- სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში მერობის ოპოზიციურმა კანდიდატებმა ზუგდიდში ბრიფინგი გამართეს.
ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ განაცხადა: “მივმართავ მთავრობას, ძალიან გთხოვთ, შეინარჩუნეთ ადამიანური სახე, ნუ ილანძღებით – დიახ, მე ვარ ზუგდიდის მერობის მოხუცი კანდიდატი, “მაღურალიო”, მერიაში ამბობენ. მე თქვენ დაგანახებთ როგორი მოხუცი ვარ, ბევრ ახალგაზრდას ვჯობივარ. მადლობას ვწირავ ღმერთს იმისთვის, რომ ამ ასაკში მომცა ღმერთმა უფლება, რომ დამენახა ხალხის სიყვარული ჩემი და ჩემი შვილის მიმართ. მე ბედნიერი კაცი ვარ, დავდივარ თითქმის ყველა სოფელში, ოჯახებში შევდივარ დღეში რამდენჯერმე და ენით ვერ გადმოგცემთ იმ სიხარულს, სითბოს და სიყვარულს, რასაც ეს ხალხი გვაძლევს. თანაც გული მტკივა, რომ ეს სოფლები, ასეთი ლამაზი ბუნების სოფლები დაცარიელებულია, ახალგაზრდები არ არიან. გარდაქმნა აუცილებელია, ასე გაგრძელება არ შეიძლება. არ შეიძლება, რომ ჩვენ, მეგრელ ხალხს ბოღმის ენით, შურის, სიძულვილის ენით გვესაუბრებოდეს მთავრობა”.
ანზორ მელიამ, მმართველ გუნდს მიმართა, რომ ნორმალურად მოიქცნენ.
„ნორმალურად მოიქეცით, 30 ოქტომბერს მეორე ტური იქნება და ზუგდიდელები დაგანახებენ ძალას, ვის მისცემენ ხმას. გთხოვთ კაცურად, ოჯახისშვილურად მოიქეცით, ნუ ხართ დაბოღმილები, გამხეცებულები, რას კადრულობს პრემიერი, მრცხვენია, რომ ეს ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყოს, რას ბოდავს, რას აკეთებს ხალხო, მოგწონთ ეს ყველაფერი? ეს რა არის“, – განაცხდა ანზორ მელიამ.