დედა, რომელიც შვილის სასაფლაოზე ცხოვრობს


ზუგდიდში, მაცხოვრის კარის სასაფლაოზე, 63 წლის დოდო ჯოხაძე, გარდაცვლილი შვილის დავით (ჯაჯა) ჯანჯღავას სასაფლაოზე შვიდი წელია ცხოვრობს. დათო 2009 წელს ტრაგიკულად, ავტოკატასტროფაში, ლია- ჩხორიის გზაზე დაიღუპა. შვილმკვდარ დედას გადაწყვეტილი ჰქონდა ერთადერთი ვაჟი  სახლში დაეკრძალა, მაგრამ მოხდა პირიქით, თავად გადავიდა საცხოვრებლად შვილის სასაფლაოზე და იქ დასახლდა.შვილმკვდარი და განსაცდელში არ მიატოვა დამ როზა ჯოხაძემ და ახლა ორივე სასაფლაოზე ცხოვრობს.  სანამ სასაფლაოზე თავშესაფარს აიშენებდნენ, დები ღია ცის ქვეშ  ათენებდნენ ღამეებს. ერთი წლის განმავლობაში, წვიმაში, თოვლში, ყინვაში, სიცხეში გარდაცვლილი შვილის საფლავთან  მოთქვამდნენ. ნელ-ნელა, სასაფლაო, პატარა სახლად იქცა. გაჩნდა ოთახი, სადაც ყველაფერს თავისი კუთხე და ადგილი აქვს. ამ “ყვალაფერში” დათოსა და მისი მეგობრების ფოტოებთან, დედის შვილისადმი მიძღვნილ ლექსთან ერთად გაჩნდა საძინებელი, სამზარეულო,  მაგიდით, სკამებით, მაცივარით, გაზქურით, დაცული რკინის კარადით. ზამთარში ოთახი ღუმელით თბება. ტელევიზორს მხოლოდ 10 დეკემბერს, დათოს დაბადების დღეზე, რთავენ. ამ დროს, დათოს მეგობრები იკრიბებიან აქ და ბევრს საუბრობენ მის ხასიათზე, თვისებებზე. ქალბატონი დოდო სადილსაც აქვე ამზადებს, მაგრამ საბანაოდ და თავის მოსაწესრიგებლად, როგორც გვითხრა, იქვე ახლოს მცხოვრებ ძმასთან მიდის სახლში და სწრაფადვე ბრუნდება უკან. ქალბატონი როზაც, დილით, სასაფლაოდან მიდის სამსახურში და საღამოს ისევ აქ, დასთან და გარდაცვლილ დისშვილთან ბრუნდება. შვილმკვდარი დედის დილა  ვაჟთან მისალმებით იწყება,-ეფერება მის სურათს, კოცნის, სანთლებს უნთებს, კითხულობს დედის ლოცვებს. შემდეგ ყავას ხარშავს და შვილთან სვამს. [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=-hi2NLuCEGE[/embedyt]

ქალბატონი დოდო, თავის დროზე, ზუგდიდში, აბრეშუმის საქსოვ ფაბრიკაში მუშაობდა, სწორედ იქ გაიცნო მომავალი მეუღლე. ფაბრიკის დახურვის შემდეგ, ფაიფურის ქარხანაში გადავიდა სამუშაოდ. მოგვიანებით, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციების გამო, ოჯახის სარჩენად, წლების განმავლობაში, ბაზარში განაგრძო საქმინიანობა. მეუღლეს რომ დაშორდა, დათო ორი თვის ყოფილა. დათოს “გეპეი”  წარმატებით დაუმთავრებია. ერთხანს საზღვარგარეთ მუშაობდა თურმე, მაგრამ დედისა და დეიდის სიყვარულმა უკან, სამშობლოში დააბრუნა.

ქალბატონი დოდო იხსენებს 2009 წლის ოთხ დეკემბერს მომხდარი ტრაგედიას:

„დათო, რომ დავკარგე, 32 წლის იყო. ახლა 39 წლის იქნებოდა. ცხოვრებაში ყველაფერი დაგეგმილი და გაწერილი ჰქონდა, მაგრამ განხორციელება არ დასცალდა. ყოველთვის ჩემს გვერდით ტრიალებდა. ბაზარში მეხმარებოდა საქონლის გატანა-შემოტანაში. არაფერი გვიჭირდა, ნორმალურად ვცხოვრობდით, სანამ ეს ტრაგედია მოხდებოდა. როცა დათო სახლიდან გასულა, დაუბარებია მალე მოვალო. მე და როზა ველოდებოდით. ცხრა საათი რომ შესრულდა, როზამ მითხრა, დავურეკავო, შენ მაინც არ დაიძინებ მის მოსვლამდე და ვკითხავ სად არისო. როცა ჩემმა დამ დაურეკა, ტელეფონზე სხვამ უპასუხა, გამიკვირდა, უცებ მივხვდი, რაღაც გვიჭირდა, რადგან დათო ძალიან ყურადღებიანი იყო და ყოველთვის გვპასუხობდა ტელეფონზე. თურმე, მეგობრებთან ერთად მიდიოდა სოფელ ლიაში.   ტრაგედიაც ლიასა და ჩხორიის გასაყარ გზაზე მოხდა. როგორც თვითმხილველებმა მითხრეს, დათო ადგილზე გარდაცვლილა.  საოცარი ბიჭი იყო, თბილი, მზრუნველი, დაოჯახებული არ იყო, რატომღაც არ ჩქარობდა.  მორწმუნე და ღვთისმოშიში ადამიანი იყო, ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობდა. აღმსარებელ-მაზიარებელი იყო. იმ დღეებში, მონასტერში მოსალოცად აპირებდა წასვლას. როგორც მითხრეს, შეხვედრაზე, სადაც დათო იმყოფებოდა, საერთოდ არ გაუღიმიაო. იმ დღის გადაღებული ფოტო მაქვს და თქვენც ხედავთ, როგორი სევდიანი თვალები აქვს, ალბათ, წინასწარ გრძნობდა რაღაცას. არ ვიცი, უფალმა თუ ეშმაკმა წამართვა ჩემი ერთადერთი შვილი. აქ, მის გვერდით, რომ არ ვიყო და არ ვესაუბრებოდე, აქამდე, ალბათ მკვდარი ვიქნებოდი, მაგრამ ჯერ არ მინდა სიკვდილი, რადგან დათოს სასაფლაოზე კიდევ დამრჩა საქმეები გასაკეთებელი’’.

– ქალბატონო დოდო, ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას?

-დათოს გარდაცვალების ამბავი, როცა შევიტყვე, რამდენჯერმე ვცადე თავის მოკვლა, მაგრამ ვერ შევძელი. მინდოდა, მეც მასთან ერთად ვყოფილიყავი, მოსვენება დავკარგე, ადგილს ვერ ვპოულობდი, ცოცხალი მოჩვენება ვიყავი. დათოს მეგობრები და ოჯახის წევრები მუდამ გვერდში მედგნენ, მამხნევებდნენ,- მეუბნებოდნენ, თავს თუ მოვიკლავდი, ჩემს შვილს ვერ ვნახავდი. დათოსაც უკვირს, ალბათ, ამდენი ხანი, მის გარეშე, როგორ ვცხოვრობ. ყოველთვის ვამბობდი, სადაც ჩემი შვილი იქნებოდა, მეც იქ ვიქნებოდი. დღეს, ჩემი შვილი აქ განისვენებს და მეც მის გვერდით უნდა ვიყო. ოჯახი კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ბევრჯერ სცადეს, გადაწყვეტილება შემეცვალა, მაგრამ ვერაფერს გახდნენ.

-როგორ შეძელით სასაფლაო სახლად გექციათ?

–  ეს ჩემი პატარა თავშესაფარია, სადაც ჩემს შვილთან ერთად შვიდი წელია ვცხოვრობ. აქ რასაც ხედავთ, ყველაფერი ჩემი ხელითაა გაკეთებული და ვფიქრობ, რომ სათანადო დონემდე ჯერ კიდევ არ მაქვს მოწესრიგებული. საფლავის მოწესრიგებაში ფინანსურად დათოს მეგობრები დამეხმარნენ. როცა ჩემს შვილთან ვარ, ვერც სიცივეს და ვერც სიცხეს ვერ ვგრძნობ. წლების მიუხედავად, მონატრების სურვილი უფრო მეტად მიმძაფრდება. ვერც ვტირი, რადგან ცრემლიც გამიშრა. ერთადერთი რაც, ძალას მმატებს “შვილმკვდარი დედებია, საზოგადოება და დათოს მეგობრები არიან, რომლებიც ხშირად მაკითხავენ აქ. ახლობლები მეკითხებიან,-სასაფლაოზე არ გეშინიაო? მერე დასძენენ,-ვაჟკაცი დედა ხარო. მე ჩემი შვილის არ მეშინია, მხოლოდ იმის, მეშინია, თუ “იმქვეყნად” მასთან ერთად არ ვიქნები. რაც შეეხება, ჩემს “სივაჟკაცეს”, აქ ვაჟკაცობა არაფერ შუაშია, ეს ჩემი სურვილი იყო. ღამე ხმაური თუ შემომესმა, ჩვეულებრივად გარეთ გავდივარ, უკვე ყველამ იცის, რომ აქ, მკვდარ შვილთან ერთად ცხოვრობს გამწარებული დედა.

– სასულიერო პირები თუ იმყოფებოდნენ თქვენთან?

– დიახ. იყვნენ სასულიერო პირები-მამები, დედები. მათ სცადეს, ჩემი გადარწმუნება, მითხრეს, თავს რატომ იტანჯავო, მაგრამ შვილის სიკვდილით გამოწვეულ ტკივილზე და ტანჯვაზე უარესი რა უნდა იყოს?

– ტაძარში იშვიათად დავდივარო მითხარით…

-იშვიათად… მარხვას ვინახავ, მაგრამ მოძღვარი არ მყავს. ტაძარში თუ შევედი, მიცვალებულთა კუთხეში, ჩემი შვილის სახელზე სანთელს ვანთებ და გამოვდივარ. წირვას არ ვესწრები. ეტყობა საკმარისი რწმენა არ მაქვს. ჩემგან განსხვავებით, აღმსარებელ -მაზიარებელია ჩემი და როზა, რომელიც ყოველ კვირას წირვას ესწრება.

-როგორ ფიქრობთ, დათო როგორ მოიწონებდა თქვენს გადაწყვეტილებას?

– დათომ იცოდა ჩვენ როგორი დედა-შვილობა გვქონდა. მიხვდება რატომ ვაკეთებ ამას, არმგონია, ჩემზე ნაწყენი იყოს. მან იცის, სხვა გამოსავალი არ მაქვს. თავიდან შეიძლება წყენოდა, რადგან მას ჩემი ცრემლი აღიზიანებდა. ხშირად სიზმრებში ვხედავ, მაგრამ ჩემზე  ნაწყენი არ არის.

ქალბატონმა დოდომ შვილს უკვე შეუღება წითელი კვერცხი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისათვის,- დათოს მეგობრებს ელოდება და განსაკუთრებულად უნდა დახვდეს.

მასალა მოზამზადა ეკა ფარულავამ


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!