ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქციაზე კომპანია “დაგი” იმუშავებს?


ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქციისათვის გამოცხადებული ტენდერი დამთავრდა, გამოვლინდა გამარჯვებული, კომპანია “დაგი”, რომელიც  8 მილიონ 819,683.10 ლარად შეასრულებს სარეკონსტრუქციო სამუშაოს. ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქცია  18 თვის განმავლობაში უნდა დამთავრდეს.

ეს ინფორმაცია, დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ფრაქცია “ქართული-ოცნება დემოკრატიული საქართველოს”  სხდომაზე, სადაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტზე იყო საუბარი, ერთ-ერთი დეპუტატის შეკითხვაზე, რა შედეგებით დამთავრდა ტენდერი, რომელსაც უნდა გამოევლინა კომპანია, რომელიც იმუშავებდა ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქციაზე, დეპუტატებს მიაწოდა სხდომაზე მყოფმა ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ.

მოგვიანებით, ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტო ბეჭდავს ინფორმაციას, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდში არ ადასტურებენ ინფორმაციას, ამ ეტაპზე, ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქციისათვის გამოცხადებულ  ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ.