დღეს, სამოქალაქო მოძრაობა “სამეგრელოს ხმის” ლიდერმა თენგო ჯგუშიამ, რომელიც გეგმავს ზუგდიდის მერად კენჭი იყაროს, ქალაქის ბულვარში ბრიფინგი გამართა. მან მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცა და საჩუქრად ვარდები გადასცა. “სამეგრელოს ხმის” ლიდერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა არჩევნების გაყალბებაზე. მისი ინფორმაციით, მხარის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ფერმერების მოსყიდვაზე მუშაობს. “მოწერელია აკეთებს რაღაც ფაროსანას პროგრამას და ამომრჩევლებს ძალით აწევრიანებენ ფერმერთა გაერთიანებებში.ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა. თუ გინდათ დახმარება მეთხილეების და ფერმერების, გამოყოს სახელმწიფომ თანხები. დაანებეთ თავი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, დაანებეთ თავი მეთხილეების მოსყიდვას ძალით გაერთიანებებით მოწერელიას მეთხილეთა ასოციაციაში.”
“სამეგრელოს ხმის” ლიდერი ამბობს, რომ უახლოეს დღეებში უფრო კონკრეტულად ისაუბრებს, თუ როგორ იყენებენ ფაროსანას საწინააღმდეგო პროგრამას წინასაარჩევნოდ.