ზუგდიდი ახალი გერბის მოლოდინში


 აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ზუგდიდის გერბზე. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, კახაბერ ფარცვანიას თქმით: გერბის რამდენიმე სამუშაო ვერსია გადაგზავნილია ჰერალდიკის საბჭოში და უახლოეს პერიოდში ზუგდიდს ექნება თავისი გერბი. მნიშვნელოვანია, რომ მასზე ,,ოქროს საწმისთან” ერთად, გამოსახული იქნება ღვთისმშობლის სამოსელი-კვართი. რომელიც ზუგდიდშია დავანებული, მაგრამ საზოგადოების გარკვეული ნაწილის აზრით, სასურველია, გერბზე გამოსახული იყოს ღვთისმშობლის სარტყელი.
`ზუგდიდთან~ საუბრობს დეკანოზი მალხაზი (ჭანტურია), ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის მოადგილე: `ზუგდიდის გერბზე აუცილებლობად მიმაჩნია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსელთან ერთად იყოს სარტყელი გამოსახული, რამეთუ, ეს ორი სიწმინდე საეკლესიო ტროპარშიც ერთად მოიხსენიება. ვლაქერნაშიც, კონსტანტინოპოლის საკათედრო ტაძარში, ეს ორი სიწმინდე ერთად იყო. კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ, მე -15 საუკუნეში, როდესაც ოსმალებმა აიღეს ბიზანტია, ეს სიწმინდეები შავი ზღვით საქართველოში, იყრის თავს. დადიანები შემთხვევით არ ირჩევენ ჩვენს ქალაქს სამთავროს დედაქალაქად, მთავარ რეზიდენციად. ეს სიწმინდეები ითვლება მათ საგვარეულო რელიქვიად და თვითონ ქალაქი ზუგდიდი მე-19 საუკუნეში, დადიანების ეკლესიის გარშემო იქნა გაშენებული. ხოლო ტაძარი კი, ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელზეა, რომელზეც იყო მიმაგრებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელი. დაახლოებით ასი წლის შედეგ, 1921 წელს, აქ მობრძანდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსელი, აქედან გამომინარე, ეს ორი სიწმინდე, აუცილებლად მიმაჩნია, იყოს ზუგდიდის გერბზე განთავსებული. ეს ხელს შეუწყობს საეკლესიო მომლოცველობას, ჩვენ ადამიანებს უნდა მივაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია მსოფლიოს უდიდესი სიწმინდეების შესახებ. მე რამდენიმე წელია ზუგდიდის გერბის შექნის კომისიაში ვარ, სხვათაშორის, ეკლესიას დიდი ძალისხმევა მოუხდა, დაემტკიცებინა ჰერალდიკის კომისიისთვის 2007 წელს, რომ ზუგდიდის გერბზე იყოს საეკლესიო სიწმინდეები. ისინი ჩვენ გვიმტკიცებდნენ, რომ ჰერალდიკის ენაზე გერბზე არ შეიძლება იყოს საეკლესიო სიწმინდები, ჩვენ არასაპეციალისტები ვიყავით, მაგრამ ვუმტკიცებდით, რომ ბაგრატიონების გერბზე არის მაცხოვრის კვართი გამოსახული, და ა.შ. შემდეგ გვიმტკიცებდნენ, რომ ორი სიწმინდის გამოსახვა არ შეიძლებოდა. რაც შეეხება სამოსელს, მისი პირდაპირი სურათის გამოსახვის მეც წინააღმდეგი ვარ იმ ფორმით, რა ფორმითაც ქონდა გამოტანილი კომისიას. ეს უკვე ჰერალდიკოსების გადასაწყვეტია, როგორც იკონოგრაფიაში, ისე ჰერალდიკაში, არსებობს სიმბოლიზაცია, არ შეიძლება პირდაპირ სურათის სახით გამოსახვა, ისინი სიმბოლის სახით გამოსახავენ. მთავარია გასაგები იყოს ადამიანისთვის.
_ მაგრამ მამაო, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამბობს, რომ არ არსებობს ღვთისმშობლის სარტყლის ხილული ვერსია.
_ასე ითვლება უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისიდან, როდესაც წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი) აღნიშნავს, რომ 1913 წელს, სამეგრელოში მოგზაურობისას, მან ვერ იხილა ვლაქერნის ხატთან სარტყელი. მანამდე, რუსი და ფრანგი მოგზაურები, როდესაც დადიანების ტაძარში წირვას ესწრებოდნენ, 1848 წელს, აღნიშნავდნენ და დეტალურადაც აღწერდნენ სარტყელს. ისტორიული ფაქტებითა და წყაროებით, სარტყელი, იმყოფებოდა ზუგდიდში, ამ ტაძარში. დღეს, ხელოვნების მუზეუმში, სადაც ბრძანდება ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი, იქ ბრძანდება სარტყლის მხოლოდ ნაჭერი, რომელიც ზუსტად ემთხვევა იმ ზომებს, რომელსაც მურავიოვი აღწერს 1848 წელს. პროფესორი ელდარ ბუბულაშვილი, ვარაუდობს, რომ შეიძლება ეს იყოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ძვირფასი ქვებისგან გაძარცული სარტყლის ის ნაწილი, რომელიც ზუგდიდში იმყოფებოდა. სარტყლის მცირე ნაწილი ათონის მთაზეა. ვატოპედის მონასტერში. გერმანიაში იმყოფება სარტყლის კიდევ ერთი ნაწილი. 1903 წელს, ათონის წმინდა მთაზე წმინდა პანტელეიმონის სახელობის მონასტრის მიერ გამოცემულ წიგნში ,,ყოვლადწინდა ღვთისმშობლის სიწმინდეების შესახებ” თვით რუსები აღნიშნავენ, რომ ყველაზე დიდი ნაწილი იმყოფება საქართველოში, ზუგდიდში, ასე რომ ჩემზე მეტად ამ საკითხით ისტორიკოსები, მეცნიერები უნდა ინტერესდებოდნენ და ასაბუთებდნენ. ჩვენი სურვილია, ჩვენს ქალაქს მსოფლიოს მნიშვნელობის მქონე სიწმინდეები არ დაუკარგოთ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.