იზაბელა ჯანაშია-ქალბატონი ლამაზი ბიოგრაფიით

  • ნოემბრის მზიანი დილაა, ახალსოფლის სანახებიდან მოჩანს მედიდური ეგრისის მთები, საკმაოდ თბილა და მეც საოცრად თბილ ქალბატონთან შესახვედრად მივდივარ. ნათქვამია, წლები სიმდიდრეაო! მიუხედავად წელთა სიმრავლისა, ქალბატონი იზაბელა ჯანაშია ლამაზად გამოიყურება, თვალებში ისევ ახალგაზრდული ნაპერწკლები უციმციმებს. მისი ბიოგრაფიის მნიშვნელოვან ეპიზოდებზე ვსაუბრობთ.

იზაბელა ჯანაშია: “-ძალიან დიდი ოჯახიდან მოვდივარ, ჩემს ბაბუას და ბებიას ჰყავდათ 8 შვილი,-2 ქალიშვილი და 6 ვაჟიშვილი, მათგან კი, 30 შვილიშვილი. თვითონ ბაბუაჩემი, მშობლების ერთადერთი შვილი იყო და ამას სასტიკად განიცდიდა. ბებიამ და ბაბუამ თავისი შრომით და ძალისხმევით, ყველა მათგანს, გარდა ერთისა, მიაღებინეს უმაღლესი განათლება. 30 შვილიშვილიდანაც 16 უმაღლესი განათლებითაა და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტია.

მე დავიბადე ქალაქ ბორჯომში, 1943 წელს, სადაც ცხოვრობდნენ ჩემი მშობლები. მამა მიუხედავად იმისა, რომ “ჯავშანი” ჰქონდა წავიდა დიდ სამამულო ომში თავისი სურვილით, რადგანაც მას, მისი 4 ძმის დაღუპვის შესახებ ცნობა მიღებული ჰქონდა. ბაბუამ და ბებიამ შვილების დაღუპვისა და მამაჩემის ომში წასვლის შესახებ არაფერი იცოდნენ. მამაჩემი ქერჩის ბრძოლებში მისვლიდან მეექვსე თვეს მძიმედ დაიჭრა და სხვა დაჭრილებთან ერთად გამოაგზავნეს ბათუმის ჰოსპიტალში. ბაბუამ იგი ბათუმის ჰოსპიტალიდან ჩამოიყვანა. მე, მას, 15 დღის დაბადებული დავხვდი. მამა ოპერაციის შედეგად გარდაიცვალა და ჩემს სოფელში, ცაიშის სასაფლაოზე განისვენებს. მისი ძმები კი, რომლებიც გარდაცვლილები ეგონათ, ომის დამთავრების შემდეგ დაბრუნდნენ სამშობლოში.

დავამთავრე ცაცხვის რვაწლიანი სკოლა ფრიადზე და გადავედი ცაიშის საშუალო სკოლაში, რომელიც დავამთავრე ოქროს მედალზე. 1960 წელს კი, კომკავშირის რაიკომის რეკომენდაციით, მუშაობა დავიწყე მშობლიურ სკოლაში უფროს პიონერთხელმძღვანელად. 1963 წელს გადამიყვანეს საქ.ალკკ ზუგდიდის რაიკომის სასკოლო განყოფილების გამგედ. 1971 წელს, დავამთავრე გორკის სახელობის სოხუმის სახელმწიფო ინსტიტუტის დაწყებითი განათლების პედაგოგიკა – მეთოდიკის ფაკულტეტის დაუსწრებელი განყოფილება და იმავე წელს, ჩავირიცხე ამავე ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, პირდაპირ მესამე კურსზე, რომელიც დავამთავრე წითელ დიპლომზე. ინსტიტუტმა გამაგზავნა თავის საბაზო მეექვსე საშუალო სკოლაში მასწავლებლად, იქ ვიმუშავე ერთი წელი. 1977 წელს, ბატონი ჟიული შარტავას რეკომენდაციით, გადამიყვანეს ზუგდიდის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის დირექტორად, სადაც ვიმუშავე 1981 წლამდე. 1981 წელს არასწორად (უსამართლოდ) გამათავისუფლეს აღნიშნული თანამდებობიდან. 1989 წელს საკავშირო პროკურატურამ და განათლების სამინისტრომ დამაბრუნა აღნიშნულ თანამდებობაზე, როგორც უკნონოდ გათავისუფლებული და ამინაზღაურა რვა წლის განაცდური. ერთი წლის მუშაობის შემდეგ გადამიყვანეს ქალაქის განათლების განყოფილებაში დაწყებითი კლასების მეთოდისტად, სადაც ვიმუშავე 2000 წლამდე. 2001 წლიდან ვმუშაობდი დაწყებითი კლასების უფროს სპეციალისტად. 2003 წლიდან, სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, განათლების განყოფილების 16 მუშაკს დაგვაწერინეს განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ. იყო გავრცელებული ასეთი ფრაზა: “ჩვენ მოვდივართ ჩვენი გუნდით”…

 – ქალბატონო იზაბელა, როგორც მოგეხსენებათ “იზაბელა” საუკეთესო კოლხური ვაზის ჯიშია, რომელიც “ადესას” სახელით არის დღეს ცნობილი. ვინ შეგარქვათ ეს სახელი?

-რაც შეეხება ჩემს სახელს, “იზაბელა”, მამაჩემმა შემირჩია. იმ დროს, თურმე, გადიოდა ესპანური ფილმი, სადაც ესპანეთის პრეზიდენტის როლს თამაშობდა მსახიობი ქალი იზაბელა. მამას ძალიან მოეწონა ამ ქალის სიმამაცე და თვისებები, ამიტომაც არჩევანი ამ სახელზე შეაჩერა. ჩემს დროს გამოდიოდა გაზეთი „მებრძოლი“, სადაც ბრწყინვალე ხალხი მუშაობდა. მე იმ გაზეთის შტატგარეშე კორესპონდენტი ვიყავი და თუ იქ გამოვჩნდებოდი, ბატონები: ისაკი ქორთუა და შალვა შენგელი, იმ წუთასვე დამიძახებდნენ: „გაუმარჯოს ადესასო“. რაც შეეხება, ადესის დაგემოვნებას, ერთი თევზი და მეორე წითელი ღვინო არასოდეს მიმიღია ალერგიულობის გამო. აი, ზოგიერთ კერძში კი, ვამატებ მცირე რაოდენობით.

 -ღვინოსავით მათრობელა კითხვა უნდა დაგისვათ, თქვენს პირველ სიყვარულს ხომ არ გაიხსენებდით?

 -რაც შეეხება პირველ სიყვარულს, იყვნენ ადამიანები ჩემს სოფელში და აქაც, ზუგდიდში, რომლებსაც ნამდვილად სურდათ ჩემთან ერთად ოჯახის შექმნა, მაგრამ მე ისეთი მკაცრი ხასიათის ვიყავი, ვერავინ ბედავდა სიყვარულის ახსნას. ზოგიერთები დედას, ან დას მიგზავნიდნენ, მაგრამ მე ამისი დრო არ მქონდა. მე ვფიქრობდი კარიერაზე და სწავლაზე, მეცნიერებაზე. მსურდა მემუშავა ხარისხზე ქართული ენის დარგში. ჩემი ლექტორებისა და პროფესორების შუამდგომლობით, ვიყავი გასაუბრებაზე ქალბატონ მზექალა შანიძესთან, მასთან შეხვედრის სითბო და საუბარი დღემდე მომყვება. ოჯახი შევქმენი 31 წლის ასაკში მოულოდნელად და ჩემგან დამოუკიდებლად… ასეც ხდება…

– ქალი ასმაგად ბედნიერია, როგორც ქალი, რომელსაც ჰყავს შვილები და შვილიშვილები, რას იტყვით თქვენს ოჯახზე?

 -ჩემი ქალური ბედნიერება ჩემი შვილები და შვილიშვილებია. ჩემი მეუღლე, სასუფეველი მას, იყო ძალიან მშრომელი, ოჯახზე შეყვარებული და არაჩვეულებრივი მამა. გვყავს ორი შვილი: ქალ-ვაჟი. მედეა და ზურაბი მაქაცარიები. ბიჭს დამთავრებული აქვს ეკონომიკის ფაკულტეტი. ჰყავს ერთადერთი ვაჟიშვილი: ზურა მაქაცარია, რომელიც სწავლობს მოსკოვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, მესამე კურსზე. არის ძალიან წარმატებული სტუდენტი და ამავე დროს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ჭიდაობაში. მრავალი ოქროსა და ვერცხლის მფლობელია. მის წარმატებებში დიდი წვლილი მიუძღვის დედას ჟანა დამენიას. უნდა ვთქვა, შემხვდა არაჩვეულებრივი რძალი. სპეციალობით არის იურისტი და მუშაობს იურისტკონსულტანტად ერთ-ერთ ორგანიზაციაში.

ჩემი ქალიშვილი რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტია, ქალ-ვაჟის დედაა. მეგი პირველი საჯარო სკოლის მეათეკლასელია, ბეჯითი მოსწავლეა, აქვს სერიოზული წარმატებები. ასეთივეა კოკაც. სიძე გია როგავა ავტოინჟინერია, ამჟამად ჩართულია ბიზნესში.

– ვინ არის ადამიანი, რომელსაც დღე ისე არ გავა, რომ არ შეეხმიანოთ?

– ყოველდღე ვეხმიანები ჩემს ქალიშვილს – მედეას.

– პანდემიამ თქვენს ცხოვრებაში რა ცვლილებები მოიტანა?

 – შიში მოიტანა როგორც ჩემს, ასევე სხვების ცხოვრებაში… დავძლევთ ალბათ…

-გქონიათ იმედგაცრუება?

-გათხოვების შემდეგ, ნამდვილად მქონდა იმედგაცრუება… მოვხვდი ისეთ სოფელში, რომლის სახელი ჩემთვის უცნობი იყო-უჩაშონა. იქ გატარებულმა 15-მა წელიწადმა, იქაურმა, უგზოობამ, უტრანსპორტობამ, შემიქმნა ბევრი ბარიერი საზოგადოებასთან ურთიერთობაში. ჩემი შრომა და ჯაფა, რომელიც გავწიე სწავლის პერიოდში, წყალში ჩამეყარა, ვერ გამოვიყენე. ბევრ რაღაცას ვნანობ. სინანულის ეტაპი დადგა ჩემს ცხოვრებაში, რომელიც სხვაგვარად წარმომედგინა. თუმცა, ვგრძნობ შვილებისა და შვილიშვილების წინაშე დიდ პასუხისმგებლობას. მათგან კი დიდ პატივისცემას. შვილები, შვილიშვილები მანებივრებენ. თუმცა, მე მაინც ვარ ძალიან ემოციური და მშიშარაც.

– მარტოობას განიცდით?

-კი, მარტოობას საშინლად განვიცდი.

შეცდომა თუ გქონიათ ცხოვრებაში?

 – ჩემი ცხოვრების შეცდომად ვთვლი იმას, რომ სამსახური საკუთარი განცხადებით დავტოვე, არ ვიბრძოლე ბოლომდე.

ადამიანის თვისებაში რას აფასებთ?

– სიმართლისმოყვარეობას, სიკეთეს, ზნეობას, კაცთმოყვარეობას.

რას უსურვებთ ზუგდიდელებს საახალწლოდ?

 – ზუგდიდელებს ვუსურვებ, უყვარდეთ ერთმანეთი, უყვარდეთ ქალაქი, იზრუნონ მისი წინსვლისათვის, ნუ გაიხლიჩებიან “ოცნებად” და “ნაციონალებად”, ჩვენ ხომ ყველანი ქართველები ვართ. უფალი ჰფარავდეს ჩვენს ქართველ ერს. ბედნიერი შობა-ახალი წელი.

მასალა მოამზადა: როზა როგავამ

კომენტარი

  1. გულიკო

    მიყვარს ეს ქალბატონი, დღეგრძელობა და სიკეთე მას🙏❤

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.