- ევროპის გასტრონომიის, კულტურის, ხელოვნებისა და ტურიზმის საერთაშორისო ინსტიტუტის (IGCAT) ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი ” Food Film Menu”.
კონკურსის მიზანია, ადგილობრივი თემების გაძლიერება, განსხვავებული საკვების, კულტურის, ხელოვნების დაცვისა და პოპულარიზაციის მნიშვნელობის ცნობიერების ამაღლება.
ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში მიმდინარე წელს ზუგდიდი, და ზოგადად, საქართველო პირველად წარსდგა ამ კონკურსზე.
ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ,,რეპორტიორობა ჟურნალისტიკაში” ფარგლებში გადაღებული ფილმი “ბჟაშ ომაფე – რძის და მზის სამეფო”, კონკურსის ჟიურის მიერ გამარჯვებულად გამოცხადდა “მსოფლიო გასტრონომიის რეგიონის პრეტენდენტის” კატეგორიაში.
ვულოცავთ საქართველოს, რომ ავთენტური გასტრონომიის გაცნობის პირველივე მცდელობა ასეთი წარმატებული აღმოჩნდა.
გასტრონომიის, კულტურის, ხელოვნებისა და ტურიზმის საერთაშორისო ინსტიტუტი IGCAT-ის პარტნიორი საქართველოში გახლავთ ააიპ ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, რომელმაც მიიღო ექსკლუზიური უფლება საქართველოში შიდა შესარჩევი კონკურსის ჩასატარებლად.
თუმცა, იმისათვის, რომ ჩვენი ფილმი “ბჟაშ ომაფე” სხვა ფინალისტების შორის გამარჯვებულად გამოცხადდეს, საჭიროა საზოგადოების, ჩვენი თანაქალაქელებისა და მთელი საქართველოს მხარდაჭერა.
ხმის მიცემა დაიწყება 26 სექტებერს დილის 9:00 საათიდან, ცენტრალური ევროპის დროით,(საქართველოს დროით დილის 11:00 საათიდან) და გაგრძელდება 30 სექტემბრის შუაღამემდე (ღამის 02:00 საათი).
გთხოვთ, გადახვიდეთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე და დააფიქსიროთ თქვენი ხმა,
გაითვალისწინეთ, ფილმის ინგლისური სახელწოდებაა Kingdom of milk and the Sun.