- დავით კუტალია აბასთუმნელია, მცირე ბიზნესით არის დაკავებული. მის ოჯახში სტუმრობა ერთი დიდი სიამოვნებაა, ფილმის გმირი გეგონებათ თავი. გამართული ეზო-კარი, მეურნეობა, ავ თვალს არ ენახვება.
-დავით, გაეცანით ზუგდიდელებს…
-დავიბადე 1981 წლის 19 ნოემბერს, დავამთავრე აბასთუმნის საშუალო სკოლა წარმატებით, შემდეგ ჩავირიცხე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელწიფო უნივერსიტეტში, სპეციალობით აღრიცხვა-კონტროლი აუდიტი, რომელიც 2003 წელს დავამთავრე წარმატებით, ამავე წელს, გავაგრძლე მაგისტრატურა, რომელიც 2005 წელს დავამთავრე. ორი წელი ვმუშაობდი სადისტრიბუციო კომპანია “პონტოსტარში“. 2008 წელს გავემგზავრე რუსეთში და იქ დავრჩი 8 წელი. 2016 წელს ჩამოვედი საქართელოში და დავიწყე მცირე ბიზნესი. 2016 წელს, დავაარსეთ დაფნის გადამამუშავებელი კომპანია, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს წარმატებით და ახორციელებს ექსპორტს საზღვარგარეთ (2017 წელს დავაფუძნეთ საქართველოს დაფნის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაცია). ამავე პერიოდში, დავიწყეთ საოჯახო ბიზნესი: პეტერბურგიდან ჩამოტანილი კვერცხებით, გავამრავლეთ საქართველოში გადაშენების პირას მისული კოლხური ხოხობი და 2020-2022 წლებში, მათმა რაოდენობამ 2048-ს მიაღწია. ეს კოლხური ხოხობები დღეს, საქართველოს ბუნების კუთვნილებაა. უსასყიდლოდ ვუშვებ გარეთ ბუნებაში. აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ კოლხური ხოხობის განვითარების საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის ინკუპატორით მომსახურეობის სერვისის ინდმეწარმეს ბატონ ვლადიმერ ჩემინავას.
მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო სოფლის მეურნეობის სამინისტროს, „საქართველოს ბანკს“, მათი დახმარებით, გავზარდეთ აქტივები აგრო-სესხის სახით და მომავალშიც ვგეგმავთ მათთან თანამშრომლობას. შეძლებისდაგვარად, ჩემი ოჯახი, სოფლისათვისაც პატარ-პატარა საქველმოქმედო საქმეებს აკეთებს, ახლა ამ მომენტში, 1000 კვ.მ-ზე დარგული გვაქვს 500-500 ცალი ალვის და ნაძვის ხეები. სამომავლოდ, ეს იქნება ქარსაცავი ზოლი.
-გაგვაცანით თქვენი ოჯახი….
-მყავას მშობლები: მამა ჯემალ კუტალია, დედა ნატო (ნონა) დაგარგულია, – ინჟინერ-ტექნოლოგი. მეუღლე, ლიკა ზარანდია – ეკონომისტი. გვყავს 4 შვილი: მარიამი, ნინო, დავითი და გვანცა კუტალიები. მარიამი სამედიცინო უნივერსტიტეტის მეორე კურსის სტუდენტია. ნინო წელს ჩაირიცხა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (ჯიპაში). დავითი – ჩემი მოსახელე (ჩემს ბაბუას ერქვა დათიკო) მე -12 კლასელია, გვანცა პატარაა – 5 წლის. მე და ჩემი მეუღლე ბაღშიც ერთად ვიყავით. თანაკლასელებიც ვართ. შეგვიყვარდა ერთმანეთი და 2003 წელს შევქმენით ოჯახი. 20 წელია ერთდ ვართ. ბედნიერად ვთვლი თავს მის გვერდით. ჩემი თანამოაზრეა ყველა საქმეში.
-დიდი მეურნეობა გაქვთ – 60 ცხვარი, 50 თხა, 50 ძროხა, ინდაურები, ქათმები, 100 -ზე მეტი კოლხური ხოხობი…
-ეს ყველაფერი ბუნების სიყვარულმა შეგვაძლებინა მე და ჩემს ოჯახს, ეს ჩვენი ჰობია იმავდროულად. უფრო და უფრო გვინდა გავამრავლოთ და განვავითაროთ მესაქონლეობაც და მეფრინველეობაც.
-თქვენი უპირველესი პრინციპი რა არის ცხოვრებაში?
-მინდა, რაც შეიძლება მეტი სიკეთე ვაკეთო, გვერდში დავუდგე ადამიანებს და გავახარო. ვიმეორებ: არ მეზარება სიკეთის კეთება.
-რას ვერ აპატიებთ ადამიანს?
-ტყუილს და ღალატს.
-გავლილი წლებიდან რამეს შეცვლიდით?
-ჩემს ასაკს შევცვლიდი… 25 წლის რომ ვიყო, კიდევ უფრო მეტს შევძენდი ჩემს ქვეყანას, ჩემი ხალხის საკეთილდღეოდ.
-რას უსურვებთ ზუგდიდელებს?
-ზუგდიდლელებს, ქართველ ერს, პირველ რიგში, მშვიდობას, ჯანმრთელობას და დასახული მიზნების ასრულებას ვუსურვებ.
მასალა მოამზადა როზა როგავამ