- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, მოადგილეებთან ერთად, ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს, ახლადრეაბილიტირებული ზუგდიდის მე-12 საჯარო სკოლიდან მიულოცეს.
,,მივესალმები ჩვენ საოცარ მომავალ თაობას, მშობლებს, პედაგოგებსა და განსაკუთრებით პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველად შეაბიჯებენ ამ სკოლაში, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სწავლისა და ცოდნის საოცარ სამყაროში და გვიხარია, რომ თქვენი პირველი ნაბიჯები სკოლაში, იქნება კეთილმოწყობილ, რეაბილიტირებულ გარემოში, სადაც თითოეულ თქვენგანს ექნება შესაძლებლობა მიიღოს სრულყოფილი განათლება. მინდა ასევე გულითადად მივესალმო მეთორმეტე კლასელებს, რომლებიც სულ მალე მათ საყვარელ სკოლას დატოვებენ და ჩვენ დარწმუნებული ვართ ამ სკოლიდან ძალიან კარგი განათლებითა და აკადემიური მოსწრებით ისინი გაიკვლევენ გზას კიდევ უფრო მეტი წარმატებისკენ. დიდ მადლობას გიხდით ასწავლებლებს, ვისაც გაბარიათ ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობის სულიერი და ფიზიკური აღზრდა, თქვენ ძალიან დიდ შრომას დებთ და ეს რა თქმა უნდა შეუფასებელია თაობების მიერ. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისი იდეითაც, ნახევარი საუკუნის შემდეგ ამ სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ“-აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას მამუკა წოწერიამ.
მე-12 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
მე-12 სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდა და სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის.
მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.
მიმდინარე წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 3 სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.