– საქართველოს სახელმწიფოს და ხალხის ერთგულება, პატიოსნება, ადამიანის უფლებების, თავისუფლებების და ღირსების პატივისცემა, ანგარიშვალდებულება ამომრჩევლის წინაშე, საქვეყნოობა, ტოლერანტობა, კაცთმოყვარეობა და თმენის უნარი პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად,– ეს ის ძირითადი პრინციპებია, რომელიც ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ საკრებულოს წევრთა ეთიკის კოდექსი ს სახით წარადგინა საკრებულოს სხდომაზე და დაამტკიცა. დოკუმენტის მიხედვით, საკრებულოს წევრი სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. კოდექსის თანახმად დეპუტატი ვალდებულია საკრებულოს საქმიანობაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში თავისი გარეგნული იერით, ქცევით და საჯარო გამოსვლებით შეესაბამებოდეს საზოგადოებრივი ეთიკის საყოველთაოდ მიღებულ ნორმებს, ყველა ვითარებაში დაიცვას საკრებულოს ავტორიტეტი, საზოგადოებრივი ინტერესები, საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი სხდომის წესები, არ დაუშვას კოლეგების, საკრებულოში მომუშავე და სხვა პირთა შეურაცხყოფა და უპატივცემლობა მათი განსხვავებული პოზიციის გამო. საკრებულოს წევრები არ უნდა იყენებდნენ დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ გამოთქმებს და უხამს სიტყვებს. დაუშვებელია პირადი დამოკიდებულების სამსახურისთვის მიუღებელი ფორმით გამოხატვა, მანდატის შეუსაბამო საქციელი სამსახურში თუ მის გარეთ. დეპუტატს ასევე ეკრძალება ნებისმიერი საჩუქრის ან მომსახურების მიღება, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მისი მხრიდან სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებაზე. საკრებულოს რესურსი მხოლოდ საჯარო სამსახურისთვის უნდა გამოიყენონ და არცერთ შემთხვევაში პოლიტიკური პარტიის, ან პირადი ინტერესებისთვის.
“ეთიკის კოდექსის” შემუშავების ინიციატივა ფრაქციას „ზუგდიდის მომავლისთვის“ ეკუთვნის.