- ზუგდიდის მერიის ორგანიზებით, დღეს ველომარათონი გაიმართა, რომელმაც სტარტი ჭითაწყარის ადმინისტრაციულ ერთეულში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე (სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მიმდებარედ), აიღო და მერაბ კოსტავას სახელობის ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის მიმდებარედ (ზ.გამსახურდიას ქუჩაზე) დასრულდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ველომარათონში 50-მდე ველომრბოლელი მონაწილეობდა, მათ შორის ასაკით ყველაზე პატარა მონაწილე 11 წლის მათე ქირია, ხოლო ყველაზე უხუცესი მონაწილე მამაკაცებს შორის 78 წლის მურთაზ ქანთარია იყვნენ. ველორბოლაში მონაწილეობა ქალბატონმა ნანი თორიამაც მიიღო.
საპრიზო ადგილზე გასულ მონაწილეებს სპეციალური პრიზები და ფულადი ჯილდო გადაეცათ.
I ადგილი გიორგი სამუშიამ დაიკავა, რომელსაც 1000 ლარი, II ადგილი დაიკავა მიხეილ მორგოშიამ, რომელსაც 800 ლარი, ხოლო III ადგილის მფლობელ აკაკი ჯგუბურიას 600 ლარი გადაეცათ.
გამარჯვებულებს პრიზები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, კონსტანტინე კაკავამ და სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორმა გოჩა ჩიქოვანმა გადასცეს.
ღონისძიების მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ველოსპორტის განვითარებაა.