ონკოგინეკოლოგიური სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი


  • ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელმა იან ბლინკამ და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორმა თეიმურაზ კაპანაძემ ურთიერთგაგების ორმხრივ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. აღნიშნული თანამშრომლობა, რომელსაც ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მედევაკის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში ჩაეყარა საფუძველი, დასავლეთ საქართველოში ონკოგინეკოლოგიური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და მათზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

პროექტით დაგეგმილი აქტივობები ითვალისწინებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ სამედიცინო აპარატურისა და მოწყობილობების შეძენასა და გადაცემას ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისთვის, რათა ამ უკანასკნელმა მის მმართველობაში არსებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და რუხის ჰოსპიტალში ონკოგინეკოლოგიური სერვისების გამართვა უზრუნველყოს. ამასთან, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ხსენებული ჰოსპიტლების შერჩეული სამედიცინო პერსონალისა და დასავლეთ საქართველოს პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებისთვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფს.

საქართველოში კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ამიტომ მოხარული ვარ, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში გაიზრდება როგორც ონკოგინეკოლოგიური სერვისების ხარისხი სახელმწიფო ჰოსპიტლებში, ისე პრევენციული ღონისძიებების რაოდენობა სოფლის ამბულატორიებში. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგთან პარტნიორობა საზოგადოებისთვის დადებით შედეგებს მოიტანს. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნული ინტერვენციის დაფინანსებისთვის”, – თქვა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა იან ბლინკამ.

ოფიციალური მონაცემებით საქართველოში ყოველწლიურად ავთვისებიანი სიმსივნის დაახლოებით 10 000-11 000 ახალი შემთხვევა რეგისტრირდება, რომელთგან 56% ქალებზე მოდის. საშვილოსნოს ყელისა და საშვილოსნოს ტანის კიბო საქართველოში გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეების ათეულში შედის.

“დაავადების დაგვიანებით გამოვლენა სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, ადრეული დიაგნოსტიკა კი საწყის ეტაპზე მკურნალობის ეფექტიანობას ზრდის. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მედევაკის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი მიმართულია სკრინინგული სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, საქართველოს რეგიონებში გაწეული ონკოლოგიური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და კიბოს შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე”, – ნათქვამია კარიტასის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე ცნობით, პროექტის ბიუჯეტი 205 000 ევროს შეადგენს, რომლის 70% აღნიშნული სახელმწიფო კლინიკების აღჭურვაზეა მიმართული.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!