ირაკლი ბერიშვილი: “ქარს მიუტევე ყველა სიურჩე…”

  • ახალგაზრდა შემოქმედი ირაკლი ბერიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენიდანაა,  აქტიურად მონაწილეობს პოეზიის საღამოებში და ყოველთვის სიამოვნებით აცნობს მსმენელებს თავის ახალ ნამუშევრებს. ამბობს, რომ 5 წელია წერს და მისი თემატიკა მრავალფეროვანია, წერს ყველაზე და ყველაფერზე. ირაკლის ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

 

*****

ნურაფერს იტყვი სანამ სიჩუმე,
როლს არ მოირგებს შენი პროფილის,
ქარს მიუტევე ყველა სიურჩე,
დღევანდელი, ან თუნდაც ყოფილი.

იყვირე, თორემ საცაა კვირტებიც
აუფეთქდებათ ხეებს მაჯებზე,
იმღერე ლექსი ზეპირად, კითხვით,
და ნუღარ დაწერ თვითმკვლელ ჭაღებზე.

ნურც ჭერს აუხსნი დღეს შენს არყოფნას,
იქნებ ხვალ ჯობდეს სიკვდილს ეჩვენო…
ვიცი, რომ ფანჯრებს ვერ ატყობ ყოყმანს,
გზები გაგიყვეს არა საშენო.

*****

ახლა თუ შეძლებ, მოუსმინე ოდნავ არეულს,
ნაბიჯებს როგორ აედევნა ქარი ფილტვიდან,
და შენი ცრემლის ბოლო წვეთში ახალ მთვარეულს
მიგრძნობ და მნახავ, უკანასკნელ კინოფირიდან.

სადაც არასდროს უთოვია ჩვენი ლექსები,
და შენი ცრემლიც არ შეუკრავთ ერთ დიდ კრებულად,
მე მაპატიე, უძილობა მკვლელი ნემსები,
რომ ვეღარ მიგრძნობ ძველებურად ვენად, ვენურად.

და ბოლო სიტყვაც თავს მოიკლავს, ბოლო მზის სხივთან
ბოლო იმედით გაჰყურებენ ქუჩას ფანჯრები,
ნაბიჯს აყოლილ ქარს უსმინე… ქარს ჩამწყდარ სიმთან,
და სადაცაა აინთება ზეცის ფარნები.

ირაკლი ბერიშვილი

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.