივე, მადლობა ვუთხრა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტს აბრაამს.
– თქვენ იქ გელოდებოდათ არქიმანდრიტი ანტონიც (კანდელაკი), რომელიც თავის ჩანაწერებში თქვენ მის გამზრდელად მოგიხსენიებთ.
–დიახ, საფრანგეთში, პარიზში მოღვაწეობს არქიმანდრიტი ანტონი, ბერი. მართალია, თითქმის ჩემი გაზრდილია. მამა ანტონი წარმოშობით აფხაზეთიდანაა. გაიზარდა ზუგდიდში, კარის ეკლესიის მესანთლის, ქალბატონ ლარისა მანჯგალაძე-კანდელაკის შვილია. იყო ამავე ეკლესიის სტიქაროსანი, დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, შემდეგ მოსკოვის  სასულიერო აკადემია, დაცული აქვს ხარისხი და არის ღვთისმეტყველების კანდიდატი. საფრანგეთში ჩასულმა მამა ანტონიმ დიდი წვლილი შეიტანა, პარიზში გახსნილიყო წმინდა თამარ მეფის სახელობის ქართული ტაძარი, რომელიც დღეს გახლავთ დასავლეთ ევროპის ქართული  საკათედრო ტაძარი. მამა ანტონი გახლავთ მისი წინამძღვარი. მან შესძლო ემიგრაციაში მყოფი ქართველები შემოეკრიბა. 11 ქალაქში ატარებს, ყოველთვიურად, წირვა-ლოცვას. განუწყვეტლივ მეპატიჟებოდა, ჩამოდი და მოილოცე ტაძარიო. იცის ჩემი დამოკიდებულება ამ წმინდანისადმი. მე, ჩემი სადისერტაციო ნამუშევარიც  წმინდა თამარს მივუძღვენი.
–რამდენადაც ვიცი, მოგეცათ შესაძლებლობა, ტაძარში  ჩაგეტარებინათ ერთობლივი წირვა-ლოცვა და შემდეგ შეხვედროდით ქართველ მრევლს.
– 27 იანვარს, ნინოობას, მე და არქიმანდრიტმა ანტონმა, წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარში, აღვავლინეთ ერთობლივი სადღესასწაულო წირვა-ლოცვა. ქართველი მრევლი შეიკრიბა. წირვის შემდეგ შევხვდი იქ მცხოვრებ ზუგდიდელებსაც.
–წირვის ბოლოს, თქვენ ესაუბრეთ მრევლს. მამა ანტონი წერს, ჩემმა გამზრდელმა, განსაკუთრებული აქცენტი შრომაზე გააკეთაო. მენიშნა, შრომას უნდა მოვუმატო, მგონი ჩემით უკმაყოფილოაო.
–არა, რა თქმა უნდა. მამა ანტონი ბევრს შრომობს. ეს ეტყობა მის ტაძარს, მრევლს. მან შესძლო ტაძრის ირგვლივ შემოეკრიბა სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ქართველებიც. ისინი ერთად არიან ჭირში თუ ლხინში. ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებენ ერთად. ტაძართან ჩამოყალიბებული აქვთ მომღერალთა ქართული  გუნდი „თამარიონნი“. სწავლობენ ქართულ სიმღერებს და ქართულ საგალობლებს, შემდეგ, ფრანგებს აცნობენ ქართულ კულტურას.  14 მაისს, თამარობასთან დაკავშირებით, ტაძარში, დიდი, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ჩაატარდება.
-თქვენ ქალაქ ნანტშიც ჩაატარეთ წირვა-ლოცვა მრევლის თხოვნით.
-წმიდა შუშანიკის სახელობის ტაძრის მრევლის უშუალო ინიციატივითა და დახმარებით შევძელით წირვა–ლოცვა აღგვევლინა მეორე ქალაქშიც. ეს გახლავთ პარიზიდან 300 კილომეტრის დაშორებით,–ქალაქი ნანტი. იქ არის ხის რუსული ეკლესია, რომელსაც ქართველი მრევლი, პერიოდულად, ქირაობს. სხვათასორის იმ ქართველ მრევლშიც იყო რამდენიმე ზუგდიდელი.
მამა ანტონთან ერთად ვიყავი პარიზის საბავშვო კლინიკაშიც, სადაც შესაძლებლობა მოგვეცა მძიმე მდგომარეობაში მყოფი ორი პატარა ქართველი გვეზიარებინა. მათი მშობლებისთვის ჩვენი სტუმრობა დიდი იმედი და ნუგეში გამოდგა.
-როგორი აღმოჩნდა პარიზი თქვენი ხედვით…
-ხელოვნების ქალაქია. მომეჩვენა, რომ მართლმადიდებლური შტრიხებიც გასდევს. ძალიან შტამბეჭდავი იყო ჩემთვის პარიზის შუაგულში, “სიყვარულის მოედანზე” აღმართული მიქაელ მთავარანგელოზის ქანდაკება, მნიშვნელოვანი იყო მონ სან მიშელის- წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის მთა-კუნძულზე მოხვედრა.  აქ აშენებული ციხე-სიმაგრე გახლავთ არქიტექტურული საოცრება და ამოუცნობი სასწაული დღე-ღამეში ორჯერადი საოკეანო მიქცევა-მოქცევით. დავათვალიერეთ ტაძარი, რომელიც ნაპოლეონმა ააშენა და “ქრისტეს გული” უწოდა, იქიდან მთელი პარიზი ჩანს. შთამბეჭდავი იყო ლუვრი. ერთი დღე ვიყავით ბელგიაში, მეფის სასახლე ვნახეთ. ჩემთან ერთად იყო ჩემი ქალიშვილი ნინო, რომელიც ხელოვნებათმცოდნეა. ეს კი, ნებსით თუ უნებლიედ მაძლევდა შესაძლებლობას, სხვა თვალით შემეხედა პარიზისთვის, შემეხედა როგორც კულტურის ცენტრისთვის.
-პარიზელებზე რას იტყვით…

-ისინი ძალიან სადა, უბრალო და თავაზიანი  ადამიანები არიან. მე და მამა ანტონი, ჩაის დასალევად ერთ კაფეში შევედით. დაღლილი ვიყავი. მომსახურე პერსონალი შეეცადა ჩემს გამხიარულებას, მუსიკოსებმა კი, ლამის მთელი რეპერტუარი მე მიძღვნეს.

-და მაინც, რა იყო მამა ფრიდონისთვის პარიზული დღეები?

-მამა ანტონის მოღვაწეობის საკუთარი თვალით ხილვა, ქართველ მრევლთან შეხვედრის ემოციები, იქ აღმოჩენილი ზუგდიდელები და ყველაზე მთავარი:-ლევილში გადახდილი პანაშვიდი, ემიგრანტებისთვის ნაკმევი საკმეველი და განცდა, რომ თითოეულ საფლავქვეშ, საქართველოსთვის დაფერფლილი გული განისვენებს.

საუბარი ჩაიწერა ნ. მიქავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.