და-ძმა ირაკლი და ცისანა გვილიები-ზუგდიდიდან


  • და-ძმა, ირაკლი და ცისანა გვილიები თავიანთი მიღწევებით და საქმიანობით წარმატებული ახალგაზრდა ზუგდიდელები არიან. ცისანა გერმანიაში ქალაქ დორტმუნდში კლინიკა “ვესტფალენში” ჰემატოლოგიის და ონკოლოგიის განყოფილების ექიმია. ირაკლი იურისტია, მას თბილისში იურიდიული კომპანია აქვს.
ირაკლი გვილია

ირაკლი გვილია: დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი წითელ დიპლომზე. სწავლა გააგრძელა ამერიკაში. ამჟამად თბილისში მუშაობს.
–მე-5 კლასამდე ვსწავლობდი ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში, შემდეგ, მთელი ოჯახი გადავედით სამარაში, სადაც დავამთავრე სკოლა, მოგვიანებით ჩამოვედით საქართველოში და დავამთავრე თსუ საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი (2005 წელს), 2009 წელს აშშს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით (მასკის პროგრამით) გავემგზავრე აშშ-ში და დავამთავრე იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა. საზღვარგარეთ მაგისტრატურის შემდგომ იურიდიულ ფირმაში სასაქონლო ნიშნების (ბრენდების) მიმართულებით გავდიოდი სტაჟირებას ვაშინგტონში. ამჟამად, ვასწავლი ილიას უნივერსიტეტში და “ჯიპას” სამართლის სკოლაში ინტელექტუალური საკუთრების სამართალს. 2005-2009 წლებში ვმუშაობდი სს კრედიტინფო საქართველოში, 2010 წლიდან სს “ალიანს ჯგუფ ჰოლდინგში”, 2011 წლიდან 2018-მდე, იურიდიულ ფირმა “ბიელსიში”, 2018 წელს საკუთარი იურიდიული კომპანია გავხსენი IP and Corporate Colutions. ძირითადად, ინტელექტუალური საკუთრების, საკორპორაციო და ენერგეტიკის თემებზე ვმუშაობთ.
-რატომ იურისტობა?
-იურისტობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ჩვენს ქვეყანაში შემოსავლის მხრივ შედარებით მისაღები იყო.

ირაკლი გვილია: “ვცდილობ, ბევრი ვიმოგზაუროთ…”

-შენი პირველი წარმატება?
-მიჭირს ამაზე საუბარი, წარმატებაც და წარუმატებლობაც ბევრი იყო, ალბათ მაინც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტს/მასკის პროგრამით გამარჯვებას აღვნიშნავდი.

სოციალურ ქსელებში ჩანს, რომ ბევრს მოგზაურობ…

ვცდილობ, ბევრი ვიმოგზაურო მეუღლესთან სალომე ჯანელიძესთან ერთად. ყველა ქვეყანა განსაკუთრებულია, თუმცა ყველაზე მეტად დაბრუნება იტალიაში მომწონს, საინტერესო ქვეყანაა (ჩემთვის) კარგი ხალხით. ისე, რთულია ერთი ქვეყანა მეორეს შეადარო, ყველგანაა რაღაც განსხვავებული. მაგალითად, საახალწლოდ, ტანზანიაში ვიყავი საფარიზე, შემდგომ ზანზიბარის კუნძულზე, აბსოლუტურად არ გავს არაფერს სადაც აქამდე ვყოფილვარ.
-როგორია შენი სამომავლო გეგმები…
-ჩემი სამომავლო გეგმები არსებულ სამსახურს უკავშირდება, ბუნებრივია, ვეცდები კიდევ უფრო წარმატებული ვიყო.

ცისანა გვილია

ცისანა გვილია: “დავიბადე ზუგდიდში, სკოლის 1-4 კლასი ზუგდიდში ვისწავლე, პირველ საშუალო სკოლაში. ჩვენთან ომი რომ დაიწყო, ჩვენი ოჯახი გადავიდა საცხოვრებლად ქალაქ სამარაში, რადგან ბაბუაჩემი იქ ცხოვრობდა და მუშაობდა. სკოლა, რომ დავამთავრე, თბილისში ჩამოვედი. მშობლებს უნდოდათ, საქართველოში დავბრუნებულიყავი. სამედიცინოზე ჩავაბარე ტვილდიანის სახელობის ინსტიტუტში, მაშინ “აიეტი” ერქვა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ამერიკაში მინდოდა სწავლის გაგრძელება, ჩავაბარე ამერიკის ყველა სალიცენზიო გამოცდა, მაგრამ ადგილის შოვნა გამიჭირდა და სხვადასხვა მიზეზის გამო ამერიკას თავი დავანებე და გერმანიისკენ ავიღე გეზი. პარალელურად, თბილისში “კურაციოში” ვმუშაობდი და თან რეზიდენტურას გავდიოდი ჰემატოლოგიაში. ახლა გერმანიაში ვმუშაობ და ვსწავლობ.
-რატომ გაგიტაცათ ექიმის რთულმა და ხშირად დაუფასებელმა პროფესიამ?
-ბავშობიდან ექიმობა მინდოდა. 9 წლის, ავად გავხდი და თვეზე მეტი ვიწექი საავადმყოფოში. ახალგაზრდა, თბილი და ლამაზი ექიმები მყავდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული პერიოდი იყო მაშინ, წამლები არ იშოვებოდა, გამოკვლევების ჩატარების საშუალება არ იყო, ექიმები მაინც ძალიან მონდომებულები იყვნენ და ყველაფერს აკეთებდნენ პაციენტების გადასარჩენად. მეც მინდოდა მათ დავმსგავსებოდი. სხვა პროფესიაზე არასდროს მიფიქრია და ახლაც ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი სხვა სფეროში.
-პირველად თეთრი ხალათი რომ ჩაიცვი, რა გრძნობა გქონდა?
-ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო. სიხარულის და სიამაყის გრძნობა მქონდა.
-შენს გარდა, კლინიკაში ქართველები თუ მუშაობენ?
-სამწუხაროდ, ამ კლინიკაში ქართველი არავინ არ არის.  ადრე, როცა “helios kliniken schwerin”-ში ვმუშაობდი, ხუთი ქართველი ვიყავით. ხშირად არა, მაგრამ ვახერხებ მათ ნახვას. ვერ დავწერ და ვერ აგიხსნი სიტყვებით როგორი რთული იყო თავიდან ამ უცხო გარემოში, გერმანულ ენაზე გერმანელებთან და თან აღმოსავლეთ გერმანიაში მუშაობა. ის ქართველები რომ არა, ალბათ ვერ გადავიტანდი ამ ყველაფერს. ყველაფერში მეხმარებოდნენ, არაჩვეულებრივი ხალხია.
ზოგადად ქართველებს კი ყველგან ვეძებ. ქალაქში, ქუჩებში, რომ დავდივარ, ხალხს სულ ვაკვირდები, სადმე ქართული ხომ არ ისმისთქო, ჯერ არ გამიგია სიმართლე გითხრა, მაგრამ ქუჩაში გრაფიკიდან გამომდინარე, ბევრსაც ვერ დავდივარ. აქ რომ დავიწყე მუშაობა ქართველი თანამშრომლები დამხვდნენ.
-დორტმუნდიდან საქართველოში, ან შენს მშობლიურ ქალაქში რას გადმოიტანდი?
-პირველ რიგში, დამოკიდებულებას სამსახურის მიმართ, გერმანელები შრომისმოყვარე ხალხია, დისციპლინირებული, აქ “წვრილმანი” საქმეში არ არსებობს, ყველა დეტალი თანაბრად მნიშვნელოვანია, მგონი ზუსტად ეგ არის გერმანული ხარისხის საფუძველი, და კიდევ, რაც ძალიან მომწონს, პატივისცემა ერთმანეთის აზრის, ვინც არ უნდა იყოს, პაციენტი თუ კოლეგა.
-როგორია გერმანიიდან დანახული საქართველო?
-კიდევ, უფრო ლამაზი, ვიდრე საქართველოდან. ძალიან მენატრება, ყველაფერი მენატრება, მეგობრები, ნათესავები, ქუჩები, მიჭირს აქ ყოფნა. ალბათ, 3-4 წელიწადში, საქართველოში, აუცილებლად ჩამოვალ.
არ ვიცი სად, რომელ ქალაქში ვიცხოვრებ, გააჩნია სამსახურს როგორ ვიშოვი.
-ექიმი, რა უნარ-ჩვევებით უნდა იყოს გამორჩეული?
-ადამიანი უნდა გიყვარდეს და მისი დახმარების სურვილი უნდა გქონდეს… მხოლოდ “რაც ვიცი დავუწერე, გავუშვი”… არ კმარა. პაციენტები უნდა გრძნობდნენ, რომ მათი პრობლემის გულთან მიტანა შეგიძლია. აუცილებლად უნდა გენდობოდნენ. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, შრომისმოყვარე და გონებაგახსნილი უნდა იყო. სურვილი და ახლის სწავლის უნარი უნდა ჰქონდეს. თანამედროვე მედიცინა, რეკომენდაციები და გაიდლაინები სულ მუდმივად იცვლება, თუ არ იკითხე ჩამორჩები.
-როგორია შენეული “წარმატების საიდუმლო”?
-წარმატება ჩემთვის სხვა რამეს ნიშნავს. მე არ ვთვლი თავს წარმატებულად. მე ჩვეულებრივად ვშრომობ და ვსწავლობ როგორც სხვა 1000 თუ 10 000 ჩემი კოლეგა. არაფერი გამორჩეული მე არ შემიქმნია. ის, რომ მე დღეს გერმანიაში ვმუშაობ და მაქვს კარგი გამოცდილების მიღების საშუალება, შრომის, მონდომების და რწმენის დამსახურებაა და რა თქმა უნდა, მშობლების თანადგომის.
-მითხრეს, რამდენიმე ენა იცისო…
-რუსული, ინგლისური და გერმანული. ქართული და მეგრული  თავისუფლად (იღიმის).
-მშობლებზეც მომიყევი…

ელენესთან ერთად

-მშობლები ყოველთვის გვერდში მედგნენ და მეხმარებოდნენ. დედაჩემი გახლავთ-რუსუდან ებრალიძე, წელიწადში 6 თვე ჩემთან არის. ძალიან მეხმარება შვილის გაზრდაში, გვერდში მიდგას. მამაა ვლადიმერ გვილია. მყავს ძმა–ირაკლი, რომელიც უკვე გაიცანით. რაც შეეხება, ჩემს ქალიშვილს, ელენეს,–ლამაზი, საყვარელი და არაჩვეულებრივი გოგო მყავს. ელენე ახლახანს ჩამოვიდა გერმანიაში, არდადაგები ზუგდიდში გაატარა ბებია-ბაბუასთან. ორივე ძალიან უყვარს.
-ელენემ იცის ქართული?
-რა თქმა უნდა, იცის. ქართულად ვესაუბრებით,
-მაქსიმუმი, რასაც გინდა ცხოვრებაში მიაღწიო…
-მინდა, რომ ჩემი საქმის პროფესიონალი ვიყო და პაციენტების იმედები გავამართლო.
-რას ურჩევდი ქართველ ახალგაზრდებს, რომლებიც უცხო ქვეყანაში არიან წასულები?
-მე მათ ვურჩევდი საქართველოში დაბრუნებას, იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს არ მოუწიოთ განათლების და წარმატების მისაღწევად საზღვარგარეთ წასვლა.
ეკა ფარულავა


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!