- საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დასრულდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველთა, ასევე მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეთა რეგისტრაცია.
რეგისტრირებულთა რაოდენობა:
- აბიტურიენტები – 39 300-ზე მეტი;
- სტუდენტები – 3 600-ზე მეტი;
- მაგისტრობის კანდიდატები – 12 600-ზე მეტი;
- მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები – 19 600-ზე მეტი.
პანდემიის გამო შექმნილი ვითარებისა და გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად გამოცდებზე რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც რეგისტრაცია დასრულდა (30 მარტის ნაცვლად) 30 აპრილის 18:00 საათზე.
ამ ეტაპზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადების ცვლილება არ განიხილება. ჩვეულებრივ, გამოცდები ივლისში ტარდება და მისი ჩატარების ზუსტი თარიღები ივნისში განისაზღვრება.
სამინისტრო და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქტიურად მუშაობენ საგამოცდო პროცესის უსაფრთხოდ ჩატარების გეგმაზე და მუდმივად გადიან კონსულტაციებს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან. ამ რეკომენდაციების შედეგად განისაზღვრება გამოცდების ჩატარების ზუსტი თარიღები.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადმინისტრირებისთვის სრულ მზადყოფნაშია და იმოქმედებს ეპიდსიტუაციისა და რეკომენდაციების შესაბამისად.
საგამოცდო პროცესის ორგანიზებისას გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის დისტანცირების, ჰიგიენური ნორმების დაცვისა და დეზინფექციის საკითხები.