კონსტანტინე კაკავა,-მოქალაქე, საჯარო მოხელე…


რატომ კონსტანტინე კაკავა, –სახელმწიფოებრივი ხედვა თუ პროფესიონალიზმი…

რამდენიმე წელია, საჯარო სამსახურში ვარ. 2014 წელს, მუშაობა დავიწყე ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს აპარატში. 2017 წლის მეექვსე მოწვევის საკრებულოს წევრი ვიყავი. ეს იყო უდიდესი პატივი, ვყოფილვიყავი ჩვენი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი.

დავამთავრე  ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, მერის მოადგილის თანამდებობაზე, ეს არის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ მინდა მას მადლობა გადავუხადო ნდობისთვის, შექმნილი შესაძლებლობებისთვის. გიორგი შენგელიას ხედვაა, ადგილობრივი თვითმმართველობის სათავეში იყვნენ ახალგაზრდები.

გულწრფელად გეუბნებით, ჩვენი სამუშაო დღე, დილით იწყება  და გვიანობამდე გრძელდება. დატვირთული გვაქვს თითოეული დღე-მოქალაქეების მიღება, სოციალურად დაუცველი ადამიანების მონახულება, მათი საჭიროებების გაცნობა, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის მუდმივი კონტროლი. 48 ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. სოციალურად დაუცველი ადამიანები ელოდებიან ჩვენგან მხარდაჭერას, თანადგომას. ჩვენ მაქსიმალურად ახლოს უნდა ვიყოთ მოქალაქეებთან. ადამიანები ყოველდღიურად უნდა გრძნობდნენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება, მის გვერდით დგას. ვფიქრობ, სწორედ ამ ხედვებიდან და მოსაზრებებიდან გამომდინარე, ბატონმა გიორგიმ შეკრა არსებული გუნდი. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ძალიან ბევრ პოზიტიურ შედეგს. თვისობრივად განვაახლებთ ზუგდიდს სხვადასხვა  მიმართულებებით, რა თქმა უნდა, თითოეული ზუგდიდელის, განსაკუთრებით ახალგაზრდების, პედაგოგების, ექიმების და სხვა პროფესიების ადამიანების ჩართულობით. ასევე, აუცილებელია ჩვენი მხცოვანი ხალხის ჩართულობა, მათთან კონსულტაცია და მათი გამოცდილების გაზიარება. საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენელთან გვექნება ძალიან ინტენსიური ურთიერთობა.

არსებული პოზიცია ჩემთვის დიდი პატივი გახლავთ. ზუგდიდი არის ერთ-ერთი გამორჩეული მუნიციპალიტეტი. პრემიერ მინისტრი, ბატონი გიორგი გახარია, თავის გამოსვლებში, შეხვედრებში, ინტერვიუებში, ხშირად ამბობს, რომ ზუგდიდმა უნდა დაიკავოს მნიშვენელოვანი ადგილი ჩვენს ქვეყნაში როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებით. შესაბამისად, ცენტრალურ ხელისუფლებაშიც ზუგდიდს დიდი ყურადღება ეთმობა.

პროექტები, რომლითაც დაამახსოვრდებით ზუგდიდელებს…

ზუგდიდში, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება მიმდინარეობს. პირველ რიგში, მინდა, საგზაო ინფასტრუქტურით დავიწყო. მნიშვენლოვანი გამოწვევაა საგზაო ინფრასტრუქტურა. უკვე დაწყებულია, რამდენიმე მასშტაბური საგზაო სამშენებლო სამუშაო. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს კომბინატის მიმართულებით, თამარ მეფის ქუჩაზე. დაწყებულია კონსტანტინე გამსახურდიას, თაბუკაშვილის, ლაზის ქუჩების რეაბილიტაცია. ეტაპობრივად შეკეთდება სხვა ცენტრალური ქუჩებიც. ავტოსადგურის ტერიტორიაზე მთელი უბანი მოასვალტებულია. ხაზგასმით, შემიძლია გითხრათ, ზუგდიდის საგზაო ინფრასტრუქტურა 2021 წელს, თვისობრივად განახლდება და მოწესრიგდება. ამ მიმართულებით გვექნება ერთ-ერთი საუკეთესო მდგომარეობა. მნიშვნელოვანი პროექტია ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი, რომლის მშენებლობაც  მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში, გაიხსნება ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი. მერის ინიციატივით, განხორციელდება ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა. ასევე, მნიშვნელოვანია საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა. არქიტექტორულად და ფუნქციურად ქალაქს შეემატება რამდენიმე ახალი, თანამედროვე შენობა. ეს გახლავთ, ის ინფასტრუქტრურული პროექტები, რითაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზუგდიდი გახდება უფრო მომხიბვლელი და საინტერესო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კეთდება ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ჩვენი მუნიციპალიტეტის სტუმრებისათვის და ტურისტებისათვის.

რეორგანიზაცია, შრომითი ხელშეკრულება და ურთიერთობები…

მერიაში განხორციელდა რეორგანიზაცია. 37 ერთეულით შემცირდა მერიის საშტატო ნუსხა. მოხდა სამსახურების გაერთიანება. ადრე, არსებული ცხრა სამსახურის ნაცვლად, ახლა მერია ფუნქციონირებს რვა სამსახურით. ნებისმიერი საჯარო დაწესებულებისთვის, მზაობა ცვლილებებისთვის, რეფორმებისთვის უნდა არსებობდეს, მითუმეტეს, როცა ახალი ხედვებია, მისწრაფებებია, ახალი მოლოდინებია მოქალაქეთა მხრიდან. ეს არის განახლების პროცესი, რომელიც ახასიათებს ყველა ორგანიზაციას. რამდენიმე ააიპი–შიც განხორციელდა რეორგანიზაცია, ნაწილში კი, მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს მუდმივი პროცესია, ჩვენ როცა გვექნება ახალი გამოწვევები, მზად ვიქნებით ნებისმიერ დროს განვახორციელოთ ცვლილებები. ეს ცვლილებები მიმართული უნდა იყოს ეფექტური საქმიანობისთვის. მოგეხსენებათ, რომ ააიპი–ები პროფილურია. ყველა სტრუქტურას ეფექტურად უნდა ჰქონდეს კომუნიკაცია მოქალაქეებთან.  საჭიროებები და გამოწვევები, რაც არის ჩვენს მუნიციპალიტეტში მაქსიმალურად უნდა დაიძლიოს.

ბიუჯეტი და სოციალურად დაუცველი ადამიანები.

წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა, შეიძლება ითქვას, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. საწყისი ბიუჯეტი იყო 34 მილიონ ნახევარი, რომელიც გაორმაგდა. მილიონ ნახევარი დაიხარჯა სკოლების კეთილმოწყობაზე. 20-მდე საბავშვო ბაღში მოეწყო კვების ბლოკი, მოწესრიგდა სველი წერტილები. მიმდინარეობს რამდენიმე ბაღის მშენებლობა. პროექტირების ეტაპზეა კიდევ რამდენიმე ბაღი. რაც შეეხება სოციალურად დაუცველ ადამიანებს, თქვენ იცით, რომ ზუგდიდი, რაოდენობრივად, ბევრი  სოციალური პროგრამის მქონე მუნიციპალიტეტია. ჩვენთან 45–მდე სოციალური პროგრამა და ქვეპროგრამაა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება. უმნიშვნელოვანესია განსახლების პროგრამა მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის, საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. წელს, 26 ოჯახი მიიღებს ახალ სახლს. 90-ზე მეტი ოჯახისთვის უკვე აშენებულია ახალი სახლები, საუბარია 450 ბენეფიციარზე, რომელთა შორის 43%-ზე მეტი არიან ბავშვები. ეს არის ძალიან მდგრადი პროექტი და ორიენტირებული მომავალზე. სოციალურად დაუცველ ბავშვებს  უნდა ჰქონდეთ მაქსიმალურად მოწესრიგებული საყოფაცხოვრებო გარემო, რაც პირდაპირ აისახება მათ ფიზიოლოგიურ განვითარებაზე. ჩვენ, ამასთანავე გააზრებული გვაქვს და კარგად ვაცნობიერებთ, რომ მხოლოდ სახლების, ოთახების და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება არ არის საკმარისი. აუცილებელია საარსებო წყაროების გაჩენა. ამ მიმართულებით გვაქვს ძალიან საინტერესო პროგარამა. სოფლის მეურნეობის განვითრების მიმართულებით, ასოციაცია “სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის” და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება.

რაც შეეხება ახალგაზრდულ პროექტებს…

საკრებულომ დაამტკიცა ახალგაზრდული განვითარების პოლიტიკის დოკუმენტი. ამ მხრივაც, შეიძლება ითქვას,  ზუგდიდი მოწინავე რიგებშია საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტთან ერთად. არსებობს კონკრეტული ხედვა და ეს არის მგზამკვლევი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. უფლებამოსილების ფარგლებში, მუნიციპალიტეტი, ვალდებულია, აიღოს სოციალური პასუხისმგებლობა, რომ ახალგაზრდები იყვნენ მეტად ჩართული საზოგადოების ცხოვრებაში. მათთვის საინტერესო ლოკაციები მოეწყოს. საინტერესო გახდეს ჩვენს მუნიციპალიტეტში ცხოვრება. როცა ახალგაზრდებზეა საუბარი, გვერდს ვერ ავუვლი, გართობის კომპონენტს. ახალგაზრდები ითხოვდნენ სპორტულ გამაჯანსაღებელი ობიექტების არსებობას და არსებულის განალხებას. ასევე ითხოვდნენ სხვადასხვა ინტელექტუალური, შემეცნებითი, გასართობი ღონისძიებების დაგეგმვას… აქ პოზიტიური  გავლენის მოხდენა შეუძლია სამოქალაქო სექტორს. იმ გამოწვევების დაძლევა, რომელიც არსებობს ჩვენს მუნიციპალიტეტში, როცა შევეხიდებით ერთმანეთს საჯარო, სამოქალაქო, ბიზნესსექტორი და სხვა დაინტერესებული პირები, მერწმუნეთ, უფრო მარტივად მოხერხდება. ერთობლივი ძალებით უფრო ეფექტურად მოგვარდება არსებული პრობლემები, ვიდრე  ერთი მხარე მოახერხებს. ჩვენ მცირე ლოკალური ღონისძიებები განვახორციელეთ. ყოველ პარასკევს, მუსიკალური საღამოები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ახალი პროექტის, “ზუგდიდი-შენი განწყობის ქალაქი” ფარგლებში იმართებოდა. საკონცერტო ნაწილში მონაწილეობდნენ ჩვენი, ზუგდიდელი ახალგაზრდები. მათთვისაც იყო დამატებითი სტიმული, მიეცათ შესაძლებლობა თავიანთი ნიჭი გაეზიარებინათ თანაქალაქელებისათვის. კვლევაში ერთ-ერთი კომპონენტი ეხებოდა, მობილური კონოთეატრის  შეძენას. ახალგაზრდების ჯგუფს ჰქონდა ეს ინიციატივა…

როცა ახალგაზრდებზეა საუბარი, არ შეიძლება არ ვახსენოთ, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი. ვფიქრობთ, რომ უფრო ინტენსიური ურთიერთობა გვქონდეს უნივერსიტეტთან და სტუდენტებთან. ბევრი ქალაქი ვერ დაიკვეხნის, ჩვენ გვაქვს საკმაოდ ძლიერი უნივერსიტეტი, ძლიერი ბაზით. ჩვენი სურვილია, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები უფრო აქტიურად ჩაერთვნენ თვიმმართველობის საქმიანობაში, ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში.

სოციალური ქსელები და საჯარო მოხელეები…

მსოფლიო ტენდენციაა, სოციალურ ქსელებს, საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის ნებისმიერი ორგანიზაცია, საჯარო, ასევე კერძო დაწესებულები აქტიურად იყენებენ. ჩვენთვის  მნიშვნელოვანია მოქალაქეებს ჰქონდეთ ინფორმაცია სხვადასხვა გზებით. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, სოციალურ ქსელს, რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მუნიციპალიტეტში მოქმედებს მობილური აპლიკაცია IGovZugdidi, სხვადასხვა ტექნოლოგიების ჩართვა ჩვენს საქმიანობაში ანგარიშვალდებულების კომპონენტში არის უმნიშვნელოვანესი. მოქალაქეები ჩვენ ხშირად გვწერენ როგორც პირად გვერდზე, ასევე მერიის ოფიციალურ გვერდზე. სოციალურ ქსელებს აქტიურად ვიყენებთ, ერთ მხრივ, მოქალქეებს მივაწოდოთ ინფორმაცია, მეორე მხრივ, მოქალქეებისგან მივიღოთ ინფორმაცია მათი საჭიროებების შესახებ.

ვისი მაგალითი გამოადგება ზუგდიდს…

ჩემთვის ზუგდიდი ადამიანური ურთიერთობებით, ისტორიით, ხასიათით, პეწით, უნიკალური ქალაქია. ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი სამუშაო ვიზიტით და ტურისტადაც. ჩვენი დიდი სურვილია, ზუგდიდი იქცეს  ევროპულ ქალაქად-მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, სამაგალითო ადამიანური ურთიერთობებით, კულტურით და იმ ღირებულებებით, რაც ჩვენ გაგვაჩნია. ჩვენ გვაქვს ამის ამბიცია. დარწმუნებული ვარ, შრომით და ერთობლივი მონდომების შედეგად, ჩვენ ამას, ეტაპობრივად, მივაღწევთ. ზუგდიდი და ზუგდიდელები ამას ნამდვილად იმსახურებენ.

“გავრილოვის ღამე”…

პარლამენტში განვითარებული მოვლენები ქართველმა საზოგადოებამ, ერთხმად დაგმო, მათ შორის,  ხელისუფლების წარმომადგენლებმაც. ახალგაზრდების, საზოგადოების გულწრფელი პროტესტის ვიწრო ინტერესებით გამოყენება დაუშვებელია,  დაუშვებელია სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმის მიტანა. შედეგად მოხდა ძალიან მძიმე ფაქტები. მიმდინარეობს თითოეულ ფაქტზე გამოძიება და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. კიდევ ერთხელ განვმეორდები, მიუღებელია შტურმი და იერიში სახელმწიფო ინსტიტუტებზე. მსგავს პროცესებში, აუცილებლია დავიცვათ ბალანსი და მოვაქციოთ ყველაფერი კონსტიტუციურ ჩარჩოებში.

საქართველოს მომავალი…

საქართველოს მომავალს ვუკავშირებ ევროპულ სივრცეს. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ინტენსიურად გვიდგანან მხარში სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, თუნდაც რამდენიმე დღის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების ორივე პალატამ მიიღო საქართველოს მხარდაჭერის რეზოლუცია. სიმბოლური და იმავდროულად, ძალიან პრაქტიკულია უვიზო მიმოსვლა ევროპულ ქვეყნებთან. ჩვენს ახალგაზრდებს შეუძლიათ განათლების მიღება ევროპულ უნივერსიტეტებში, იმოგზაურონ ევროპულ ქვეყნებში, ყოველგვარი სასაზღვრო ბარიერების გარეშე. გაეცნონ იმ კულტურას, რომელიც ევროპაში იქმნებოდა საუკუნეების განმავლობაში. აქედან გამომდინარე, საქართველოს მომავალს, როგორც ძლიერ და თავისუფალ სახელმწიფოს, ვუკავშირებ  დასავლეთს, ევროპულ სივრცეს.

კონსტანტინე კაკავა, ნეკნის შესახებ, რომელიც აკლია…

საინტერესო შეკითხვაა (ეღიმება). ამ მხრივ, დაველოდოთ… არ გავასწროთ მოვლენებს… მამაკაცის ცხოვრებაში აუცილებელია თანამგზავრი, ქალბატონის სახით. ოჯახი ყველაფრის საწყისია. ნეკნი, რომელიც მამაკაცს აკლია, აუცილებლად უნდა შეივსოს. ქალბატონებს შეუძლიათ ამის შევსება მამაკაცისთვის ისე, როგორც მამაკაცს შეუძლია მთელი ცხოვრების განმავლობაში ღირსეული მეგზურობა გაუწიოს ქალბატონს, ეს არის უმნიშვნელოვანესი ნებისმიერი მამაკაცის ცხოვრებაში. სიყვარული უმნიშვნელოვანესია. ბედნიერია ის ადამიანი, ვისაც განუცდია, ან განიცდის ამ ყველაფერს.

ადგილი, ზუგდიდში, რომელიც მოგწონთ?

ზუგდიდი გამორჩეულად კომფორტული ქალაქია. არ ვიქნები ბანალური და გეტყვით, რომ ჩემი საყვარელი ადგილი არის ბოტანიკური ბაღი. განახლების შემდეგ იქნება მიზიდულობის ცენტრი. ძალიან მიყვარს დადიანების სასახლის ეზო, ეს ხომ ზუგდიდელების სავიზიტო ბარათია.

ფრაზა, რომელიც გთრგუნავთ…

თავს არ უნდა მივცეთ დათგრუნვის უფლება, პირიქით, ყოველთვის უნდა შევინარჩუნოთ კარგი განწყობა.

ფრაზა, რომელიც ძალას გმმატებთ…

არის ფრაზები, რომელიც მომწონს, ამ წუთას მახსენდება მანდელას გამნათქვამი: განათლება არის უძლიერესი იარაღი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ მსოფლიოს შესაცვლელად. მიყვარს საინტერესო ადამიანების, პოლიტიკოსების ფრაზების, გამონათქვამების ჩანიშვნა.

ცოტნე დადიანის დარბაზი…

ეროვნულ-საზოგადოებრივი ორგანიზაცია, დაფუძნდა 2011 წელს  ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა–კურთხევით. თავის დროზე, დარბაზი ძალიან აქტიური იყო. საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდულ მოძრაობა “დავითიანთან” ვთანამშრომლობდით, ურთიერთობები გვქონდა ჩვენს სათვისტომოებთან. ადგილობრივ დონეზე ჩვენს ქალაქში აქტიურად ვსაქმიანობდით. ეს ჩემს ბიოგრაფიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერიოდია. მაშინ შევიძინე ძალიან ბევრი მეგობარი. მე ვამაყობ, რომ ვიყავი მათ რიგებში. დარბაზში, მაშინ 60- მდე ადამიანი იყო გაწევრიანებული, მაგრამ ახალგაზრდების ჩართულობა იყო დიდი. დღეს, ის ახალგაზრდები საკმაოდ წარმატებულები არიან თავიანთ სფეროებში. “ცოტნე დადიანის დარბაზმა” უდიდესი გამოცდილება შემმატა.

30 წლის შემდეგ, რა სერვისებს მოითხოვს კონსტანტინე კაკავა სახელმწიფოსგან..

მაშინ, იმ ასაკში ვიქნები, როცა დამჭირდება ის სერვისები, რომელიც მიეწოდება ხანდაზმულ ადამიანებს. უპირველეს ყოვლისა, დაცული უნდა იყოს ხანდაზმულების უფლებები, აუცილებელია იყოს ღირსეული პენსია, რომლითაც ხანდაზმული მოქალაქე შესძლებს საყოფაცხოვრებო პირობების უზრუნველყოფას. ასევე, მნიშვნელოვანია სხვა სოციალური სერვისები. ღირსეული სიბერე უნდა ჰქონდეს თითოეულ მოქალაქეს და ამ მიმართულებით, უნდა ვზრუნავდეთ ჩვენ. ეს არის პოზიტიური ვალდებულებები, რაც გააჩნია სახელმწიფოს.

ოჩამჩირე…

ორი წლის ვიყავი, როცა ომი დაიწყო. აფხაზეთი არის საქართველოს ორგანული ნაწილი, ჩვენი სამშობლოს ისტორია და მომავალი. საოკუპაციო ჯარის არსებობა მიუღებელია და ეს არის ის საკითხი, სადაც თითოეული ქართველისთვის გადის ეროვნული ინტერესი. საქართველო უნდა იყოს ერთიანი. საერთაშორისო თანამეგობრობისა და პარტნიორების მხარდაჭერით, უნდა მოხდეს დეოკუპაცია ჩვენი ოკუპირებული რეგიონების… ზუგდიდი უდიდესი შესაძლებლობების გამღებია თითოეული აქ მცხოვრები ადამიანისთვის. მამა, აწ განსვენებული გოგი კაკავა, ინჟინერი იყო. დედა დარეჯან მესხი პედაგოგია, ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით. ამჟამად ემიგრაციაშია. უფროსი ძმა დავითი ცხოვრობს თბილისში, სამოქალაქო სექტორშია. უმცროსი ძმა ვანო, ამჟამად, უმუშევარია. ადრე კერძო სექტორში მუშაობდა.

თქვენი თავისუფალი დრო..

თავისუფალი დრო თითქმის არ მრჩება. გამონაკლის შემთხვევვებში, ჩემს კოლეგასთან, საკრებულოს წევრთან, ოთარ ქადარიასთან ერთად, დავდივართ საცხენოსნო კლუბ “ხარებაში”.

რა არის წარმატება კონსტანტინე კაკავასთვის…

ჩემი მცირე ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე, დავრწმუნდი, შრომა და მონდომება უკვალოდ არასდროს  ჩაივლის. შრომით ადამიანი წარმატებას მიაღწევს.

სამომავლო გეგმები…

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჩვენ კონკრეტულად უნდა განვახორციელოთ ის პროექტები, რომელსაც მოქალაქეებს შევპირდით. ეს არის გზების, ბაღებისა და სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია. რეკრეაციული ზონებისა და მწვანე ზოლების შექმნა. ქალაქი ძალიან მალე უზრუნველყოფილი იქნება 24 საათიანი წყალმომარაგებით. მოწყობილი იქნება საკანალიზაციო ქსელი. შენდება გამწმენდი ნაგებობა, საერთო ჯამში, ეს კომპლექსი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. ბევრ თანამედროვე ქალაქში არ არის ეს ყველაფერი მოწესრიგებული.
“ზუგდიდიელების” საშუალებით, ზუგდიდელებს მინდა მოვუწოდო, უფრო მეტად ჩავერთოთ თვითმმართველობის განხორციელების პროცესთი. როცა მოქალაქე ნახავს მისი ხედვები არის ასახული ქალაქის ხელმძღვანელობის საქმიანობაში, მას მეტი მოტივაცია ექნება ჩაერთოს ამ პროცესებში. ჩვენ ვართ ამ ურთიერთობებისთვის ღია და ამისთვის ვიყენებთ ყველა პლატფორმას.
საუბარი ჩაიწერა ეკა ფარულავამ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!