“ეს სცენა არც თეატრისთვის ვარგა და არც სასახლისთვის…”


„ზუგდიდელები.გე“- ს ჟურნალისტთან ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ ქვარაიას საუბარმა, სადაც ის აღნიშნავს, რომ ზუგდიდის თეატრის რეაბილიტაციის  შემთხვევაში, თეატრის მსახიობებს შეუძლიათ ალტერნატიული სცენით ისარგებლონ და რომ ეს შეიძლება ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დარბაზის სცენა იყოს, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება აქვს ზუგდიდის თეტრის მსახიობს მერაბ კაკალიას. მან „ზუგდიდელები.გე“-ს უთხრა: “თეატრისთვის და სპექტაკლისთვის  მთავარია, ე.წ. „შტანგენტკები“, რომელსაც იყენებენ დეკორაციის ასაგებად, მაგრამ ეს არა აქვს სასახლის სცენას. დეკორაციები  უნდა აიწიოს  სცენის  ზემოთ, მაგრამ  ამ სცენის ზევით გააკეთეს იატაკი, რომელსაც აქვს პატარ – პატარა ე.წ. „ლუკები“, რაც სრულიად გამოუსადეგარია თეატრისთვის, ვინაიდან ზემოთ „შტანგენტკები“ უნდა აიგოს  და არა „ლუკები“. სცენა მთლიანად გაჭედეს „გიფსოკარდონებით“, მიუხედავად იმისა, რომ მე ვიყავი ამის სასტიკი წინააღმდეგი, რადგან სრულიად დაიკარგა აკუსტიკა.  კანონით,  ყველა თეატრში უნდა იყოს სცენა აგურით გაკეთებული.  აქაც აგურით იყო გაკეთებული და გაუკეთეს ბათქაში, შემდეგ  „გიფსოკარდონი“  და სამჯერ შეღებეს. სცენაზე რომ შეხვალთ და დაილაპარაკებთ, თქვენი ნათქვამი უკან გიბრუნდებათ,  დაახლოებით სამ – ოთხჯერ და მაყურებლამდე და დარბაზამდე კი არ მიდის. ბატონი გუბერნატორი იყო აქ, საქმის კურსში რომ ჩავაყენეთ, ბატონმა ლევანმა  მე დამიჭირა მხარი,  ის ავიდა სცენაზე,  „გიფსოკარდონს“ ხელი დაადო და თქვა – რომ ეს არ ვარგა. გარდერობები საერთოდ  არ არის გათვალისწინებული. ეს სცენა არც თეატრისთვის ვარგა და არც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისათვის. ზუგდიდს ჰყავს ერთი შესანიშნავი ლოტბარი ქალბატონი ქეთინო კილასონია, რომელიც სასახლეში ხალხური სიმღერების გუნდს ხელმძღვანელობს. ქალბატონმა ქეთინომ და მე რომ დავათვალიერეთ ეს სცენა, მან გაკვირვებით თქვა „ვაიმე, აქ უნდა ვამღერო ბავშვები?“ და გავიდა, აკუსტიკა არ მოეწონა. მითხრეს, ეს სცენა სათეატროდ არ კეთდება, მხოლოდ საკონცერტოაო. საუბედუროდ, საკონცერტოდაც არ ვარგა, თუ არ მოაცილებენ „გიფსოკარდონებს“, ბათქაშს. ჩამოსაყრელია ყველაფერი და ჭერია მოსახსნელი, რომელიც შუაზე გადატიხრეს. ელემენტარულია, უკან ფარდა- „პანორამა“ ხომ უნდა დაიკიდოს, რომელიც მთლიანად უკანა კედელს ფარავს, სადაც მსახიობები გადიან და გამოდიან, მაყურებელმა რომ არ დაინახოს. მეუბნებიან, რომ აქ ფარდა იქნება. თუ ეს ფარდა იქნება,  მაშინ „გიფსოკარდონი“ რატომ გააკეთეს, რაში სჭირდებოდათ, ამ ფარდიდან არაფერი ჩანს. ან სამჯერ რისთვის უნდა შეღებვა ფარდის უკანა კედელს, რომელსაც ვერავინ დაინახავს გარდა მსახიობისა, ვინაიდან მას პანორმა და კულისები  ფარავს. „გიფსოკარდონმა“ ყველაფერი გააფუჭა,- სცენა არ ვარგა! სცენა კი მნიშვნელოვანია. თუ სათეატროდ გაკეთდება, ის საკონცერტოთაც ვარგა, მაგრამ რაც საკონცერტოდაც ვარგა, სათეატროდ არ ვარგა. და კიდევ: სცენა რომც სათანადოდ გააკეთონ და მხოლოდ სპექტაკლები რომ ვითამაშობთამ სცენაზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მუშაობა შეფერხდება. ამ სცენაზე,  უნდა იმუშაოს დაახლოებით  ორმა დრამატულმა წრემ,  ორმა ქართული ცეკვების წრემ,  ორმა სამეჯლისო წრემ, ხალხური სიმღერების წრემ. თუ თეატრიც აქ ითამაშებს, მაშინ ეს წრეები უნდა გაჩერდეს  და თეატრს უნდა დაუთმოს ასპარეზი. სასახლეში, ფაქტიურად, ოთახებიც არ არის,  ვერ ეტევიან, ძალიან მჭიდროდ არიან. თუ თეატრისთვისაც არ ვარგა მისი აქ გადმოსვლა, რატომ გავიჭირვოთ, როცა სხვა საშუალებები არსებობს?  აღნიშნული პრობლემების შესახებ იციან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ქალაქის მერმა თქვა, რომ ეს პროექტის ტენდერში გამარჯვებული ჯგუფის არქიტექტორის  ნამუშევარია. ვნახოთ, იქნებ გამოვნახოთო  გზა,  რომ გამოვასწოროთ შეცდომებიო. თეატრი სხვა დონეა და მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლე კიდევ სხვა დონე. მე ახლა ვდგამ სპექტაკლს  და სასტიკად წინააღმდეგი ვარ, სპექტაკლი ამ სცენაზე გავიტანო სათამაშოდ.“


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!