ინგა სამუშია: დიახ, “აქა ვდგავარ და”…

  • “ზუგდიდელების” სტუმარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიის საჯარო სკოლის მასწავლებელი ინგა სამუშია.

-ქალბატონო ინგა, ორიოდ სიტყვით თქვენს შესახებ…

-ჩემ შესახებ საუბარი ძალიან მიჭირს, მაგრამ ბავშვობიდან სასიამოვნოდ მახსენდება დიდედა დომნიკა,- ბავშვებს აივანზე რომ დაგვსხამდა და გვიყვებოდა საინტერესო ამბებს, გვიკითხავდა სხვადასხვა წიგნს. განსაკუთრებით დამამახსოვრდა და თითქოს ახლაც ჩამესმის ყურში მისი ხმა – ადგილი სიმონ გუგუნავას “თამარიანიდან”… “შალვა, ჩემო სიხარულო, სიცოცხლეზე მეტად ტკბილო!”… დიდედა შთაგონებით კითხულობდა და ტიროდა… ჩემთვის მაშინ გაუგებარი იყო, რატომ… დიდედას სენაკის სათავადაზნაურო გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული და იმ დროის კვალობაზე, დიდად ნაკითხ ქალბატონად ითვლებოდა, თუმცა არსად უმუშავია (გასაგები მიზეზების გამო). მან მასწავლა ქართული და რუსული ანბანი. მისი წყალობით, პირველ კლასში რომ მივედი, უკვე თავისუფლად ვყვებოდი ზღაპრებს მშობლიურ ენაზე. დიდედას ხშირად ვხედავდი ერთ უცნაურ ადგილას, ჩვენი ეზოს განაპირას, ღობესთან, სადაც მაგნოლია, თეთრი ვარდები, წითელი გეორგინები და ძაბრისებრი შროშანები დაერგოთ. უფროსები იმ ყვავილებს საგულდაგულოდ უვლიდნენ, დიდედა დომნიკა სიცოცხლის ბოლომდე ელოლიავებოდა ამ ადგილს. ბავშვებს ჩვეულებრივი ყვავილნარი გვეგონა და იქ გვიყვარდა თამაში, მაგრამ დიდედა არ გვიშვებდა, არ უნდოდა რამე გაგვეფუჭებინა. მხოლოდ 90-იან წლებში ალაპარაკდნენ ამ ტაბუდადებულ თემაზე ჩვენი ოჯახის წინამძღოლები. თურმე, ჩვენი დიდი ბაბუა ელიზბარ გვახარია, დომნიკა შამუგიას მეუღლე, დახვრიტეს 1924 წელს სოფელ ლიაში და თავდაპირველად აქ მიაბარესო მიწას ჩეკისტებმა, მერე ორმოცი დღე მორიგეობდნენო ჩვენს ეზოში, ბოლოს მიცვალებული წაიყვანეს და სოფლის სასაფლაოზე დაკრძალესო.
დიდედა დომნიკას უფროსი შვილი იყო ბებიაჩემი, ზინა. მას დავყვებოდით ბავშვები მახარიის “ოხვამეში” და დაახლოებით იმ ადგილას, სადაც ახლა ანდრია ფიფიას სასაფლაოა, ღვინოსა და ნაკურთხ წყალს დააპკურებდა და მოწყენილი დასძენდა: მგონი, აქ სადღაც ახლოს უნდა იყოსო დაკრძალული მამაჩემი.
მიკვირდა და ბევრი კითხვა მიჩნდებოდა…
დღეს არავის უკვირს, “წითლების საქმენი საგმირონი”… კომუნისტებმა ბებიაჩემი და მისი ორი და, მცირეწლოვანი ბავშვები დააობლეს და მამის საფლავიც დაუკარგეს. ეს იყო ჩვენი ოჯახის დიდი ტკივილი და ტაბუდადებული თემა.

-რამდენადაც ვხვდები, თქვენი პროფესიის არჩევა და სიყვარული დიდედა დომნიკას დამსახურებაა…

-ალბათ… და ღვთის ნებაც იყო, რომ ბავშვობიდანვე ძალიან დამაინტერესა საქართველოს ისტორიამ, ქართულმა კულტურამ და მწერლობამ, ჩემი პროფესიაც ამას დაუკავშირდა. ბავშვობაში მყავდა იდეალები. ეროვნულმა მოძრაობამ, ზვიადის და მერაბის წიგნებმა, მათმა გამოსვლებმა, ახალმა იდეებმა, ძველის გადაფასებამ, რადიკალურად შეცვალა ჩემი მრწამსი, დამანახა უფალი და დამანახა ადამიანები, მაპოვნინა ჩემი ცხოვრების გზა. და ეს იდეალები დაიმსხვრა! მახსოვს, როგორ განვიცდიდი ამას. მივხვდი, რომ სიყალბეში ვიზრდებოდით და თვალებაბმულებს გვატარებდნენ ვითომ ცოდნის ლაბირინთებში. ყოველივე ამის შემდეგ კარგად გავიაზრე, რომ მთავარია, მომავალმა თაობამ იცოდეს სიმართლე, იცოდეს უახლესი ისტორია, იცოდეს, რა საბედისწერო შეცდომები დავუშვით… და ეს ყველაფერი მეხმარება, რომ მე და ჩემმა მოსწავლეებმა ახლებურად გავიაზროთ ლიტერატურული სახეები, ლიტერატურული პერსონაჟები, ამოვიცნოთ ტექსტის დაფარული აზრი.
ახალგაზრდობაში ბევრი პროფესია მოვსინჯე, ბევრგან ვეძებე ჩემი საქმე და მივხვდი, რომ ჩემი ადგილი მხოლოდ სკოლაშია, ჩემი სოფლის სკოლაში, ეს სკოლა მაქვს დამთავრებული. მიჭირს მშობლიურთან განშორება. მქონია შემოთავაზებებიც სხვადასხვა პრესტიჟულ საჯარო სამსახურში, მაგრამ სკოლა ვერაფერზე გავცვალე… და არც ვნანობ. “აქა ვდგავარ და სხვანაირად არ ძალმიძს!”  მასწავლებლობა ყველაზე ღვთიურ პროფესიად მიმაჩნია. სიტყვიერების მასწავლებელს ევალება მოზარდს ასწავლოს აზროვნება, განსჯა, აზიაროს მაღალ ადამიანურ ღირებულებებს, აქციოს პიროვნებად. ეს მარტივი არ არის. და სწორედ ამ სირთულეში ვხედავ ჩემი პროფესიის არსს და ყოველდღე ვეჭიდები ამ განსაცდელს.

-როგორია ინგა მასწავლებელი მოსწავლეებთან?

-მიმაჩნია, რომ ზომაზე მეტად რბილი ვარ ბავშვებთან, ბავშვები ჩემთვის ყველაფერია. ჩვეულებრივ, ძალიან პირდაპირი და უკომპრომისო ადამიანი ვარ, ჩემი პრინციპული ხასიათიდან გამომდინარე, მქონია და მაქვს ბევრი დაბრკოლება, ბევრი პრობლემა, მაგრამ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და მიზანს აუცილებლად მიაღწევ! მაამებლობა, თვალთმაქცობა ძალიანაც რომ მინდოდეს, არ გამომდის. ვცდილობ, ვიყო სამართლიანი, თბილი და კეთილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია პედაგოგისთვის. ბავშვები ყველაზე კარგად გრძნობენ, რამდენად სამართლიანად ექცევი. ჩემთვის ყველა ბავშვი ერთია, არა აქვს მნიშვნელობა, ვისი შვილია და ა.შ. (გული მწყდება და ძალიან შეურაცხყოფილი ვარ, რაღაც საჩუქრებზე და მექრთამე მასწავლებლებზე რომ საუბრობენ, თუმცა ამას ჩემზე ვერავინ იტყვის).

-როგორი თაობა მოდის?

-სულ სხვა თაობა მოდის, ახალი შეხედულებებით, ახალი მისწრაფებებითა და გატაცებებით, უყვართ ტექნოლოგიები და ბევრი რამით მაოცებენ-ბევრ რამეს ვსწავლობ მათგან. ჩვენგან-საბჭოთა ბავშვებისგან განსხვავებით, კრიტიკულად აზროვნებენ, შეუძლიათ საკუთარი აზრის გაბედულად გამოთქმა, ვერ იტანენ უსამართლობას და გამოხატავენ პროტესტს. არ დავკონკრეტდები, მაგრამ ცუდია, როცა ბავშვებს ვინმე საკუთარი მიზნებისათვის იყენებს… სამწუხაროდ, ამის მაგალითებიც იყო ჩვენს განათლების სისტემაში… შერჩეული სამართალი, კლანები, მოჯადოებულ წრეზე ტრიალი-ქართული სკოლის კომუნისტური მემკვიდრეობაა და ეს ვერ მოვიშორეთ… რაც სავალალოდ აისახება ხოლმე მოსწავლეების ფსიქიკაშიც. მივესალმები და ამიტომაც არის საჭირო სწორედ ახალი ძალა, ახლებურად მოაზროვნე ახალი თაობა!- თუმცა, ღირსეული, ღვაწლმოსილი ადამიანები ჯეროვნად უნდა დაფასდეს!

-თქვენი შეხედულება როგორია განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე…

-განათლების მიმდინარე რეფორმაზე აზრთა სხვადასხვაობაა. ბევრს მოსწონს, ზოგმა საერთოდ ვერ აუღო ალღო და ძველებურ სისტემას მისტირის. არ მესმის, რა არის ცუდი იმაში, რომ მოსწავლე აქტიურად უნდა იყოს ჩართული მთელი გაკვეთილის მანძილზე სასწავლო პროცესში და მასწავლებელმა ეს პროცესი უნდა მართოს მიზანმიმართულად, წინასწარმომზადებული აქტივობებითა და რესურსებით?! სირთულე იმაშია, რომ ასეთ გაკვეთილს სჭირდება დიდი ძალისხმევა, პროფესიონალიზმი და გარემო. ხშირად გინდა გააკეთო, მაგრამ ვერ ახორციელებ. მაგალითად, არ გაქვს სახლში გამართული ინტერნეტი, პრინტერი, ქაღალდები… გჭირდება ონლაინ-კონსულტაციები გამოცდილი ადამიანებისგან, გჭირდება დისტანციური თანამშრომლობა სხვა სკოლასთან, საკლასო ოთახში, გჭირდება ინფორმაციის მოძიება, გჭირდება გამართული “კომპები” თითოეული მოსწავლისთვის და შენი “კომპით” ამუშავებ, გჭირდება ინტერნეტი ჯგუფური მუშაობისთვის (ამისთვის საკუთარი ტელეფონიდან აზიარებ მოსწავლეების “კომპებში” ინტერნეტს) და ა.შ. ბევრჯერ ხდება, რომ გჭირდება მშობლის ჩართვა შენი მოსწავლის სასწავლო პროცესში და ვერ ახერხებ, მშობელს სკოლაში მოსასვლელადაც კი არ სცალია, ლუკმა-პურისთვის უწევს დილიდან საღამომდე სახლიდან გასვლა, ან არა აქვს საკმაო კომპეტენცია, რომ დაეხმაროს შვილს… დიახ, ბევრ მოზარდს სჭირდება დამატებითი დახმარება, რადგან დღევანდელი სკოლა ვერ უვითარებს დამოუკიდებელი სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს. ძალიან ბევრი ნიჭიერი ბავშვი მინახავს სწავლაზე გულაცრუებული, ბევრი მიფიქრია მათზე… მაგრამ ამაოდ! უამრავი მიზეზია, რამაც შეიძლება ბავშვი ასეთ მდგომარეობაში ჩააყენოს!…მეოცნებება, ისეთი სკოლის მოდელი, მოსწავლე დღის მეორე ნახევარსაც სკოლაში რომ ატარებს და ამზადებს გაკვეთილებს, რადგან მშობელი ამ დროს სამსახურშია დაკავებული და არ ცალია საკუთარი შვილისთვისაც კი… მაგრამ თუ შვილი საიმედო ადამიანების ხელში ეგულება, დამშვიდებულია და მისი პროფესიული საქმიანობაც ხარისხიანია. ჩემი ოცნებააა, რომ სახელმწიფო ასე ზრუნავდეს ოჯახის ყველა წევრზე, მაშინ შედეგი სამსახურში მშობელსაც აუცილებლად კარგი ექნება და სკოლაში – შვილსაც.

-განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზეც ბევრს საუბრობენ.

-ბევრი პრობლემა დაგროვდა განათლების სისტემაში, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ახლებური სკოლის მოდელი ნელ-ნელა ინერგება, საქმის კურში ვარ, და ბევრი რამ მომწონს, თუმცა ჩვენი სკოლა ვერ მოხვდა საპილოტე სკოლების რიგებში, რაც ძალიან დასანანია! დღეს, ისე როგორც არასდროს, რთულია სკოლაში მუშაობა, რთულია დროის სიმაღლეზე დგომა, მაგრამ სკოლაში ცოცხალი, საინტერესო სამუშაოა, რადგან სულ უნდა იმოძრაო, სულ უნდა ისწავლო შენს მოსწავლეებთან ერთად.

-როგორ ვიცი, სხვადასხვა პროექტში ხართ ჩართული…

-2010 წელს გავხდი სერთიფიცირებული მასწავლებელი, 2012 ჩავაბარე ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდა. 2014 წელს, იმთავითვე, ჩავერთე სქემაში, გავიარე სხვადასხვა ტრენინგი, ინტელისა და იტვინინგის პროექტებმა დიდი ცოდნა შემძინა. ვიყავი პირველ ჯიპრაიდელთა რიგებში, რამაც ხელი შემიწყო წარმატებით გამევლო გარედაკვირვება. სექტემბერში ველოდები წინსვლას. ამ რეფორმებმა მასწავლებელს თვითგანვითარების მოტივაცია მისცა, რაც მოსწავლეებზეც აისახა დადებითად და ხელფასზეც. 1987 წლიდან სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად ვმუშაობ, საკმაო გამოცდილება დამიგროვდა. ალბათ დადგა დრო, სერიოზულად გავაანალიზო, რა შევძელი და რა არის ჩემი საქმიანობის “აქილევსის ქუსლი”.

-ქალბატონო ინგა, სკოლაში ბევრი პროექტი განახორციელეთ…
-ბავშვებს განსაკუთრებით მოსწონთ არაფორმალური სწავლება. მაგალითად, მრავალმხრივ ინტელექტუალურ უნარ-ჩვევაზეა გათვლილი პროექტებით სწავლება. გამოვყოფდი რამდენიმე პროექტს. პროექტი “თამარს ვაქებდეთ მეფესა”, რომელიც ითვალისწინებდა თამარის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ წყაროებისა და მხატვრული ლიტერატურის დამუშავებას. არაშაბლონური ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციის შექმნასა და სცენაზე დადგმას, სცენისათვის რეკვიზიტების დამზადებას, სასულიერო პირების ხელმძღვანელობით “თამარობის” აღნიშვნას, მსვლელობას ლიის წმ. თამარ მეფის მონასტრისაკენ, ბუკლეტების დამზადებას თემაზე “დავეხმაროთ ლიის წმ. თამარ მეფის მშენებარე მონასტერს” და ამ ბუკლეტების, ზუგდიდი-ჯვარის ავტომაგისტრალზე, მსვლელობის პროცესში დარიგებას, მონასტრის მოლოცვას სასულიერო პირებთან ერთად და სხვა. მეორე და ძალიან საინტერესო პროექტი გახლდათ “მეგრული ფოლკლორის უცნობი ნიმუშები”. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოინახულეს რესპონდენტი-სოფლის ერთ-ერთი უხუცესი, სახალხო მთქმელი, ჩაიწერეს მისი მეგრულენოვანი ლექსები. მოამზადეს ვიდეო-ჩანაწერი და ატვირთეს იუთუბიზე. ჩემი მოსწავლეების მოძიებული იუმორისტული ლექსი “მუმული” გამოქვეყნდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ჟურნალისტთა კლუბის ჟურნალ “სარკმელში”. გულიკო ბერულავას ამ ლექსის მიხედვით საკუთარი ფანტაზიით power-point-ში 2016 -ში მოსწავლეებმა შექმნეს პრეზენტაცია, როლებში გაახმოვანეს სლაიდები და საბოლოო ვარიანტი გადააკეთეს ვიდეოდ. ფილმმა დიდი მოწონება დაიმსახურა კონკურსზე “ნორჩი მკვლევარი 2017”. შემდეგ მოსწავლეებმა ეს ფილმი წარადგინეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ერთობლივ რეგიონალურ კონფერენციაზე. პროექტი “აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა” განხორციელდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის “ნორჩი მკვლევარი-2018-ის” ფარგლებში. ჩვენი მიზანი იყო ინფორმაციის მოძიება, აფხაზეთის იმ ძეგლების შესახებ, რომლებსაც საქართველოს ეროვნული მნიშვნელობისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვთ მინიჭებული და ოკუპირებულ ტერიტორიაზე განადგურება ემუქრებათ. პროექტი “თემში გაბნეული ძვირფასი მარგალიტები” მოსწავლეებმა მშობლიურ სოფელში მოიძიეს კოლხური შინამრეწველობის, ხელოსნობისა და ადათ-წესების შესახებ ხალხში შემონახული ინფორმაცია. აგრეთვე გაეცნენ სამეცნიერო ლიტერატურასა და უცხოელი მოგზაურების წერილებსა და ჩანაწერებს კოლხეთზე, შეადარეს მოცემული წყაროები მშობლიურ სოფელში მოპოვებულ ინფორმაციას, კვლევისას აღმოჩენილი სიახლეები-ჯერაც დაუბეჭდავი მასალა, გამოიყენეს პრეზენტაციისთვის და მოამზადეს სლაიდები. თემში მოიპოვეს დამხმარე ვიზუალური მასალაც: სოფლის უხუცესების ინტერვიუს მიხედვით ჩანახატები შექმნა თვითნასწავლმა მხატვარმა, სოფელ ჩხორიის მკვიდრმა, მურმან ფიფიამ. მოსწავლეებმა მოიპოვეს ფოტომასალა, სოფელ ჩხორიის მკვიდრთა საოჯახო არქივებიდან.
ბავშვებმა სოფლის ოჯახებში მოიკვლიეს საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები. ბოლოს შექმნეს პრეზენტაცია საჯარო გამოსვლისთვის. დისტანციური ქსელური პროექტი “სულხან-საბა ორბელიანი” განსაკუთრებით საინტერესო იყო. საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციის თაოსნობითა და Microsoft საქართველოს მხარდაჭერით განხორციელებული დისტანციური ქსელური პროექტი, რომელშიც საქართველოს ათეულობით ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ღებულობდა მონაწილეობას თავის მოსწავლეებთან ერთად. პროექტი ითვალისწინებდა სკოლების თანამშრომლობას ვირტუალურ სივრცეში, Microsoft-ის ახალი ინსტრუმენტების გაცნობას და გამოყენებას ქართულის გაკვეთილებზე, სკაიპგაკვეთილებს, რუსა გონაშვილის მიერ მასწავლებლებისათვის ჩატარებულ ვებინარებს, მოსწავლეთა აქტიურ მუშაობას ონენოტე-ში, კაჰუტში, სვეიში და ა.შ. პროექტი დაგვირგვინდა მასწავლებელთა სახლში ჩატარებული შემაჯამებელი კონფერენციით. ამ პროექტმა სასწავლო პროცესში ისტის ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენება მასწავლა.
ძალიან საინტერესო იყო განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებული თავისუფალი გაკვეთილები. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა, ჩვენს სკოლებში, თვითონ დავგეგმეთ და ჩავატარეთ 20 გაკვეთილი, რომელთა მიზანი იყო: მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება სხვადასვა ტექსტების კითხვით, ისტის დახმარებით ინფორმაციის მოძიება-დახარისხება, ლექსიკონებზე მუშაობა, პრობლემების გამოკვეთა, არგუმენტირებული მსჯელობა-დებატები, ლოგიკური აზროვნება, კონფლიქტების ანალიზი, დისკუსიისა და პრეზენტაციის, ფანტაზიის, წერის, მეტყველებისა და სხვა უნარ-ჩვევების განვითარება. ბოლოს პროექტი დაგვირგვინდა ექსკურსიით, რომელიც ნაწილობრივ განათლების სამინისტრომ დააფინანსა. ინკლუზიური განათლება და სპეციალური საჭიროების მოსწავლეები ჩემთვის ერთ-ერთი განსაკუთრებული საზრუნავია. ვცდილობ, დავეხმარო მათ, ამიტომ ჩემს თავზე ბევრს ვმუშაობ. საკმაო გამოცდილებაც დამიგროვდა, მინდა ჩემი გამოცდილება გავუზიარო კოლეგებს. რაც შეეხება საერთაშორისო პროექტებს ორიოდე წელია ჩართული ვარ etwinning-ის საერთაშორისო პროექტებში. გარკვეული მიღწევებიც მაქვს, მაგრამ რადგან გარედაკვირვებისთვის ვემზადებოდი, სხვა პრიორიტეტები მქონდა…

-სკოლაში პოეზიის საღამოც გქონდათ.
-ჩემმა XII კლასელმა დავით ფიფიამ გამოსცა თავისი ლექსების პირველი კრებული, გამართა პოეზიის რამდენიმე საღამო ზუგდიდსა და თბილისში. მე, როგორც მისი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ჩემ მოვალეობად ჩავთვალე მივფერებოდით ამ ნიჭიერ ახალგაზრდას და სკოლიდან თბილი გაცილება მოგვეწყო. ეს იყო ძალიან კარგი საღამო. მოსწავლეებმა მიულოცეს ავტორს პირველი კრებულის გამოცემა. კლასელებმა თავისი ლექსები წაუკითხეს. მე-11 კლასის მოსწავლემ, შუშანიკ ზუმაძემ ერთ-ერთ ლექსზე შექმნა ნახატი, ხოლო სალომე ღვინჯილიამ, თავისი ნახატების გამოფენა მიუძღვნა ამ საღამოს. დათოს წაკითხული ლექსები ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა პერფომანსებით გაალამაზეს. წიგნის რედაქტორმა, პოეტმა ლაშა გვასალიამ ისაუბრა დათოს შემოქმედებაზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები ზუგდიდიდან, მათ ფასიანი საჩუქრები გადასცეს დათოს. მინდა გამოვყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასწავლებელთა პროფკავშირის თავმჯდომარე ქალბატონი ცირა გულუა და მადლობა მოვახსენო ღონისძიების მატერიალური უზრუნველყოფისათვის.

-როგორც მითხრეს, თქვენ მოსწავლეებთან ერთად, სხვადასხვა სახის ქველმოქმედებას ეწევით.

-მოსწავლეები ბავშვობიდანვე უნდა ეზიარონ სხვაზე ზრუნვას, ჩვენი სალოცავებისადმი მოწიწებას. ჩვენ ხშირად ვაწყობდით საქველმოქმედო აქციებს ლიის წმ. თამარ მეფის მონასტერში, ხან ეზოს ვასუფთავებდით, ხან თხილის მოსავლის აღებაში ვეხმარებოდით, ხანაც მონასტრის სანთლებს ვყიდდით სკოლაში.

-მასწავლებელი და თანამედროვე ტექნოლოგიები…

-თანამედროვე გაკვეთილი სულ უფრო მეტად მოითხოვს ისტის ტექნოლოგიების გამოყენებას სასწავლო პროცესში. გაკვეთილი სახალისო რომ გამოვიდეს, ხშირად თავადაც მიწევს სხვადასხვა სახის რესურსების დამზადება. ამ საქმეს მიადვილებს powerpoint -ი და სხვადასხვა ონლაინ ინსტრუმენტი. მონაწილეობას ვღებულობ კონფერენციებში, ვუზიარებ კოლეგებს ჩემს გამოცდილებას, ვაქვეყნებ სხვადასხვა სახის სტატიებს.
აქტიურად ვთანამშრომლობ ჩემს ვირტუალურ კოლეგებთან, მათგან ვღებულობ ყველა კითხვაზე პასუხს. ვიზიარებ მათ გამოცდილებას, ვესწრები სხვადასხვა სახის ვებინარებს. განუსაზღვრელია თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობები, სახლიდან გაუსვლელად, შეგიძლია მოუსმინო გამოცდილ ადამიანებს და აიმაღლო პროფესიული ცოდნა.

-როდის ისვენებთ?

-ძალიან ცოტა მაქვს თავისუფალი დრო, მაგრამ თუ მოვიხელთე, ძალიან მიყვარს ახლობელ ადამიანებთან ყოფნა, სტუმრად მივდივარ ჩემს და-ძმასთან და ეს ჩემთვის დიდი დღესასწაულია.

-ოჯახი, ალბათ მუდამ გვერდში გიდგათ.

-პატარა ოჯახი მაქვს, მყავს მეუღლე, ძალიან მინდოდა მქონოდა პატარა სახლი მდინარის ნაპირას, მყუდრო სოფელში. მიყვარს მცენარეები და ცხოველები და გარკვეულ დროს მათ მოვლაშიც ვატარებ. საოცრად მამშვიდებენ, წუთისოფლის ამაოებანი მავიწყდება, როცა მათთან ვარ.

საუბარი ჩაიწერა

ეკა ფარულავამ

 

 

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.