- 20 ივლისს, კვირას, ზუგდიდში, ივერიის ღვთისმშობლის მშენებარე ტაძრის ეზოში გაშლილ სეფაში, დილის წირვის შემდეგ, ეტაპობრივად, 2000–ზე მეტმა ადამიანმა იტრაპეზა. თავშეყრის ინიციატორად წარმოშობით ნარაზენელი ბიზნესმენი გიორგი (გიგა) ბერიშვილი დასახელდა.
იმასაც ამბობდნენ, მთელი საქართველო იყო მოპატიჟებული ტრაპეზზე, 4000 კაცის სურსათ–სანოვაგე მომზადდაო, და ეს არ არისო პირველი შემთხვევა,–გიორგი ბერიშვილის სახელით, არაერთგზის, უტრაპეზიათ ადამიანებს 100-300-1000-1500 კაციან სუფრებზეო.
გიორგი ბერიშვილის ფეისბუქგვერდზე ასეთი შინაარსის ტექსტს ვკითხულობთ: „ბატონებო! მეუფე გერასიმეს კურთხევით 20 ივლისს, ზუგდიდის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში დილის ცხრა საათზე აღევლინება წირვა საქართველოს მთლიანობისთვის, თორმეტ საათზე კი, პატივისცემით გიწვევთ ტრაპეზზე, სადაც ერი და ბერი ძველი კოლხური ტრადიციისამებრ („გოჭკომური“) მაგიდასთან ვისაუბრებთ ერთობისთვის მნიშვნელოვან და პრობლემურ საკითხებზე.“
მოგვიანებით, “ზუგდიდელებთან“, თავად გიორგი ამბობს, რომ იმ დღეს, 20 ივლისს, ტრაპეზის შემდეგ, ტონა ხორცი, ტონანახევარი ღვინო, 1000 ცალი პური, 300 კილოგრამი ყველი და ტრაპეზისთვის მისაღები სხვა პროდუქტი დაიხარჯა და ეტაპობრივად, მეუფე გერასიმესთან ერთად, 2000–მეტ სხვადასხვა სოციალური ფენისა და მდგომარეობის ადამიანს უმასპინძლა. ამბობს, რომ მისი აზრით, მსგავსი შინაარსის ტრაპეზობა, ერისა და ბერის გაერთიანებისთვის, ქვეყნის გადარჩენისთვის აუცილებელია, მადლობს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მღვდელმთავარს, მეუფე გერასიმეს კურთხევისთვის და მზადაა, კვლავაც ბევრჯერ გახდეს მსგავსი შეხვედრების ინიციატორ–ორგანიზატორი.
იმ დღეს, ტრაპეზობის პარალელურად, მშენებარე ტაძრის ეზოში, მიმდინარეობდა ხელმოწერები ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ,– 1500 ხელმოწერა შეგროვდა ამ სურვილით. გიორგი ბერიშვილი “ზუგდიდელებთან” შენიშნავს, რომ ამ ხელმოწერების შეგროვების ინიციატორი იქნება ზუგდიდი მისი ხელმძღვანელობით, მალე საინიციატივო ჯგუფთან ერთად ესტუმრება სვანეთს, იქიდან კი, მთელ საქართველოს, მუნიციპალიტეტებს, თემებს და ხელს შეუწყობს ერთიანი ქართული აზრის გამოხატვას ლგბტ თემის პროპაგანდის აკრძალვისთვის.
იმავე დღეს, ზუგდიდს, ესტუმრა ლევან ვასაძე თავის რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ტრაპეზში და სამომავლო ურთიერთობებისთვის განეწყო თავშეყრის ინიციატორთან ერთად, რასაც არც თავად გიორგი ბერიშვილი უარჰყოფს: ჩემი ნაცნობია ლევან ვასაძის ჯგუფის წევრი დიმა ღურწკაია. თბილისიდან ზუგდიდში რომ მოვდიოდი, შემხვდა და დავპატიჟე ტრაპეზზე. ტრაპეზის დღეს კი, დამირეკა–ორ საათში ბატონ ლევანთან ერთად ზუგდიდში ვიქნებითო. მესიამოვნა. მე ხომ მთელი საქართველო მოვიპატიჟე იმ დღეს ეკლესიის ეზოში სატრაპეზოდ და რატომ იქნებოდა გასაკვირი, ლევან ვასაძე შემოგვერთებოდაო.
ინფორმაციები, რომელიც მაღლა წაიკითხეთ, სხვადასხვა დოზით მიაწოდა საზოგადოებას მედიამ, საზოგადოებასაც არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გაუჩნდა ფაქტისადმი და მისი ინიციატორისადმი. გაჩნდა ლოგიკური შეკითხვა,– ვინ არის გიორგი ბერიშვილი, საიდან მოდის, სად და ვისთან დგას და რა მიზნები აქვს?
გიორგი (გიგა) ბერიშვილი დაიბადა 1981 წლის 12 ივნისს ნარაზენში. პროფესიით ეკონომისტია,–ფინანსური მენეჯერი, სპორტსმენი (კრივი), აქვს საქართველო–უკრაინის ორმაგი მოქალაქეობა. უკრაინაში, სადაც 2003 წლიდან ცხოვრობს, ფლობს ბიზნესს, არის კიევში ქართული დიასპორის “ქართული ქრისტიანული სამყარო” პრეზიდენტი. დაახლოებულია კიევ–პეჩორის ლავრის სამღვდელოებასთან. სწორედ მათ გადასცეს გიორგის, 80 უკრაინელი წმინდა მამის წმინდა ნაწილები და წმინდა გიორგის უძველესი ხატი საქართველოში ჩამოსაბრძანებლად, როცა გაიგეს, რომ მან, საქართველოში, თავის სოფელში, უკრაინის პატივსაცემად, ააშენა წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია, ხოლო უკრაინაში, უკრაინელი წმინდანების სახელზე, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, გასცა შესაწირი და მათ სახელზე გამართა ტრაპეზი (ამჟამად, 80 უკრაინელი წმიდა მამის წმიდა ნაწილები დაბრძანებულია ნარაზენის ხარების ეკლესიაში, წმიდა გიორგის ხატი კი, ბერიშვილების ოჯახის მიერ აშენებულ ეკლესიაში).
ინფორმაციისთვის: გიორგი ბერიშვილი ამბობს, რომ მის მიერ შესრულებულ საეკლესიო საქმიანობებს ყოველთვის თან სდევს შეხვედრები საქართველოს პატრიარქთან ილია მეორესთან. გიორგი საუბრობს, როგორი გულისყურით უსმენს მას ყოველ ჯერზე უწმიდესი და უნეტარესი, როგორ ურჩევს და აძლევს კურთხევას კეთილი საქმეებისთვის: “–ერთხელ, 500 ლარი გამომიწოდა. შენთვის საჩუქარი იყიდეო. მერე ლამაზად მოჩუქურთმებული ჯვარიც მაჩუქა–შენი ოჯახის უფროსმა წევრმა ატაროსო. მე ვთხოვე, 500 ლარის ეკლესიისთვის დახარჯვის კურთხევა მოეცა. რა გაქვს იქ გასაკეთებელიო. იატაკი მაქვს დასაფენი და ამ თანხას, თქვენს სახელზე, ამ საქმისთვის დავხარჯავ მეთქი. ზუსტად ის თანხა მეყო. ჯვარი კი, დედაჩემს გადავეცი, რადგან მამა არ არის ცოცხალი”.
გიორგი ამბობს, რომ ის ეკლესია, რომელიც ნარაზენში, მისი სახლის გასწვრივ, მისი დაფინანსებით აშენდა, ძირითადად, მამამისის ტოტო ბერიშვილის ხელმძღვანელობით, მისი ნარაზენელი მეზობლების შრომითაა აგებული. ერთ დღეს არ აცდენდნენო, ოფლი დაღვარესო და ჩემი ბავშვობის ოცნება, ამეშენებია ეკლესია, რეალობად მიქციესო.
გიორგი, მამას თვალცრემლანი იხსენებს,–სოფელს უყვარდაო, ბევრი სიკეთე გაუკეთებიაო, ხუთ შვილსაც ასე გვზრდიდაო. ხშირად მეტყოდა: სხვას თუ დაჩაგრავ, ჩემი შვილი არ იქნები, თუ აქეთ დაეჩაგვრინები, არც მაშინო.
გიორგის სახელს უკავშირდება არაერთი საქველმოქმედო საქმე საქართველოსა და უკრაინაში: ავადმყოფებისთვის, ობოლი ბავშვებისთვის ფინანსური ხელის შეწყობა. დიასპორას, რომელსაც გიორგი ხელმძღვანელობს, დაგეგმილი აქვს უკრაინელ მომლოცველ ბავშვთა ჯგუფის საქართველოში ჩამოყვანა. ასევე, უკრაინელები ელოდებიან ქართულ დელეგაციას, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, ნარაზენის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიისთვის ხატები ჩამოაბრძანოს.ფიქრობს ორგანიზება გაუწიოს სახალხო ნათლობას ჭანისწყალში. ამბობს, რომ აქვს ილია მეორისგან კურთხევა და სიტყვა: „სცადე, სცადე, სცადე…“
გიორგი საქართველოს განვითარებას ჯანმრთელი ცხოვრების წესში, რწმენით განმტკიცებაში და განათლებაში ხედავს,–ჭეშმარიტებას ჭვრეტს ფრაზაში, რომ გაუნათლებელი ექიმის ხელით კვდებიან ადამიანები, გაუნათლებელი ფინანსისტების ხელიდან იკარგება ფულები, გაუნათლებელი ინჟინრების ნაშენებ დანგრეულ შენობებში იღუპებიან ადამიანები, გაუნათლებელი იურისტები აქრობენ სიმართლეს, რომ განათლების კრახი,–ერის კრახია.
რაც შეეხება მის დამოკიდებულებას განსხვავებული ტრადიციის ადამიანებისადმი–ცალსახაა,–მთელ საქართველოს კარდაკარ შემოვივლი და ისე შევაგროვებ ხელმოწერებს, რომ ეს ხალხი ჩუმად იყოს, ჩირგვები შეიმალონ და ჩვენს მომავალ თაობას ცხოვრება არ მოუწამლონო. ჩვენს შვილებს არ სჭირდებათ მათი პროპაგანდა, როგორ იცხოვრონო. ჰო, რაც შეეხება შვილებს, ორი ქალიშვილი ჰყავს გიორგი ბერიშვილს (ამბობს ჯერჯერობითო)–მარიამი და ნინო. მეუღლე თამარ გვაგვალია პროფესიით მისი კოლეგაა, ეკონომისტი, იმავდროულად, ქიმიკოსიც და საქმეშიც, ხედვებშიც მისი თანამოაზრე, რითაც ამაყობს–ჩემი მეუღლე, ჩემი ოჯახის სახეაო.
“ზუგდიდელებთან” გიორგი ბერიშვილის სტუმრობა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ნარაზენში, ჭანისწყლისპირას გაზრდილი ბიჭის ამბავი, სანამ უკრაინას შემოივლიდა და უცხო ქვეყანაში თანამოაზრეებს გაიჩენდა, ადვილი მოსაყოლი არ არის,–ბევრი რამ არცაა წინასწარ გასამხელი, რადგან გიორგი ბერიშვილმა ცხოვრების ის გზა აირჩია, სადაც ადამიანები, ხშირად, მარტო, თვითონ, არ და ვერ წყვეტენ თავიანთი საკეთებელი საქმის ბედს და იღბალს. გიორგი ამბობს, რომ ამისთვის ადამიანებმა ჯერ უნდა ვიპოვოთ ერთმანეთი, მერე ერთად დავდგეთ და მიზანსაც მივაღწევთო. მიზანი ნაცნობია, ერთიანი, გაბრწყინებული საქართველო.
ნ. მიქავა
Gamixarda chveneburi kaci romelic amdeni ramitaa dainteresebuli lgbt saertod unda gaqres saqartvelodan evropashi mcxovrebi qartveli mec giertdebit amashi
ufalma daglocos da gagaZlieros jima