დევიზ ალანიძე: მიყვარს ჩემი საქმე და შრომა არ მეზარება


  • მუხლჩაუხრელი შრომობს მთელი ცხოვრება. სად არ შეხვდებით, სოფლის ყველა უბანს, კუთხეს დაივლის და თავის საქმეს დაუმადლებლად აკეთებს. საქმის სიყვარული, დაკისრებული მოვალეობებისადმი ერთგულება, სწორი მიდგომა, აქტიურობა, ბატონი დევიზ ალანიძის ცხოვრების წესია. ამიტომაც უყვართ ის და სჯერათ მისი.

დევიზ ალანიძე:-ვეტერინარი გახლავართ. დავამთავრე სამტრედიის რაიონის კულაშის ზოოვეტერინალური ტექნიკუმი. სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ ვმუშაობდი ჩხოროწყუში, “ცხოველმრეწვის” გაერთიანებაში. ერთ წელიწადში წამოვედი ზუგდიდში. 1977-78 წლებში ვიმუშავე ფურების ხელოვნურ დათესვაზე, შემდეგ ეს წარმოება გაუქმდა და ვმუშაობდი მაშინდელი კოლხიდის მეცხოველეობის ფერმაში. მინდოდა გადასვლა სხვა სამუშაოზე, მაგრამ კოლხიდის მაშინდელმა ყოფილმა კოლმეურნეობის თავმჯდომარემ, ბატონმა ნოდარ უბილავამ არაფრის დიდებით არ გამიშვა, შენ კარგი სპეციალისტი ხარ, ძლივს ვიპოვე შენი სახით კარგი სპეციალისტი და სხვაგან ვერ გაგიშვებო. მეც დავთანხმდი თავმჯდომარის თხოვნას და გავაგრძელე მუშაობა. პარალელურად, ვმუშაობდი კერძო საწარმოებშიც, მათ შორის გერმანულ საწარმოშიც რომელიც 2011 წელს კოლხიდაში დააფუძნა გერმანელმა ბიზნესმენმა. მოსახლეობა რომ მიცნობდა, ალბათ უთხრეს ბიზნესმენს ჩემზე და მეც დავთანხმდი შემოთავაზებას. პირველად, რომ მივედი ფერმაში, მომაკვდავი ხბო დამხვდა, არ მეგონა თუ გადავარჩენდი. გადავარჩინე. გერმანელ ბიზნსმენს ისე გაუხარდა, თითქოს ჩვილი ბავშვი გადამერჩინა, ფერმის პირველი ხბო იყო. ჩემი შემდეგი სამსახური სურსათის ეროვნული სააგენტო გახლდათ. 2011 წლიდან ვმუშაობ ამ სააგენტოში. სადაც მიმუშავია, არსად შევრცხვენილვარ, შემიძლია თამამად ვთქვა, არსად არ იყვნენ ჩემზე უკმაყოფილო, მიყვარს ჩემი საქმე და არ მეზარება შრომა.
-ხალხს, სოფლისას თუ ქალაქისას, განსაკუთრებული ხასიათი, ტრადიციები აქვთ, მათი გული რომ მოიგოთ უნდა გენდობოდნენ როგორ მოიპოვეთ ეს ნდობა?
-ალბათ, ისედაც მეტყობა მე ალალი და კეთილი კაცი რომ ვარ, რაც მთავარია არ ვიტყუები, არ ვატყუებ არავის. პასუხისმგებლობის დიდი უნარი მაქვს. თუ დამირეკავენ და მეტყვიან, საქონელი ავად არის და დაგვეხმარეო, წარმოუდგენლად განვიცდი. ვჩქარობ ნახვას, რომ არ დავაგვიანო. ბავშვობიდან მიყვარდა ეს საქმე. მამაჩემი მეტყოდა, შენ ვეტერინარი გახდებიო. ხელს მიწყობდა, რომ მესწავლა ეს სპეციალობა. სულ ვრეკავ იმ ოჯახში, სადაც მეგულება ავადმყოფი ცხოველი. სანამ არ გამოკეთდება, ყურადღებით ვარ მათ მიმართ. ახალსოფელის ყველა კომლის ტელეფონის ნომერი მიწერია, რვეული სულ გადავსებულია ტელეფონის ნომრებით, ზოგიერთებთან რომ ვრეკავ, გამორთულია, მაგრამ მაინც ვახერხებ დაკავშირებას. ჯუმი, კოლხიდა, ახალსოფელი, უჩაშონა, ოფაჩხაფუს მცხოვრებლები არამგონია ჩემზე ნაწყენი იყვნენ. არასოდეს უთქვამთ ჩემზე, სად არის, ან რატომ არ მოვიდა, რატომ დააგვიანაო?
-ბატონო დევიზ, როგორი მეუღლე, მამა და ბაბუა ხართ?
-მე, ჯაბუების სიძე ვარ, ჩემი მეუღლეა იზოლდა დათიკოს ასული ჯაბუა, კარგი ოჯახი გვაქვს. ორი შვილი გვყავს: თეა და თემურ ალანიძეები. თეა დაოჯახებულია, ქალ-ვაჟის დედაა. თემურიც დაოჯახებულია–ორი შვილი ჰყავს. მუშაობს სპორტის სფეროში. შეიძლება ითქვას, კარგი ბაბუა ვარ, სახლში დაბრუნებულს, ჩემი შვილიშვილები ხმაურით მეგეგებიან: ბაბუა მოდის, ბაბუა მოდისო… რაც ძალიან მახარებს.
-როგორ ფიქრობთ, ბატონო დევიზ, რა რის საჭირო ოჯახში ჰარმონიის შესანარჩუნებლად?
-რა თქმა უნდა, ოჯახში უნდა იყოს მშვიდობა, მე ვცხოვრობ თათარაშვილის ქუჩაზე და ჩემს ოჯახზე არავინ არ იტყვის რომ აყალმაყალი და ჩხუბია, ასევე მინდა ყველა ოჯახს მოვუწოდო სიმშვიდისკენ და ყველაფერი კარგად იქნება!
-ბატონო დევიზ ცხოვრებაში ყველაზე მწარე დრო თუ გახსოვთ?
-მტკივნეულად მახსოვს დრო, როცა ჩემი უსაყვარლესი ძმა დევნილი გახდა. მახსენდება ის დრო და მეტირება. ჩემი ძმისშვილი მაშინ იყო 9 თვის იყო. ახლაც არ ცხოვრობენ საქართველოში, 29 წელია მოსკოვში ცხოვრობენ. ბევრი იწვალეს, ცხოვრება ააწყვეს, მაგრამ უსამშობლოოდ ცხოვრება დიდი ტკივილია.
-ბატონო დევიზ, თქვენ თუ ხართ კმაყოფილი თქვენი ცხოვრებით?
-ძალიან კმაყოფილი ვარ და მინდა, ჩემი საქმე კიდევ ცოტა ხანი ღირსეულად ვაკეთო, ხალხს ვემსახურო, ჩემს შვილიშვილებს მოვეფერო.
როზა როგავა


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!