- იტალიაში საბერძნეთიდან, ხორვატიიდან, მალტადან და ესპანეთიდან ჩასული მგზავრებისთვის კორონვირუსზე ტესტის ჩატარება სავალდებულო ხდება.
იტალიის ჯანდაცვის მინისტრის, რობერტო სპერანზას განცხადებით, შესაბამის განკარგულებას ხელი გუშინ მოაწერა. მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი აღნიშნულ ქვეყნებში ინფიცირების შემთხვევების ზრდაა.
„წინდახედულება უნდა გამოვიჩინოთ, რათა შევინარჩუნოთ ის შედეგები, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ერთობლივი თავდადების შედეგად მივაღწიეთ,“- აღნიშნა იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, მოქალაქეებს, რომლებიც კოლუმბიიდან, ან მისი გავლით მგზავრობენ, იტალიაში არ შეუშვებენ.
ცნობისათვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსის 481 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 10 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში, საერთო ჯამში, კოვიდ 19-ის 251 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი – 35 000-ს აჭარბებს.