- შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, მიხეილ გოგოლიძემ ზუგდიდის დასუფთავების სამსახურის უფროსთან, ნუგზარ მალაშხიასთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ქაღალდისა და მუყაოს სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან განცალკევებული შეგროვების საპილოტე პროექტის გაფართოების საკითხები განიხილა.
საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ინფორმაციით, ქაღალდისა და მუყაოს განცალკევებული შეგროვების პროექტის გაფართოების ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ლოკაციაზე, დამატებით, 300 სპეციალური კონტეინერის განთავსება იგეგმება. ამ ეტაპზე, ქაღალდი და მუყაო რეგიონში 175 სპეციალურ კონტეინერში გროვდება, შემდეგ სპეციალურ საწყობში ტრანსპორტირდება და იპრესება. ტენდერის მეშვეობით დაპრესილი მასალა იყიდება და მისი გადამუშავებით ახალი პროდუქცია იქმნება.
საპილოტე პროექტი ხორციელდება “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II -ის” ფარგლებში, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტისა და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების ქსელის მოწყობას მოიცავს.




