ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ, მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში ახალგაზრდებს წარუდგინა


  • ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ, მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში ბოტანიკურ ბაღში ახალგაზრდებს წარუდგინა.

მერმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ხელშეწყობა მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ამ კუთხით არსებულ სხვადასხვა პროექტებზე ისაუბრა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელობის ბიბლიოთეკის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. მოეწყობა ახალგაზრდული ცენტრი, სამკითხველო დარბაზი, ბიბლიოთეკის არქივი, საგამოფენო სივრცე, საინფორმაციო ცენტრი ტურისტებისთვის, სივრცე ინტერაქტიული სწავლებისთვის.

მამუკა წოწერიამ ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და აღნიშნა, რომ მათი საინტერესო ინიციატივები აუცილებლად გახდება სამოქმედო გეგმის ნაწილი.

„ძალიან მნიშვნელოვან სეგმენტთან-ახალგაზრდებთან გვქონდა შეხვედრა. აქტიური ახალგაზრდები გვყავს, რომლებსაც ძალიან საინტერესო ინიციატივები აქვთ. ეს ინიციატივები აუცილებლად გახდება ჩვენი სამოქმედო გეგმის ნაწილი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანია სათათბიროს როლი ახალგაზრდების განვითარების საქმეში, რომელთაც ჩვენ ვანდობთ ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებას. ჩვენი მიდგომა არის ვაკეთოთ საქმე ახალგაზრდებისთვის, მათივე ჩართულობით“-აღნიშნა მამუკა წოწერიამ.

მერმა შეხვედრაზე ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაზე ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, ზუგდიდი არის ერთადერთი მუნიციპალიტეტი ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერას ახორციელებს.

ასევე, ამავე პროგრამით 2022-2023 სასწავლო წლისთვის, მერის სტიპენდია 82 სტუდენტს დაენიშნა.

აღსანიშნავია კიდევ ერთი პროგრამა, ახალგაზრდული პროექტების დაფინანსება. პროგრამის მიზანია ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებმა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიმუშაონ 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდებზე (ადგილობრივი/დევნილი) ორიენტირებული პროექტები. 

მერმა პრემიერის ინიციატივაზე საქართველოს ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამაზეც ისაუბრა, რომლის ფარგლებში, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 35 000 000 ლარია გამოყოფილი. 

მამუკა წოწერიამ ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროგრამაზეც გაამახვილა ყურადღება. 

ცნობისთვის, „EU4Culture“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომლის მთავარი ფოკუსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონულ ქალაქებში კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების მხარდაჭერაა. პროექტი ხორციელდება საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის (მთავარი პარტნიორი და პროექტის განმახორციელებელი), დანიის კულტურის ინსტიტუტის, ჩეხეთის ცენტრებისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ.

აღსანიშნავია, რომ „EU4Culture“ პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყნის: აზერბაიჯანის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის 70-მა ქალაქმა. სტრატეგიების შეფასების შემდეგ, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების კონსორციუმმა, ზუგდიდი გამარჯვებულ ქალაქად გამოავლინა.

შეხვედრის დასასრულს მერმა ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა და პრობლემების გადაჭრის გზებზეც იმსჯელეს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!