ენგურის ტურისტული ზონის მოწყობაზე კვლევები დასრულდა

ამ ეტაპზე უკვე მზადაა საერთაშორისო კომპანია Colliers-ის მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროცესში ჩართულ სახელმწიფო უწყებებს პროექტის ფინანსურ-ეკონომიკური და სოციალური ეფექტის შესახებ წინასწარულ მონაცემებს აძლევს. კვლევა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დაკვეთით მომზადდა.

აღმასრულებელი ხელისუფლების მსჯელობის შემდეგ გაირკვევა რეგიონული მნიშვნელობის ტურისტული ზონის განვითარების მოდელი, რომელიც მასში კერძო საინვესტიციო ჯგუფების ჩართვის შესაძლელობას განსაზღვრავს. მოცემულ ეტაპზე არ გამოირიცხება პროექტის კერძო-საჯარო პარტნიორობის ფორმატში განხორციელება.

ენგურჰესის ტურისტული ზონის მოწყობის პროექტირების სამუშაოები ესტონურმა დიზაინ-არქიტექტურულმა კომპანია “კოკო არქიტექს”-მა შპს “ენგურის ტურისტული ცენტრის” ინიციატივით მოამზადა, რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ენერგეტიკის განვითარების ფონდისა და ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ადმინისტრაციის მიერ ერთობლივად დაფუძნებული საწარმოა.

პროექტის მიხედვით, მსოფლიო დონის ატრაქციის – ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ინფრასტრუქტურა გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცეს, სანაოსნო ინფრასტრუქტურას, მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალ ლიფტს (280 მ) და ექსტრემალური კომპონენტების შემცველ რამდენიმე ატრაქციას მოიცავს. პროექტირების ეტაპზე, საპროექტო ჯგუფსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი კონსულტაციებით, დეტალურად განისაზღვრა ტურისტული მარშრუტების საბოლოო მოდელებიც.

წინასწარი მონაცემებით, ზონის მოწყობის პროცესში რამდენიმე ასეული ადამიანი იქნება ჩართული. პარალელური სერვისების კუთხით კი ტურისტულ სივრცეში მუდმივად დასაქმდება 200-მდე ადგილობრივი მცხოვრები. არსებული გათვლებით, ენგურის ტურისტული ზონა რეგონიში ყველაზე შემოსავლიანი ტურისტული ობიექტი იქნება, რომელიც წელიწადში სავარაუდოდ 400 ათასამდე ტურისტს მოემსახურება.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 26 მლნ დოლარადაა განსაზღვრული.

 

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.