იყიდეთ ჩიჩილაკები, იყიდეთ…


  • გოჩა შუკვანი 25 წლისაა. 1969 წლიდან ჩამოსულა მისი ოჯახი სვანეთიდან და ჩხორიაში დასახლებულა. 5–6 წელია ჩიჩილაკებს თლის. ლამაზი ნახელავი აქვს. სეზონისთვის 150 ცალამდე ჩიჩილაკს ამზადებს ველური თხილის ხისგან. მერე რთავს წითელი “წითელი კურკანტელებით” და თავადვე ყიდის. ჩიჩილაკის გამოთლა მამისგან, თემურ შუკვანისგან ისწავლა.

წელს მინიატურული ჩიჩილაკებიც გამოთალა გოჩამ,–ულამაზესები, ერთლარიანები. ნაძვის ხეების მოსართავად რომ გამოდგება და პირველი ეგზემპლარი  შეყვარებულს აჩუქა. ძირითადად, ზუგდიდის ბაზარში ყიდის ნახელავს, თბილისში, ერთხელ გავიტანე საქონელი, მაგრამ არ დავრჩი კმაყოფილი, უფრო დასავლეთში იციან ჩიჩილაკებიო და გვიყვება ჩიჩილაკის  ისტორიებს, ტრადიციას. 
ჩიჩილაკის გაყიდვა უკვე დაიწყო ზუგდიდში. ჩხოუშიის ხიდი და მისი მიმდებარე ტერიტორია გადათეთრებულ–გადახუჭუჭებულია. არამარტო ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან, წალენჯიხისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებიდან, ქუთაისიდან არიან ჩამოსულები და ჩამოტანილი აქვთ კაცებს თავიანთი გამოთლილი, ქალებს კი, ქმარ–შვილის ნახელავი ჩიჩილაკები. ფასი ერთი ლარიდან 100 ლარამდეა, ზომის, დიზაინის მიხედვით.

ყველაზე დიდი ჩიჩილაკი მარტვილელმა, 25 წლის ხვიჩა ჩაგუნავამ ჩამოუტანა ზუგდიდელებს და 100 ლარს აფასებს. დარწმუნებულია, ახალ წლამდე გაეყიდება. შარშანაც ბევრი გავყიდეო ამბობს.

დრომ და საზოგადოების ინტერესმა, ჩიჩილაკის დიზაინში ცვლილება შეიტანა. ზოგიერთ ჩიჩილაკს, ტრადიციულად, ჯვარი აქვს თავზე გამოსახული, ზოგიერთისთვის, პირდაპირ პატარა ხონჩა დაუდგამთ თავზე–ვაშლისთვის, მანდარინისთვის, კამფეტებისთვის, ჩურჩხელებისთვის და ჩირებისთვის. ერთი ჩიჩილაკი ჭაღის სტილში გამოუთლია კახათელ ჩუხუას, მოეწონათ, გაიყიდა და შეკვეთაც გვაქვსო.
–ჩიჩილაკის გამოთლა უბრალო საქმე ხომ არ გგონიათ თქვენო, რატომღაც სამდურავგარეულად გვითხრა მარტვილელმა ხვიჩამ,–ეს შემოქმედებაა, ხელოვნება…
მოქალაქეები ხშირად ჩერდებიან ჩიჩილაკებთან, ზოგიერთი ეფერება, ზოგი სელფსაც იღებს. ჩიჩილაკის გამყიდველებიც შანსს არ უშვებენ ხელიდან და ენაწყლიანობენ:

– მოგეწონათ?–ეკითხებიან. თუ დადებითი პასუხი მიიღეს, პასუხის პასუხიც მზად აქვთ,

–იყიდე, თუ მოგეწონა, ფული არ დაინანო, ხვავს და ბარაქას მოგიტანს. მეც გამოვრჩები რამეს და მადლიერი დაგრჩები.

მაგრამ, დღეს, ორშაბათს, ჩიჩილაკებს ნაკლები მყიდველი ჰყავს. ახალ წლამდე ერთ კვირაზე მეტი დარჩა. მიწურულს უფრო გაიყიდებაო, ფიქრობენ ჩიჩილაკის გამყიდველები. მაგრამ, ვინ იცის, იქნებ ადრეც შეიძინოს ვინმემ, ცოტა ფული გვექნება წინასაახალწლო სამზადისისთვისო.

იყიდეთ ჩიჩილაკები, იყიდეთ…

სერიიდან: “ახალი წელი ზუგდიდში”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!