- ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის (სს”ვიანი”) ქირურგიულ განყოფილებას ჯანდაცვის სამინისტროს მარეგულირებელმა სააგენტომ 4 ოქტომბრიდან საქმიანობის უფლება შეუჩერა. ამ ეტაპზე საავადმყოფოში ოპერაციები არ ტარდება.
საკითხთან დაკავშირებით, “ზუგდიდელები” დაუკავშირდა ზუგდიდის რეფერალური ჰოსპტალის დირექტორს ტატო თოდუას. “ახალი მოთხოვნების მიხედვით, სანებართვო პირობების შემოწმება მიმდინარეობს ქვეყნის ყველა იმ ჰოსპიტალში, რომელიც ახორციელებს რეანიმაციულ და ქირურგიულ სტაციონარულ სერვისებს. ჩვენი ჰოსპიტალი, მსგავსად, სხვა ჰოსპიტლებისა, შემოწმებული იქნა სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ, რომელმაც მოგვცა გარკვეული რეკომენდაციები, რომლებიც გათვალისწინებული გახლავთ და ამჟამად ვართ განმეორებითი შემოწმების მოლოდინში, რათა გადამოწმდეს გაცემული რეკომენდაციების ჯეროვანი შესრულება და გაიცეს ქირურგია-რეანიმაციაში სტაციონარული საქმიანობის ახალი ნებართვები.”