- შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თბილისისა და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა. პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებთან შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე – შალვა ბედოიძე დაესწრო. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ვახტანგ გომელაურმა პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებისგან დედაქალაქსა და რეგიონებში დანაშაულთან ბრძოლის, ასევე, პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე, დანაშაულთან ბრძოლის შედეგებზე და საზოგადოების უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს გარკვეული ტიპის დანაშაულის რაოდენობის კლება დაფიქსირდა, გახსნის მაჩვენებელმა კი მოიმატა.
მინისტრმა დანაყოფების ხელმძღვანელებთან ასევე ისაუბრა მომავალ წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მთავრობის მეთაურის ინიციატივით სამინისტროს თანამშრომლებისთვის შრომის ანაზღაურების 20%-ით გაზრდის შესახებ, ასევე საპოლიციო საქმიანობის გაუმჯობესებისთვის საჭირო სამუშაოებისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ.
ვახტანგ გომელაურმა შედეგიანი საქმიანობისთვის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით კომპლექსური ღონისძიებები 2023 წელსაც აქტიურად გაგრძელდება.