- ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე, რუსული ენის ცენტრი გაიხსნა, რომელსაც ხელმძღვანელობს ელისო კეზუა. ქალბატონი ელისო პარალელურად სასწავლო უნივერსიტეტში “გაენათი” და “ევროპული განათლების აკადემიაში” კითხულობს ლექციას.
-თქვენს შესახებ…
-მე ვარ აფხაზეთიდან, ამჟამად ვცხოვრობ აქ, ზუგდიდში, მყავს მეუღლე და ერთი შვილი.
-თქვენ, ზუგდიდში, რუსული ენის ცენტრის დამფუძნებელი ხართ…
-დავამთავრე მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი. თავიდან, ქართულ სკოლაში ვმუშაობდი, მაგრამ… გულახდილად გითხრათ, გამიჭირდა ენობრივი ბარიერის გამო. ჩავაბარე მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდა რუსულში, სწორედ ამის შემდეგ გავხსენი ეს ცენტრი.
– ბიოლოგიის სპეციალისტიც ბრძანდებით, არა?…
– დიახ, ბიოლოგიის და ეკოლოგიის. მოსკოვში საჯარო სკოლაში ვასწავლიდი ბიოლოგიას და ეკოლოგიას.
-როგორც ვიცი, თქვენ რამდენიმე მეთოდური წიგნის ავტორიც ხართ.
– კი, ბატონო. მეთოდური ლიტერატურის გამოცემა გადავწყვიტე მაშინ, როდესაც გახდა მოთხოვნადი რუსული ენა. მოსწავლეების რიცხვის მატებასთან ერთად, საჭირო იყო პროგრამით გათვალისწინებული განახლებული მასალა, რომელიც ფაქტიურდ არ იყო ხელმისაწვდომი. ჩემი გამოცემული სახელმძღვანელოები, სწორედ ამას უწყობს ხელს.
-როგორ ფიქრობთ, დღევანდელ თაობას, რამდენად აინტერესებს რუსული ენა?
– გამომდინრე იქიდან, რომ ჩემს ცენტრში, ამ ეტაპზე, სწავლობს 44 მოსწავლე, ალბათ ინტერესიც მაღალია, თუმცა ეს შეიძლება იყოს განპირობებული რთული გრამატიკის ნაწილით, რომლის შესასწავლად, მოსწავლეებს, დამატებითი დახმარება სჭირდებათ.
-თქვენი თავისუფალი დრო…
– სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა არის “თავისუფალი დრო”. დილიდან 12 საათამდე უნივერსიტეტში ვკითხულობ ლექციებს. 12-დან 20 საათამდე ცენტრში ვატარებ გაკვეთილებს და ასეთ რეჟიმში რთულია გამონახო თავისუფალი დრო.
-წარმატებული ქალბატონი ხართ, რას ნიშნავს თქვენთვის წარმატებულ ქალად ყოფნა?
– წარმატებული ქალის ფორმულა არ არსებობს, ყველას აქვს ინდივიდუალური მიდგომა. ჩემთვის წარმატებული ქალი არის, პირველ რიგში, თავის საქმის საუკეთესო სპეციალისტი, კარგი შვილი და საიმედო დედა.
– მოგვიყევით თქვენს ოჯახზე…
– მეუღლე რომან შეროზიაა. გვყავს ერთი შვილი. ბექა მეათე კლასის მოსწავლეა. ორი წლის წინ შექმნა ბექბოტი- ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს.
-თქვენი სამომავლო გეგმები…
-როგორც ადრე აღვნიშნე, მე ვარ დევნილი, დიდი სურვილი მაქვს დავეხმარო დევნილ მოსწავლეებს და 50%-იანი ფასდაკლების ვაუჩერს ვთავაზობ მათ, ცენტრში, ნებისმიერ პროგრამაზე.
საუბარი ჩაიწერა ანა ჯალაღონიამ