- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ დევნილებისთვის განკუთვნილი ერთიანი ელექტრონული პორტალი წარადგინა, რომელიც აფხაზეთის მთავრობისა და მისი ყველა უწყების პროგრამებსა და სერვისებს ერთიან ციფრულ სივრცეში აერთიანებს.
აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, ერთიანი ელექტრონული პორტალი მიზნად ისახავს დევნილ მოქალაქეებსა და აფხაზეთის მთავრობის უწყებებს შორის კომუნიკაციის გამარტივებას. პორტალის საშუალებით დევნილ მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე, ერთ სივრცეში მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია ჯანდაცვის, განათლების, სოციალური მომსახურებისა და ეკონომიკის მიმართულებით არსებულ ყველა პროგრამასა და სერვისზე.
პორტალი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მიერ შეიქმნა.




