იზოლდა ხარგელია სამგზის საუკეთესო კონცერტმეისტერია

  • “ზუგდიდელების” სტუმარია ზუგდიდის მოსავლე–ახალგაზრდობის განვითარების სასახლის სამუსიკო სკოლის საორკესტრო მიმართულების მთავარი სპეციალისტი, კონცერტმეისტერი იზოლდა ხარგელია, რომელმაც საუკეთესო კონცერტმეისტერის წოდება მესამეჯერ მიიღო.

    იზოლდა ხარგელია: “პირველად ბაღის მასწავლებელმა ქალბატონმა ელენე მიქაშავიძემ მომისმინა, მაშინ “სანტა–ლუჩია” ვიმღერე. მასწავლებელმა დედაჩემი დაიბარა და უთხრა, რომ მქონდა აბსოლუტური სმენა და აინტერსებდა რა გეგმები ჰქონდა ჩემთან მიმართებაში. ურჩია, აუცილებლად, მივეყვანე სამუსიკო სკოლაში და მიმეღო ფუნდამენტური განათლება. ალბათ, მუსიკალური ნიჭი ოჯახიდან გამომყვა,–დედა ფანტასტიურად მღერის, მამაც მღეროდა, ერთი სიტყვით, მთელი ჩვენი საგვარეულო სუფთად და სწორად მღერის. ექვსი წლის მუსიკალურ სკოლაში შემიყვანეს. ფორტეპიანოს  ქალბატონი ციალა ჯიქია მასწავლიდა. დედაჩემის ოცნება იყო ქალბატონ ეთერ შეროზიას მოსწავლე ვყოფილიყავი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ჩვენ ციალა მასწავლებელი არ მოგვწონდა. მოხდა ისე, რომ ქალბატონმა ციალამ გარკვეული პრობლემების გამო, სამსახურს თავი დაანება და გავხდი პედაგოგ ლუიზა ნადარეიშვილის მოსწავლე. მასთან ერთი წელი ვსწავლობდი. შემდეგ  აღმოვჩნდი პედაგოგ ლია ხასიასთან. შვიდწლედი მასთან დავამთავრე. მეშვიდე კლასში ვიყავი, როცა დედაჩემმა გადაწყვიტა, მისულიყო ქალბატონ ეთერისთან და ეთხოვა კერძო გაკვეთილები ჩაეტარებინა ჩემთვის. ქალბატონი ეთერი დაგვთანხმდა, მაგრამ საცდელი ერთი თვე მოითხოვა. ერთ კვირაში, ქალბატონმა ეთერმა, დედაჩემს ჩემზე უთხრა დაბადებულია მუსიკისთვისო. დავიწყეთ  მეცადიონეობა. მოვამზადეთ სასწავლებელში ჩასაბარებელი პროგრამა. თბილისში, როცა მომისმინეს, პირველი კითხვა რაც დამისვეს, იყო-ვისი მოსწავლე ხარო. დღემდე მახსოვს, როგორ მამეცადინებდა ეთერი მასწავლებელი, ეს საოცარი, განუმორებელი წუთები იყო, რომელიც მუდამ მემახსოვრება. წლის ბოლოს, თბილისში, კონკურსი ტარდებოდა. მაშინ სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი იყო ქალბატონი ქსენია ჯიქია. კონკურსის დაწყებამდე, თბილისში, სამი დღით ადრე ჩავედით, სადაც კონსერვატორიაში მასტერკლასი ქალბატონმა მზია მატკავამ ჩამიტარა. რა თქმა უნდა, ვღელავდი, მაგრამ კონკურსმა კარგად ჩაიარა. სხვათაშორის, ქალბატონი მზია, დღემდე, მეუბნება, რომ მაშინ ძალიან ამაყი ვიყავიო, ვიცოდიო პირველ წელსვე მოეწყობოდიო. ამ დეტალებს იმიტომ გიყვებით, რომ მინდა გითხრათ, ძალიან კარგ პედაგოგებში გავიზარდე. მოხდა ისე, რომ ფოთის სამუსიკო სასწავლებელში მივედი. იქ დამხვდა საოცარი პედაგოგი, ქალბატონი ლენა მენჩიკოვა. როცა მომისმინა, იმ წუთას დარეკა სამუსიკო სკოლის დირექტორ ჯონი ბოკუჩავასთან და უთხრა: “ზუსტად ის არის, ვისაც ჩვენ ვეძებდითო.” ოთხი წელი ქალბატონ ლენას მოსწავლე ვიყავი. ამ დიდმა ქალბატონმა ძალიან ბევრი რამ მასწავლა. ბრწყინვალე პედაგოგი იყო.

ოჯახი პატარა ასაკში შევქმენი. მიუხედავად ამისა, ოჯახში ყველანაირად მიწყობდნენ ხელს, რომ ვყოფილიყავი წარმატებული მოსწავლე. სასწავლებლის წარმატებით დამთავრების შემდეგ, ფოთის სამუსიკო სასწავლებელში სახელმწიფო გამოცდის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დამტოვეს სამუსიკო სასწავლებელში, სადაც ვიმუშავე სამი წელი კონცერტმეისტერად. მოგვიანებით, საცხოვრებლად და სამუშაოდ, დავბრუნდი ზუგდიდში და დავიწყე მუშაობა ნომერ პირველ სამუსიკო სკოლაში ფორტეპიანოს პედაგოგად და კონცერტმეისტრად.

წლების შემდეგ, თქვენ, ზუგდიდში, კამერულ ორკესტრს აფუძნებთ?

-2019 წელს სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელობის დიდი სურვილი იყო საორკესტრო მიმართულებას ჰყოლოდა კამერული ორკესტრი, თუმცა თანხებთან დაკავშირებული მრავალი დაბრკოლების გამო მიზანს ვერ მივაღწიეთ. ამის მიუხედავად, მე, საორკესტრო მიმართულების მთავარმა სპეციალისტმა და ვიოლინოს  პედაგოგმა შორენა ზვიადაძემ, 2019 წლის 17 იანვარს, ჩამოვაყალიბეთ კამერული ორკესტრი.

პირველი წარმატება

-კამერულმა ორკესტრმა 4 თვეში მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა შიდა საქალაქო კონცერტში, შემდეგ კი, კონკურს-ფესტივალებში. ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის რესპუბლიკურ ფესტივალ -კონკურსზე “იპოვე შენი ვარსკვლავი”, კამერულმა ორკესტრმა მოიპოვა დიდი აღიარება. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართა გამარჯვებულთა გალა კონცერტი, სადაც  ორკესტრმა, მისმა ხელმძღვანელმა შორენა ზვიადაძემ და მე, როგორც კონცერტმეისტერმა, ავიღეთ გრანპრი. შემდეგ იყო “სენაკის არტ-ფესტივალი  2019” ბატონი ვალერიან შიუკაშვილის ხელმძღვანელობით, სადაც  კამერული ორკესტრი მსმენელის წინაშე წარსდგა დიდი წარმატებით და ჩვენ დავჯილდოვდით საპატიო დიპლომით.

რამდენი მოსწავლე ირიცხება კამერულ ორკესტრში?

-კამერულ ორკესტრში  დღეს უკრავს 13 მოსწავლე.

როგორც მითხრეს, მოწვეული პედაგოგები გყავთ

-დიახ, გვყავს მოწვეული პედაგოგეგები ქუთაისიდან, რომლებიც ზუგდიდში ჩამოდიან კვირაში ერთხელ. ვიოლონოს პედაგოგი არის ქალბატონი შორენა ზვიადაძე, ვიოლონჩელოს პედაგოგი გახლავთ  ქალბატონი რუსუდან გვენეტაძე. ფლეიტა-საქსოფონის პედაგოგი კი, ბატონი თენგიზ გვენეტაძე.

ქალბატონო იზოლდა, თქვენ  მესამედ გახდით საუკეთესო კონცერტმეისტერი

-დიახ. საუკეთესო კონცერტმეისტრის წოდება პირველად 2017 წელს მივიღე, მეორედ 2018 წელს, წელს კი, მესამედ.

კამერული ორკესტრის მიერ შესრულებულმავაგიორქომამსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა…

-ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში ჩატარდა ნიჭიერ შემსრულებელთა კონცერტი, სადაც მონაწილეობა მიიღო კამერულმა ორკესტრმა. შევასრულეთ “ვაგიორქო მა”. მსმენელს მოეწონა ჩვენი შესრულება და დარბაზისგან მქუხარე აპლოდისმენტები დავიმსახურეთ. სასახლის დირექტორმა ქალბატონმა  ნინელი ჭითანავამ, სიხარულისგან იტირა, ჩამეხუტა და მომეფერა. მინდა გითხრათ, რომ ქალბატონი ნინელი ჩემი მასწავლებელი იყო და დღემდე მგულშემატკივრობს. კონცერტს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ და მადლობა გადაგვიხადეს საუკეთესო შესრულებისთვის.

-მოსწავლეებზე გვითხარით

-კამერულ ორკესტრში არაჩვეულებრივი მოსწავლეები გვყავს. ალექსანდრე ფარცვანია ორკესტრის სოლისტია, უკრავს ორ ინსტრუმენტზე: საქსოფონზე და ვიოლინოზე. ალექსანდრემ ვიოლიოს მიმართულებაში  გრანპრი აიღო. ფანტასტიური ბიჭია, ხმამაღლა ვამბობ, ის ჩემი საყრდენია. მარიამ კილასონია, რომელსაც მიენიჭა ოქროს მედალი-პირველი ადგილი, უკრავს ვიოლინოზე. პირველივე კონკურსზე ანნა ფიფიამ, რომელიც ვიოლინოზე უკრავს, გრანპრი აიღო. საბა ლემონჯავა ფლეიტაზე უკრავს, მან პირველი ადგილი-ოქროს მედალი აიღო. ისიდორე ცინდელიანი ვიოლონჩელოზე უკრავს, მანაც პირველი ადგილი-ოქროს მედალი აიღო. ოქროს მედალი და პირველი ადგილი მოიპოვა ნინი ჭანიამაც. ლიზი გამახარია კლასიკურ გიტარაზე უკრავს და მან პირველი აგილი დაიკავა, ერთი სიტყვით, სამუსიკო სკოლას ჰყავს ჩამოყალიბებული მუსიკოსები. კლასიკური გიტარის ტრიომ და კვარტეტმაც ასევე აიღო ოქროს მედლები, რომელთა პედაგოგებიც არიან ანა და ნათია ანდრიაძეები. გიორგი ტორჩინავას მეორე ადგილი-ვერცხლის მედალი მიენიჭა, რომელიც ფლეიტაზე უკრავს. ქეთევან ქობალია, რომელიც ასევე ვერცხლის მედალის მფლობელია, უკრავს ვიოლონჩელოზე. იესე ფიფიამ, რომელიც ასევე ვიოლონჩელოზე უკრავს, აიღო მეორე ადგილი-ვერცხლის მედალი.

-ნიჭიერ მოსწავლეებზე, ალბათჩასაფრებულებიარიან….

-თბილისის ნიჭიერთა ათწლედს ხშირად შეუთავაზებია კონკრეტული მოსწავლეებისთვის  მათთან სწავლის გაგრძელება. პირველად, ჩვენგან გელა აკობია წავიდა, რომელიც ნიჭიერთა ათწლედში ჩაირიცხა არაჩვეულებრივი ბიჭი იყო. უკრავდა ფლეიტაზე, ჩელოზე და ფორტეპიანოზე. ბრწყინვალე ანა ჭანია, ასევე ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეა. შემდეგ თამარ დარასელია, რომელიც ასევე გამორჩეულად ნიჭიერი მოსწავლეა. უნიჭიერესი ელენე კონჯარია, რომელიც სწავლობს ნიჭიერთა ათწლედში პროფესორ დინა ჯაიანთან. აქ აუცილებლად უნდა ვახსენო ქალაქის ყოფილი მერი ირაკლი გოგოხია. ბატონმა ირაკლიმ ამ მოსწავლეების უმეტესობას დაუფინანსა სხვადახვა კონკურს–ფესტივალები უცხოეთში. დღეს, თამარს დიდი წარმატება აქვს.

-კამერული ორკესტრი საზღვარგარეთაც მიიწვიეს

-კამერული ორკესტრი მიწვეულია ესპანეთში, მაგრამ ყველაფერი თანხებთან არის დაკავშირებული .

ორკესტრის წარმატება თქვენი წარმატებაც არის

-რა თქმა უნდა. თითოეული მოსწავლის წარმატება ჩვენი წარმატებაცაა. მე და სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელი, ქალბატონი მზია მატკავა მაქსიმუმს ვაკეთებთ მოსწავლეებისთვის, ჩვენგან მათ ყველანაირი ხელშეწყობა აქვთ.

ქალბატონო, იზოლდა, თქვენს კარიერულ წინსვლაში დედათქვენმა დიდი როლი ითამაშა

-დედაჩემის ძალიან მადლიერი ვარ. მახსოვს, ადრე, ბავშვობისას, სამუსიკო სკოლაში კონცერტი რომ მქონდა თითები მეყინებოდა ნერვიულობისგან, დედა გრელკით (სათბური) მითბობდა თითებს. ყველაფერს აკეთებდა ჩემთვის. როცა მე ვნერვიულობდი, ისიც ჩემთან ერთად ნერვიულობდა, მაგრამ სცენაზე როგორც კი გავიდოდი ნერვიულობა მეხსნებოდა. წლების მანძილზე, უამრავი კონცერტი ჩამიტარებია და დედაჩემი ჩემს კონცერტზე ჯერ არ მომიწვევია, არ გადამიდგამს ეს ნაბიჯი, რადგან მისი კრიტიკის დღემდე მეშინია.

-თქვენი ყოფილი მასწავლებელი, ქალბატონი ეთერი ხშირად ესწრება თქვენს კონცერტს

-დიახ, ამ დროს განსკუთრებულად ვნერვიულობ. შეგნებულად არ მინდა გავიგო იმყოფება თუ არა დარბაზში. კონცერტი, რომ მთავრდება, სტუმრები მოდიან და კონცერტის წარმატებით დასრულებას მილოცავენ. ყველაზე ბოლოს, მელოდება ეთერი მასწავლებელი. სულ ვფიქრობ, ნეტა რას მეტყვის მეთქი. ბოლოს მეუბნება, მე აღფრთოვანებული და ამაყი ვარ, რომ შენ ჩემი მოსწავლე იყავიო. ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს ხელოვანისთვის.

-ახლახანს გქონდათ, საანგარიშო კონცერტი…

-დიახ, 14 ივნისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში მერაბ ქვარაია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სამუსიკო სკოლაში საორკესტრო მიმართულების ვიოლინო-ალტის, ვიოლონჩელოს, ფლეიტა-საქსოფონის, კლასიკური გიტარის-კამერული ორკესტრის მოსწავლეთა საანგარიშო კონცერტს დაესწრნენ. ღონისძიებაზე სხვადსხვა ფესტივალებში გამარჯვებულებიც დაჯილდოვდნენ.

-სამომავლო გეგმები

-სამომავლოდ ვგეგმავთ, კამერულმა ორკესტრმა გამართოს სოლო კონცერტი. დიდი სურვილი გვაქვს კამერული ორკესტრი მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩავიდეს და იქ გამართოს კონცერტები. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი საჭიროა მოზარდების ცნობიერების ამაღლებისათვის და მათი მუსიკალური გემოვნების დასახვეწად.

ეკა ფარულავა

 

 

 

 

 

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.