იქმნება ,,ბიბლიოთეკის ფონდი”


დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკამ ,,ბიბლიოთეკის ფონდი” დააფუძნა და ზუგდიდელი ბიზნესმენები და მცირე მეწარმეები მოიწვია  პრეზენტაციაზე. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა არ გამოირჩეოდა ბიზნესმენთა სიმრავლით, მასში მხოლოდ რამდენიმე მცირე მეწარმე იღებდა მონაწილეობას.მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორმა მადონა მაქაცარიამ აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, აუცილებლად გაიმარჯვებს ბიბლიოთეკის კოლექტივის იდეა და პროგრამა ფონდის შექმნაზე, რადგან ჩვენს ქვეყანას, როგორც არასდროს, სწორედ დღეს სჭირდება ძლიერი ბიბლიოთეკები წიგნიერების გადასარჩენად. ,,დღეს სავალალო მდგომარეობაშია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლის 5 ბიბლიოთეკა, რომელიც კოსმეტიკურ რემონტს კი არა, სერიოზულ შეკეთებას მოითხოვს.”- განაცხადა ქალბატონმა მადონამ. ფონდის მიერ მოზიდული თანხები კი, რომლის შექმნას ცდილობს მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის კოლექტივი, სწორედ ამ ბიბლიოთეკების აღდგენას მოხმარდებოდა. ბიბლიოთეკის დირექტორი საზოგადოებას ახსენებს პატრიარქის მოწოდებასაც თითოეული მოქალაქისადმი, რომ შესწირონ ბიბლიოთეკებს თითო წიგნი მაინც. ,,ბიბლიოთეკის ფონდის” შექმნამდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკამ  ზუგდიდელებისადმი მიმართვა გაავრცელა ,,ფეისბუქის” საშუალებით. გთავაზობთ მიმართვის ტექსტს:

,, საბიბლიოთეკო საქმით დაინტერესება ქართველებში ოდითგანვე იყო ღირსებისა და დიდების საქმე.
ბიბლიოთეკა ის ადგილია, სადაც შეიძლება დაისვენო, წაიკითხო, ინფორმაცია მიიღო, ცხოვრებაში გზა გაიკვლიო, მოისმინო და მოგისმინონ.
საზოგადოების ძალისხმევა, როგორც არასდროს, სწორედ დღეს არის საჭირო. არ შეიძლება გულგრილად ვუცქიროთ იმას, თუ როგორ ხელაღებით ნადგურდება ჩვენი სულიერი საუნჯე, როგორ ქვეითდება მოსახლეობის საბიბლიოთეკო მომსახურეობის დონე (განსაკუთრებით სოფლად). ასეთ ვითარებას თავს ვერ დავაღწევთ თუ არა კეთილგანწყობილთა სურვილი მოგვისმინონ, გულთან ახლოს მიიტანონ ჩვენი, თქვენი ყველას გასაჭირი, რაკი ბიბლიოთეკა საერთოა, ღია უნივერსიტეტია. თქვენი უშუალო მონაწილეობა ბიბლიოთეკების საქმიანობის დაგეგმვასა და განხორციელებაში ყოველთვის შესანიშნავ შედეგს იძლევა. თქვენგან გაღებული თითოეული ლარი დაგვეხმარება უკეთ შევისწავლოთ მკითხველების მოთხოვნილებები, გავაუმჯობესოთ მოსახლეობის საბიბლიოთეკო მომსახურება ბეჭდური პროდუქციითა და უახლოესი ინფორმაციებით, დავაფუძნოთ ახალი ბიბლიოთეკები, ხელი შეუწყოთ ქართული ბიბლიოთეკების ძირფესვიანად აღორძინებას. 
ჩვენი ქალაქისა და რაიონის ღირსეულო ადამიანებო, უღრმესი პატივისცემით მივესალმებით თქვენს მობრძანებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, რისთვისაც წინასწარ გიხდით მადლობას.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.