ზურაბ ასათიანი, “იდეათონი” და ფიქრი ახალგაზრდულ სივრცეებზე


  • ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელი ზურაბ ასათიანი პროექტ “იდეათონის” ერთ-ერთი გამარჯვებულია, უყვარს ხელოვნება და ფოტოგრაფია. თავისუფალ დროს წერს და დიდ დროს ატარებს ბიბლიოთეკაში. არის წიგნის მოყვარულთა სანიციატივო ჯგუფის B612-ის წევრი, ჩართულია სკოლის თვითმმართველობაში. იყო ახალგაზრდულ სათათბიროში, არასამთავრობო ორგანიზაციებში. არის ამერიკული კუთხის წევრი.

ზურა ასათიანი: “იდეათონში” მონაწილეობა ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო, რომელმაც მომცა შესაძლებლობა ჩემი იდეა გამომეტანა სააშკარაოზე და მომეტანა ამ კონკურსამდე, სადაც ჩემმა იდეამ მესამე ადგილი აიღო. პირველი სამი ადგილის მფლობელის იდეა კი გამარჯვებულად ითვლებოდა და ისინი კულტურის სტრატეგიის დოკუმენტში მოხვდა. ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო ეს ფაქტი, რადგან რაღაც რეალური შედეგი მოიტანა ჩემმა ერთი შეხედვით „გრანდიოზულმა“ იდეამ და ვთვლი, რომ ეს ჩემი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პატარა წარმატებაა”.

-მოგვიყევი შენს იდეაზე?

-„კულტურის მუზეუმი“ არის სივრცე, რომელსაც შეეძლო ინტელექტუალური რესურსის საფუძველზე, გაეცოცხლებინა გამოსახულებები ამ სივრცის კედლებზე. ყველა სტუმარი, მასში, საკუთარ  თავს სადღაც კულტურასა და ისტორიაში იგრძნობდა. ძირითადად, ეს სივრცე კულტურული მემკვიდრეობის ციფრულად გაცოცხლებას, შემეცნებითი და გასართობი პროგრამების შემოთავაზებას უზრუნველყოფდა. „იდეათონის“ შემდეგ რამდენიმე მონაწილესთან კავშირი არ შემიწყვეტია, მათ თავიანთი გამოცდილება გამიზიარეს, რითაც მე ბევრი შევიძინე.

-ჰქონდა გამარჯვების იმედი?

-ბუნებრივია, თავიდანვე მქონდა გამარჯვების ამბიცია, რაც მართლაც, რომ ახდა. “იდეათონმა” მომცა საშუალება თავი გამომეცადა იდეების რეალურ კონკურენციაში, სადაც ვთვლი, რომ ღირსეულად ვიასპარეზე. მომცა უნარები და ახალი ხედვა, რის შემდეგაც ჩემს ყველა იდეას ვინახავ და ვთვლი, რომ ისინი ერთ დღესაც აუცილებლად გამომადგება.

-ახალგაზრდულ აქტივობებში ხარ ჩართული. ჩვენს ქალაქში, რა არის ახალგაზრდების პრობლემა..

-პირველ რიგში, ტრანსპორტის საკითხი არის მოსაწესრიგებელი. მუნიციპალური ავტობუსი სოფლიდან შვიდის ნახევრის მერე აღარ მოძრაობს და ეს უქმნის ახალგაზრდებს პრობლემას. მეგობრები მყავს სოფლიდან, რომლებიც ბიბლიოთეკის აქტივობებში არიან ჩართულნი, როდესაც ღონისძიება საღამოობით იმართება, ისინი ვერ ახერხებენ ჩამოსვლას. მეორე პრობლემა, რომელიც ჩვენ, ახალგაზრდებს, გვაწუხეს ეს არის ახალგაზრდული სივრცის არარსებობა. ქალაქში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს. აუცილებელია ამ ახალგაზრდების ერთმანეთთან დაკავშირება, აზრების გაცვლა და დალაპარაკება. ამისთვის კი, ადგილი უნდა არსებობდეს. ვფიქრობ, უფრო მეტი ახალგაზრდული სივრცეებია საჭირო. ასევე, მნიშვნელოვანია ქალაქში „მწვანე სივრცის“ არსებობა. ქალაქის ერთ-ერთი რეკრეაციული ზონა, ბოტანიკური ბაღი ფასიანი გახდა და ბევრი ვერ ახერხებს იქ შესვლას. არის ქალაქში ბევრი სივრცე, რომლის გადაკეთება შეიძლება რომ მრავაპროფილური გახდეს.

-ზუგდიდში ვიზიტად მყოფ ამერიკის ელჩს კელი დეგნანს შეხვდი…

-დიახ. ელჩთან ვისაუბრეთ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, ამერიკული კუთხის მნიშვნელობაზე, დეზინფორმაციაზე, პროპაგანდაზე და ხელოვნურად გამოწვეულ პროვოკაციებზე. საუბარი ასევე შეეხო პოლიტიკას, რომელიც უცნაურად წამოიჭრა. მინდა გითხრათ, რომ შეხვედრით კმაყოფილი დავრჩით.

-ზურაბ, წიგნის მოყვარულთა საინიციატივო ჯგუფის, B612-ს წევრი ხარ..

-ბიბლიოთეკაში ჩამოყალიბდა წიგნისმოყვარული ახალგაზრდების კლუბი სახელწოდებით „B612“. ჩვენმა საინიციატივო ჯგუფმა დაარსების დღიდან არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განახორციელა და აგრძელებს აქტიურობას. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თვალი ადევნოს B612-ის საქმიანობას და შემოგვიერთდეს. ჩვენთან, როგორც ახალგაზრდები, ისე უფროსი თაობის წარმომადგენლები არიან. ასეთი სივრცეების შექმნა არის ძალიან მნიშვნელოვანი განვითარებისთვის და პროგრესისთვის.

-რამდენიმე ჰობი გაქვს…

-დიახ. წერა და ფოტოგრაფია ჩემი ჰობია. ვწერ ლექსებს, ჩანახატებს და მოთხრობებს. მოთხრობებს ძირითადად ჩემი პატარა ძმისთვის ვწერ. ლექსების თემატიკა კი მრავალფეროვანია, უფრო შაირები მიზიდავს.

თავისუფალ დროს ტელეფონით ვიღებ ფოტოებს. სამწუხაროდ, პროფესიონალური ფოტოაპარატი არ მაქვს. ვიცი, ფოტოების დამუშავება და მათი აწყობა. ბევრ პროფესიონალ ფოტოგრაფს უთქვამს, ტელეფონით ასეთი კადრი როგორ გადაიღეო… ადრეულ ასაკში, გრაფიკული დიზაინით დავინტერესდი და შევისწავლე ეს საქმე.

-წლების შემდეგ როგორ წარმოგიდგენია შენი მომავალი…

-ამ კითხვაზე ბევრჯერ მიფიქრია, მაგრამ არასდროს არ მქონია კონკრეტული პასუხი. ერთდროულად ძალიან ბევრი რამ მაინტერესებს. დარწმუნებული ვარ, აქტიური ადამიანი ვიქნები. ვეცდები, უწყვეტად განვითარდე. მსურს, ჩემს ქვეყანას რაიმე ღირებული დავუტოვო და ჩემი წვლილი შევიტანო მის განვითარებაში.

მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!