დღეს, სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტმა, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “ვიცხოვროთ ძალადობის გარეშე” შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი იყო პროექტის განხორციელების პროცესში მიღებული შედეგის და სამომავლო ხედვის გაცნობა.
შეხვედრის მონაწილეებს, პროექტის განმავლობაში განხორციელებულ აქტივობებზე ესაუბრა სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის იურისტი რუსუდან პაჭკორია. მისი განმარტებით, პროექტი მიზნად ისახავდა ოჯახში ძალადობისა და ბავშვებზე, ახალგაზრდებზე ძალადობის პრევენციის ხელშეწყობას. რუსუდან პაჭკორიას ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები. ტრენინგი ჩატარდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოთხ თემში: რუხში, შამგონაში, ახალაბასთუმანში და განმუხურში. ტრენინგის თემა იყო “ძალადობა ოჯახში და ბავშვის უფლებები”, შემდეგ თემატიკაზე: ოჯახში ძალადობის ცნება, არსი, ფორმები. მსხვერპლი და მოძალადე, მსხვერპლის დაცვის სამართლებრივი მექანიზმები, ბავშვის უფლების საერთაშორისო სტანდარტები, ძალადობა ბავშვებზე ოჯახში, ბულინგი და ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის სისტემა საქართველოში. “ინფორმირებულობის დონე მოსახლეობის საკმაოდ დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვყავდა ტრენინგის მონაწილე ბენეფიციარები, პედაგოგები, უბნის ინსპექტორები, ექიმები, მათი ცოდნის დონე ამ სფეროში ვერ ცვლის საერთო სურათს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი უნდა ვიმუშავოთ იმისთვის, რომ ცნობიერების დონე და ინფორმირებულობის დონე მოსახლეობის ამაღლდეს. მათ ელემენტარულად არ იციან, რას ნიშნავს ბავშვების მიმართ ძალადობა, ან ვის მიმართონ იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვი ხდება ძალადობის მსხვერპლი.” რუსუდან პაჭკორიამ აღნიშნა, რომ პროექტის მიმდინარეობისას, მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ ერთ სივრცეში მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც ერთი და იგივე საკითხებზე მუშაობდნენ, მაგრამ არ ჰქონდათ შესაბამისი კომუნიკაცია. “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგი, ექიმი, უბნის ინსპექტორი, მშობელი, რიგითი მოსახლეობა ყველა ერთგვაროვნად აღიქვამდეს პრობლემას და ყველა საუბრობდეს ერთ ენაზე.”
ქვეპროექტი, სახელწოდებით „ვიცხოვროთ ძალადობის გარეშე“, არასამთავრობო ორგანიზაციამ „თანაზიარის“ პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ გრანტის ფარგლებში განახორციელა. “თანაზიარის” ხელმღვანელმა ხათუნა ბეჭვაიამ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის მიერ, განხორციელებული პროექტის გამოწვევებზე იმუშავებენ. “ვიმუშავებთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე და ინფორმირებულობაზე”.
პროექტით კმაყოფილია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რუხის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო ციკოლია. მისი თქმით, სამომავლოდ, პროექტი აუცილებლად უნდა განხორციელდეს. “შეხვედრის პერიოდში გამოიკვეთა, მნიშვნელოვანი საკითხები, რომლის გადაჭრა მოკლე დროში ნამდვილად არ შეიძლება. უნდა მოხდეს, როგორც პედაგოგების, მშობლების, უბნის ინსპექტორის, მედიცინის თანამშრომლების ერთობლივი შეხვედრა თავისუფალი საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით”.
. პროექტი განხორციელდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად” მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოსსაზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი პარტნიორ ორგანიზაციებთან “სთეფ ფორვარდთან” და “თანაზიართან” თანამშრომლობით. ასოცირებული პარტნიორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და child helpline international.