ლარისა თირქია: გაიცანით ვარდის მეტოქე და მკურნალი იორდასალამი


  • იორდასალამი მიეკუთვნება ძვირფას  ყვავილოვან მცენარეთა რიცხვს, რომელიც ფართოდ უნდა დაინერგოს დეკორატიულ მებაღეობაში, როგორც სამკურნალო ასევე დეკორატიული  თვალსაზრისით,-ამბობს  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლარისა თირქია.

ბოტანიკოსთა შორის,  ათეული წლების  განმავლობაში, არსებობდა აზრთა სხვაობა გვარ paeonia  -ს ადგილის შესახებ მცენარეთა სისტემატიკაში. თავიდან იგი განიხილებოდა ოჯახში Raninculaceae  juss, ხოლო დღეისათვის, საყოველთაოდ აღიარებულია დამოუკიდებელ ოჯახად-Paeoniaceae Rudolphy

იორდასალამი (ლათ. Paeonia) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა იორდასალამისებრთა (Paeoniaceae)  ოჯახიდან, იშვიათად ბუჩქების ან ბუჩქ-ბალახების სახითაა წარმომადგენელი. 1,20 მეტრამდე სიმაღლის მცენარეა, დატოტვილი სქლად შეფოთლილი, მორიგეობით განლაგებული, ლანცეტურ სეგმენტებად დანაკვთული,  ფოთლებით,  მძლავრი ჰორიზონტალური ფესვურითა და ფესვოვანი ბოლქვებით. ყვავილები მსხვილი 13-20 სმ-მდე დიამეტრის, წითელი, ვარდისფერი, თეთრი, ან იშვიათად მოყვითალო ფერის, ყვავილობს მაის-ივნისში. ნაყოფი ფოთლურაა, რომელიც მწიფდება ივნის-ივლისში.

გვარში 40-მდე სახეობაა, რომლებიც გავრცელებულია აღმოსავლეთ აზიაში, სამხრეთ   ევროპაში, იაპონიაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და კავკასიაში. საქართველოში გვხვდება 10 სახეობა, რომელთაგანაც ორი კავკასიის, ხუთი კი საქართველოს ენდემია; საქართველოს მთის შუა და ზედა სარტყელში გვხვდება რუპრეხტის იორდასალამი(Paeonia ruprechtiana) და სტევენის იორდასალამი (Paeonis steveniana).

იორდასალამი ცნობილია უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 300 წლის წინ, ბერძენმა ფილოსოფოსმა თეოფრასტემ მისცა გვარს ბერძნული მითოლოგიური ექიმის -პეონის /Paion/ სახელი. როგორც ჩინური ლეგენდა გადმოგვცემს, პეონი იყო დახელოვნებული მკურნალი, რომელმაც ჰერაკლეს მიერ დაჭრილი, სიმდიდრის ბერძნული ღვთაება, პლუტოსი განკურნა. ეს შეშურდა პეონის მასწავლებელს, მკურნალობის ღმერთს ასკლეპიოსს /რომაულ მითოლოგიაში ესკულაპუსი/ და გადაწყვიტა მოეწამლა იგი, მაგრამ ღმერთმა გადარჩენის მიზნით პეონი ლამაზ ყვავილად აქცია.

უძველესი ჩინური ლეგენდის თანახმად, იორდასალამი წარმოიშვა მოჯადოებული ჭაბუკისაგან, რომელიც ცნობილი იყო სილამაზით, ქედმაღლობით და გულცივობით, არაერთი ქალიშვილი დაღუპულა მისდამი ცალმხრივი სიყვარულით, ასე გრძელდებოდა დიდხანს, სანამ ეს ამაყი ჭაბუკი ლამაზ, მაგრამ ცივ ყვავილად არ გარდაიქცა. ,,იორდასალამს ხომ არა აქვს სუნი, ე.ი. მას არ გააჩნია სითბოც“-ასე ამბობდნენ ჩინელები.

ჩინეთში მერქნიანი იორდასალამი ითვლება სიცოცხლის ხანგძლივობის სიმბოლოდ

და სილამაზით თვლიან  ვარდის მეტოქედ. “იორდასალამს უვლიან წლის მანძილზე, ხოლო მისი სილამაზით ტკბებიან ათი დღით”.- ამბობს ძველი ჩინური ანდაზა.

უძველესი დროიდან იორდასალამი ცნობილია ევროპაშიც, ძველად თვლიდნენ, რომ ავი სულები ქრებიან იმ ადგილებიდან, სადაც ხარობს იორდასალამი. ეშმაკისეული რისხვისაგან თავის დასაცავად საკმარისი იყო ფესურისაგან  გაკეთებული მძივების ტარება.

ჯერ კიდევ პლინიუს უფროსმა ნაშრომში, “ბუნების ისტორია” პირველად აღწერა იორდასალამი და მიუთითა იმ 20 ავადმყოფობაზე, რომელთა სამკურნალოდაც ის იხმარებოდა.

იორდასალამს დიდი გამოყენება აქვს როგორც სამკურნალო ასევე დეკორატიული თვალსაზრისით

სამკურნალო იორდასალამიდან ცნობილია, ანომალური იორდასალამი-Paeonia anomala L (ციმბირის სახეობაა, იზრდება ტყიან ზონაში, ტყისა და მდინარეების პირას. უყვარს ჰუმუსიანი ნიადაგი, გავრცელებულია ციმბირში, შუა აზიაში, ტიან-შანზე).

შეიცავს თავისუფალი სახით სალიცილის და ბენზოლის მჟავებს, ასევე მეთილ სალიცილატს, მიკროელემენტებს, ნახშირწყლებს, მათ შორის გლუკოზას სახამებელს.

ფესვებსა და ფესურებში მოიპოვება მონოტერპენები, პეონოზიდი, პეონოლედი, პეონოფლორინი, ალბაფლორინი. დომინანტი შენაერთები, პეონოლი და გლიკოზიდი, სალიცილინი, დადგენილია მთრიმლავი ნივთიერებები-გალის მჟავას ნაწარმები, ტრიტერპენოიდები, ამინომჟავები, ლეიცინი, ტრეონინი, ტრიფტოფანი ფენილალანინი, ეთეროვანი ზეთი. ბალახში მთავარია გლიკოზიდები, პეონოლიდი და პეონოფლორინი, დადგენილია ვიტამინ C-ს შემცვლელობა.

იორდასალამის პრეპარატს აქვს ძლიერ დამამშვიდებელი თვისებები, ასევე ავლენს ანთების საწინააღმდეგო, პლაზმოლიტურ, ანტიმიკრობულ ეფექტს.

ტიბეტის მედიცინა მის პრეპარატებს იყენებს ეპილეფსიის სამკურნალოდ. ხალხური მედიცინა კი ნიკრისის ქარის, რევმატიზმის, ბრონქიტის, კუჭ-ნაწლავის დაავადების, კუჭის აშლილობის საწინააღმდეგოდ, გასტრიტის და კუჭის წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ, ფესვების ნაყენი ამაღლებს კუჭის მჟავიანობას.

ძველ, ქართულ სამედიცინო ხელნაწერებში იორდასალამი “აბუჯაჰლ ყაუნის” სახელწოდებით გვხვდება-“ბუჯაჰლ ყაუნი”, ვითარცა და იორდასალამიო.. კაცსა რომე გული და ღვიძლი სტკიოდეს და ესე იორდასალაები ჭამოს და დაჭრას, წყალშიგა დაალბოს და მისი წვენი სვას, გულსა და ღვიძლსა ორსავე მპოველ არგებს და ფირტუსა ამთელებს.“

თანამედროვე ფარმაცევტული წარმოება ანომალური იორდასალამის ფესვებისა და ფოთლებისაგან ამზადებს 40%-იან სპირტის ნაყენს, რომელიც 30-40 წვეთის ოდენობით გამოიყენება ნევრასთენიის, უძილობის, ცერებრალური ანგიოპათიის, სისხლძარღვთა ვეგეტატიური დაზიანების, სხვადასხვა დაავადებების დროს.

იორდასალამის ნაყენი კარგ შედეგებს იძლევა ქალის სასქესო სისტემის დაავადებების მკურნალობის დროს. პიონის ნაყენით დიდი ხნის კურსს იტარებენ ორგანიზმიდან ჭარბი მარილის გამოსადევნად. ასევე ნაყენი ეხმარება ორგანიზმს პოდაგრის და სახსრების დაავადებების მკურნალობაში, რომლებიც გამოწვეულია ნივთიერებათა ცვლის დარღვევით. იორდასალამის ნაყენი გამოიყენება როგორც ანტისეპტიკური, ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ასევე, ის ეფექტურია კანის ეროზიების, ნახეთქების, ჩირქოვანი ჭრილობების დროს.

მკურნალობის ხანგძლივობა 25-30 დღით განისაზღვრება. შეტანილია დიდი ბრიტანეთის ფარმაკოპეასა და აზიის ქვეყნების ხალხური მედიცინის საშუალებათა ნომენკლატურაში.

თუმცა აქვს საყურადღებო უკუჩვენებაც:.

  • არცერთ შემთხვევაში არ გადააჭარბოთ დოზას. გადაჭარბების ნიშნები: ძლიერი ძილიანობა, რეაქციების შენელება. თავბრუხვევა ან ღებინება.
  • არ გამოიყენოთ  დაქვეითებული სისხლის შედედების  დროს.
  • დაბალი წნევის დროს
  • თუ მიღების შემდეგ აღინიშნა რაიმე ალერგიული, ან უარყოითი რეაქცია შეწყვიტეთ მისი მიღება.

რაც შეეხება მის დეკორატიულობას, იორდასალამის კულტივარი ყვავილის ფორმისა და აღნაგობის მიხედვით იყოფიან 5 ძირითად ჯგუფად: მარტივი,  იაპონური, ფრინტასებრნი, ნახევრად ბუთხუზა და ბუთხუზა.

ბუთხუზა ჯგუფი თავის მხრივ იყოფა: გვირგვინისებრ, ნახევრადვარდისებრ, ვარდისებრ და ნახევრადსფეროსებრ ჯგუფებად. ისინი მრავლდებიან  თესლით და ვეგეტატიურად.

თესლით გამრავლებას მეტწილად სელექციური მიზნებისათვის იყენებენ,  ძირითადი ხერხია  ვეგეტატიური გამრავლება:  ფესურის დაყოფით, გადაწვენით, ღეროსა და ფესურის დაკალმებით და მყნობით.

ვეგეტატიურ გამრავლებაში უპირატესობა ენიჭება ფესურის დაყოფას. ამასთან მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ მცენარის ყვავილობა დამოკიდებულია ბუჩქის დარგვისა და დაყოფის ვადებზე. ნორმალურად  დაყოფილი და დარგული ბუჩქი, თუ ამასთან ერთდროულად, სხვა აგროწესებიც იქნება დაცული, ყვავილობს როგორც წესი, მეორე წლის გაზაფხულზე და თანაც უხვად

ვეგეტაციის დამთავრების შემდეგ,  მცენარე იჭრება მიწის ზედაპირიდან 10-15 სმ-ის სიმაღლეზე /გამხმარი ფოთლები/. მისი გამრავლებისათვის ოპტიმალური ვადაა  შემოდგომა /ოქტომბერი/ გამრავლებისათვის სასურველია 4-5 სმ-ის დიამეტრის და 12-15 სმ-ის სიგრძის ფესურა 4-6 კვირტით.

მის დასარგავად 2 თვით ადრე მზადდება 50-60 სმ სიღრმის და 70-70 სმ სიგანის ორმო, რომელიც ივსება მომზადებული ნარევით: 2 წილი ნიადაგი, 1 წილი გადამწვარი ნაკელი, 1 წილი ქვიშა,  სასურველია, თუ დაემატება 500 გრ. ძვლის ფქვილი. დარგვის წინ ფესურა  ნახევარი საათით თავსდება 50%-იან მანგანუმის ხსნარში. ირგვება 5-6 სმ-ის სიღრმეზე, ეყრება მიწა და კარგად ირწყვება. კარგია მულჩირება ტორფით, ხავსით, ან კომპოსტის თხელი ფენით.

ასევე მცენარის კვების პირობების გასაუმჯობესებლად, მაღალი და ხარისხიანი პროდუქციის მისაღებად აუცილებელია, ნიადაგში, ორგანული და მინერალური სასუქების შეტანა  (აზოტიანი, კალიუმიანი და  ფოსფორიანი სასუქები. გადამწვარი ნაკელი).

განსაკუთრებით საინტერესოა მოჭრილი ყვავილების სიცოცხლის ხანგძლივობა მაცივარში. აჭრილ კოკრებს უნდა შევაცალოთ ქვედა ფოთლები და მოვათავსოთ რამდენიმე საათი წყალში ფოთლის დონემდე, შემდეგ ამოვიღოთ, გავაშროთ, შევახვიოთ 2 ფენა გაზეთის  ქაღალდში და მოვათავსოთ მაცივარში, დადგინდა რომ ერთი თვის შემდეგ /20 ივნისი-20 ივლისი/ კოკრებზე რაიმე ცვლილებები არ აღინიშნებოდა, ხოლო ფოთლებმა დაიწყეს ჭკნობა. ხელახლა წყალში მოთავსებიდან მეორე დღეს კოკრები გაიშალა, ფოთლებმა მიიღეს საწყისი ფორმა და ყვავილობა გაგრძელდა.

კოლხეთის პირობებისათვის ცნობილია იორდასალამის შემდეგი პერსპექტიული კულტივარები: Agnes Mery Kelvey,  Akron, Anna Zehler, Anna Sass, Banker Hiil, Buackeye   Belle,, Cordtnele Robe, Chelice Pink, Gloutle, Cornelia  Shaylor, Dandy Den,  Djudi Chyk, Forly Scaut, Edmond Aby, Illen Covley, Florence ille,, Gordist Sada, Herold, Helen Nathawe,, Heritago, Hillnt  Varrlion, Katherina  kavemetha,  Kassana, Kerry Ked, Luoky villiana,  ludovica, Modelon, Murtle gentry, Miss America, და სხვა.. რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი მაღალი დეკორატიულობით, ძირითადად ლამაზი დიდრონი ყვავილებით, რომელთა სურნელება უფრო მიმზიდველს ხდის მათ, ეს კულტივარები  გამოიყენებიან ნებისმიერი  ტიპის გამწვანებაში, მათში სხვადასხვა ვადებში მოყვავილე მცენარეების  შეთანწყობით

ყვავილთა უჩვეულო ფერთა გამა და მცენარის დეკორატიულობა ყვავილების გარეშე, საშუალებას იძლევა, რომ იორდასალამმა საპატიო ადგილი დაიკავოს გამწვანებაში, როგორც ერთეულებად,  ასევე  ჯგუფური  ნარგავების სახით  ბაღებისა და პარკების გასაფორმებლად  / ბორდიური, რაბატი,  კლუმბი/ განსაკუთრებით ეფექტურია გართხმული ღვიის, ბზის ჩიტავაშლასა და კლდის კომპოზიციის ფონზე.

რაც შეეხება ყვავილების თაიგულებში გამოყენებას, ამ მხრივ იორდასალამი ძალზედ მომგებიანი კულტურაა. აჭრილი ყვავილები ლარნაკში არ კარგავენ დეკორატიულობას  თითქმის ორი კვირის განმავლობაში, გარდა ამისა, მაცივარში შენახული ყვავილები კიდევ უფრო დიდხანს ინარჩუნებენ თავიანთ თვისებებს.

იორდასალამის აჭრილი ყვავილები ჩემი პირადი კოლექციიდან


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!