ლარისა თირქია-ყველაფერი კივზე

  • შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლარისა თირქია, კივის სამკურნალო თვისებებზე საუბრობს.

კივის – აქტინიდიას სამშობლოა ჩინეთი. მას სხვაგვარად “ჩინურ ხურტკმელსაც” უწოდებენ. სახელწოდება კივი მან ახალზელანდიელი სელექციონერის, ალექსანდრ ელისონის დამსახურებით მიიღო – კივი იმიტომ შეარქვეს რომ ამ ქვეყნის სიამაყეს, უცნაურ, უფრთო და უკუდო ჩიტს მიამსგავსეს (ეს ფრინველი მათ ემბლემაზეა განთავსებული). ამ მცენარის თესლი ახალზელანდიელებმა 1906 წელს მოიპოვეს და მან ყველაზე კარგად იქ იხარა – ახალმა ზელანდიელებმა სელექციით 30 წელიწადში ჩინეთიდან ჩატანილზე გაცილებით დიდი ნაყოფი მიიღეს.

 გარდა ჩინეთისა და ახალზელანდიისა, იგი გავრცელებულია მსოფლიოს, როგორც ჩრდილოეთ ისე  სამხრეთ ნახევარსფეროში, კარგად ხარობს იტალიაში, იაპონიაში, აშშ-ში, საფრანგეთში, საბერძნეთში, ესპანეთში, საქართველოში და სხვა ბევრ ქვეყანაში. ჩვენთან იგი ახალი სუბტროპიკული კულტურაა და ფართო გავრცელება ჰპოვა აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელოში, გურიაში და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა რაიონებში.

არსებობს მოსაზრება, რომ ის მსოფლიოში ამერიკელი სამხედროების მიერ გავრცელდა, ხოლო შემდგომ, ევროპაში გახდა პოპულარული.

კივი არის ხვიარა ბუჩქების (ლიანების) გვარი აქტინიდიასებრთა ოჯახიდან. 2-8 მ სიმაღლის ორსახლიანი მცენარეა. აქვს ცალსქესიანი, იშვიათად ორსქესიანი თეთრი, ყვითელი ან მოწითალო ყვავილები. ნაყოფი კენკრაა, იჭმევა. ისხამს სასიამოვნო მომჟავო–ტკბილ ნაყოფს. მისი ფოთლები სამჯერი იცვლის ფერს (მწვანე, ვარდისფერი, თეთრი).

შემადგენლობა

კივის ნაყოფი შეიცავს  ცილებს, ცხიმებს, კომპლექსურ ნახშირწყლებს,  უჯერ  ცხიმოვან მჟავებს, დიეტურ ბოჭკოებს, ფერემენტებს  და  ორგანულ მჟავებს. ეს ხილი მდიდარია მრავალფეროვანი მინერალებით: რკინის მარილი, კალციუმი, კალიუმი, ნატრიუმი, მაგნეზიუმი, ფოსფორი, გოგირდი, ბორი, იოდი, ფტორი, სპილენძი და სხვა.

იგი ასევე შეიცავს ვიტამინებს (A, B1, B2, B6, B9, E PP), მაგრამ ყველაზე დიდი კონცენტრაციით აქვს C ვიტამინი (75 მგ. ყოველ 100. პროდუქტში, რომელიც ორჯერ უფრო მეტია ვიდრე სხვა დანარჩენ ციტრუსოვან მცენარეებში).

მედიცინაში გამოყენება

კივის ნაყოფს გააჩნია, როგორც სამკურნალო ისე პროფილაქტიკური გამოყენებაც. მასში აღმოჩენილია, ისეთი ნივთიერებები, რომლებიც ეფექტურად შლიან ნიტრატებს, შეიცავს იოდის სამკურნალო რაოდენობას, რაც ჩვენში გავრცელებული ენდემური ჩიყვის მკურნალობის უებარი საშუალებაა. ზრდის ადამიანის ორგანიზმის გამძლეობას ინფექციური დაავადებებისადმი, დადებითად მოქმედებს სისხლში ჰემოგლობინის შემცველობაზე, ქსოვილების აღდგენაზე, კუნთების გამაგრებაზე. მის წვენს იყენებენ ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა  სისხლდენა, ტუბერკულოზი, ყივანახველა. ასევე მედიცინაში გამოიყენება, კბილის კარიესის, ბრონქეალური ასთმის, ხველების, კიბოს პროფილაქტიკის, სისხლნაკლულობის დროს, ხელს უშლის სისხლის შედედებას. აძლიერებს იმუნიტეტს, ათავისუფლებს ორგანიზმს მარილის ნარჩენებისგან და ნიტრატებისგან, ააქტიურებს ორგანიზმის დაცვის ფუნქციებს კურნავს ათეროსკლეროზს, თრომბოზს, ხელს უწყობს წონის დაკლებას, ხსნის კუჭის სიმძიმეს, გულძმარვას, ბოყინს, აჩქარებს უჯრედების აღდგენას; იგი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომელიც საჭიროა ახალგაზრდობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად. აფერხებს გაჭაღარავებას და გამოყოფს ბუნებრივ კოლაგენს;

კივის ნიღაბს  სახის კანი მოყავს ტონუსში, ატენიანებს და ამცირებს ნაოჭებს. აძლიერებს ფიზიკურ გამძლეობას, ამიტომ ის ჩართულია სპორტსმენის მენიუში.

იგი შეუცვლელია სისხლძარღვებით დაავადებულთათვის. წვავს ცხიმებს, რომლებიც ბლოკირებას უკეთებს, ამიტომ ბრწყინვალე ალტერნეტივაა ასპირინის, რომელსაც გულით დაავადებული პაციენტები სვამენ წლების მანძილზე თრომბის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად. ყოველდღე 2-3 კივის ნაყოფის მიღება, ერთი თვის შემდეგ თრომბის წარმოქმნის რისკს 20%-ით ამცირებს.

დადგინდა, რომ კივი შეიძლება იყოს იმ პროდუქტებს შორის, რომლებიც ამცირებენ  ონკოლოგიურ და კარდიოვასკულურ დაავადებების რისკს (მომატებული სისხლის წნევა, კორონარული უკმარისობა და ა.შ.).

კივის გამოყენების უკუჩვენებები

არსებობს მხოლოდ რამდენიმე მცირე უკუჩვენება: კივის წვენი და ნაყოფი არ არის რეკომენდირებული მათთვის, ვისაც აწუხებს კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობა, გასტრიტი და წყლული. ბევრი კივის ჭამამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. კივი არ არის რეკომენდირებული მოწამვლისა და ფაღარათის დროს. მას აქვს კუჭის გამხსნელი ეფექტი, რომელმაც შეიძლება მდგომარეობა გაამწვავოს.

 

 

 

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.