ზუგდიდის ბაღებში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვის პროცესი მიმდინარეობს


  • ზუგდიდის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში 2022 წლის მაისის თვიდან საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების ( HACCP) სისტემის დანერგვის პროცესი მიმდინარეობს.

სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ზუგდიდის 62 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების 221 თანამშრომლისთვის 8 აგვისტოდან 10 აგვისტოს ჩათვლით, ჩატარდა ტრენინგების კურსი ჰიგიენის ზოგადი წესით დადგენილი მოთხოვნებისა და HACCP -ის სისტემის პრინციპების, ინტერპრეტაციისა და გამოყენების საკითხებზე.

ტრენინგი მოიცავდა ხუთ მოდულს, სამ სამუშაო შეხვედრას და 15 აკადემიურ საათს.

ყოველი სატრენინგო მოდულის დასასრულს ტარდებოდა ტესტირება და პრექტიკული სამუშაოები. ტესტირების შედეგები შეფასდა დამაკმაყოფილებლად.

სატრენინგო კურსს უძღვებოდნენ: საკონსულტაციო კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი – ლალი შამუგია, სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებრივი კვების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი – ბაია აბაშიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ინსპექტორი, ტრენერთა ტრენერი – თამარ ბერძენიშვილი.

მეორე ეტაპზე, 13 აგვისტოდან 18 აგვისტოს ჩათვლით განხორციელდა საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურული მოწყობის ანალიზი თითოეული საბავშვო ბაღის ადგილზე დათვალიერებით. შეფასდა ნედლეულის საწყობის, მთავარი სამზარეულოს, სველი წერტილების ზოგადი ინფრასტრუქტურული მდგომარეობის შესაბამისობა საქართველოს საკანონმდებლო მოთხოვნებთან.

ჩატარებული ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ რეგიონის მასშტაბით, სურსათის უვნებლობის სისტემის მართვის თანამედროვე სტანდარტზე გადასვლა და HACCP-ის სისტემის დანერგვა განხორციელდება ეტაპობრივად, ექსპერტების მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე საჭირო ინფრასტრუქტურული ცვლილებების, რეკონსტრუქციისა და სხვა მითითებების შესრულების შემდეგ.

HACCP -ის სისტემის დანერგვის მესამე დასკვნითი ეტაპის – საფრთხის ანალიზისა და HACCP -ის გეგმის ფორმულირებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია.

საკონსულტაციო კომპანიის ექსპერტ-კონსულტანტებმა სისტემის დანერგვის პირველი და მეორე ეტაპების შესრულების მიმდინარეობის შედეგები, სამუშაო შეხვედრაზე, სსდმ ცენტრის დირექტორთნ, ხათუნა თოლორაიასთან ერთად შეაჯამეს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.