- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია ||-ის ლოცვა-კურთხევით, ზუგდიდში ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან მსვლელობა გაიმართა.
სადღესასწაულო მსვლელობაში ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სასულიერო პირები, მრევლი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები და რიგითი მოქალაქეები მონაწილეობდნენ.
სასულიერო პირებმა ქალაქის ცენტრალური ქუჩები და ბულვარის მიმდებარე ტერიტორია აკურთხეს. მოგვიანებით კი, ღვთისმშობლის მოზაიკურ ფრესკასთან პარაკლისი გადაიხადეს.
ინფორმაციისთვის: ბოლო ათი წელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, 17 მაისს, ქვეყანაში, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.