დავით ბიგვავა: სოფლის თავკაცი, უნდა იცნობდეს სოფელს


  • დარჩელში სოფლის თავკაცს უნდა შევხვდე. ამბობენ, საოცარი გულისხმიერებით და დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევაო. იცის, როგორ მივიდეს თემის თითოეულ მოსახლესთან და როგორ იბრძოლოს იმისთვის, რომ დღევანდელი სოფელი იყოს თანამედროვე და მოსახლეზე მორგებული. “ზუგდიდელების” სტუმარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი, სოფელ დარჩელის ადმინისტრაციულ ერთეულში დავით ბიგვავა.

დავით ბიგვავა: “-დავიბადე 1961 წლის 5 მარტს ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში. 1978 წელს დავამთავრე დარჩელის საშუალო სკოლა. 1984 წელს დავამთავრე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1985 – 91 წლებში ვმუშაობდი ინგირის ექსპერიმენტალური ჩაის ფაბრიკაში უფროს ბუღალტრად. 1991 წლიდან 2002 წლამდე, დარჩელის მომხმარებელთა საზოგადოების თავმჯდომარედ. დარჩელელებმა 2002 წელს ამირჩიეს გამგებლად ოთხი წლის ვადით, ხოლო 2006 წლიდან, მუდმივი საკანონმდებლო ცვლილელების პარალელურად, სხვადასხვა პირობებით და ვადით, ვარ დანიშნული ამ თანამდებობაზე დღემდე. ვამაყობ, რომ დარჩელელი ვარ, ჩემთვის დარჩელელობა არა მხოლოდ კონკრეტულ დასახლებას მიკუთვნებულობა, არამედ ერთგვარი ღირებულებაა, რომელიც სამართლიანობას, ერთგულებას და მეგობრობას აერთიანებს.

სოფლის თავკაცი, პირველ რიგში, უნდა იცნობდეს სოფელს, მის მაცხოვრებლებს, მათ გასაჭირს და გულთან ახლოს მიჰქონდეს.… ნებისმიერ საქმეს თან ახლავს გარკვეული სიძნელეები, თუმცა, თუ მოწოდება მაღალია ღირს გამკლავებად. წუწუნის გარეშე მივყვები ხოლმე დასახულ მიზანს და დაბრკოლებებზე არ ვფიქრობ.

-რომ არა პოლიტიკა, ვინ გინდოდათ გამოსულიყავით?

-ბავშვობიდან მიტაცებდა სპორტი. თანაგუნდელებთან ერთად, 1978 წელს, რაიონის ჩემპიონი გავხდი ფეხბურთში. ზუგდიდის მძლეოსნობის ნაკრებშიც ვიყავი და საქართველოს მასშტაბით არაერთ შეჯიბრში მიმიღია მონაწილეობა. გამიმარჯვია კიდეც. საბოლოოდ არჩევანი კონკრეტულ პროფესიაზე შევაჩერე და არც ვნანობ.

ხელმძღვანელი, ხშირად გუნდის სახელით რისკავს წარმატების მისაღწევად…

-ცალსახად ვამბობ, რისკიანი ვარ… ზოგჯერ არ ამართლებს, მაგრამ მირჩევნია, დამარცხებული ვიყო, ვიდრე გაუბედავი. საქმე თვითონ ითხოვს რისკს. სოფელში გასაკეთებელი ბევრია და არ მინდა დაუმთავრებელი დამრჩეს. დარჩელში დღე – დღეზე დაიწყება N1 ბაღის მშენებლობა, ხოლო N2-ე საბავშვო ბაღი დაგეგმვის პროცესშია. ასევე დიდი სურვილი მაქვს დარჩელში, რომელიც დაბალი ზონის ცენტრია, არსებობდეს იუსტიციის სახლი. ამ მიმართულებით უკვე მივიღე დაპირებები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან და მაქვს იმედი, ერთობლივი ძალისხმევით განვახორციელებთ კიდეც.

-გქონდათ თუ არა რთული პერიოდი?

-დიახ, რა თქმა უნდა. განსაკუთრებით გამოვარჩევდი 90-იან წლებს, რომლის დეტალიზებაც ზედმეტი მგონია. ისედაც ყველაფერი ნათელია.

-მოვლენა, რომელმაც შეგცვალათ?

-ზოგადად, ჩემი ცხოვრება, სავსეა ჩემი ძალისხმევისა და გვერდში დგომის დაუნახაობის მაგალითებით, მაგრამ რამდენიმე წლის წინ იყო კონკრეტული შემთხვევა, როდესაც ეს ძალიან მკაფიოდ აღვიქვი და ჩემი მეგობრების რჩევით და წყალობით, როგორც იქნა, დავიწყე ფიქრი, რომ ზედმეტი არაფერი არ ვარგა, შესაბამისად ვიჯერებ, რომ არც სხვისთვის გაკეთებული ზედმეტი სიკეთე და არც საკუთარი ინტერესების მუდმივი უგულებელყოფაა სწორი.

-რისი გწამთ და რისი გჯერათ?

-მწამს უფლის და მჯერა სამართლიანობის..

-რა გაგიკვირდებათ ცხოვრებაში?

-საინტერესო შეკითხვაა, დამაფიქრებელი. თუმცა ვეჭვობ, ყველაფერი გამოვიარე (იღბალი, უიღბლობა, მხარდაჭერა, ღალატი) და არ ვიცი, რამ უნდა გამაკვირვოს.

-რას ნანობთ ცხოვრებაში?

-არის რაღაცეები, რასაც ვნანობ. შვილებთან მიმართებით შევცვლიდი ბევრ რამეს. მსაყვედურობენ და დღევანდელი გადმოსახედიდან მეც ვფიქრობ, რომ თავის დროზე მათთვის ცალკე, დამოუკიდებლად განვითარების შესაძლებლობა რომ მიმეცა, უკეთესად შეძლებდნენ თავიანთი თავის რეალიზებას.

-რჩევა, რომელიც სულ გახსოვთ?

-“კაცი იყავ კაცური და იქ ილოცე, სადაც გინდა”. ასე ვცხოვრობ. ვცდილობ, ყოველთვის მართალი ვიყო სინდისთან.

როგორი ადამიანები მოგწონთ? რას ვერ პატიობთ და რას არა?

-გულწრფელი და სამართლიანი ადამიანები მომწონს. ვერ ვპატიობ უმადურობას და ღალატს.

-ბატონო დავით, მოგვიყევით თქვენს ოჯახზე…

–ჩემი მეუღლე გახლავთ მაია ოყუჯავა, პროფესიით ფილოლოგი, დარჩელის მე- 2 საჯარო სკოლის პედაგოგია. გვყავს ორი შვილი: თამთა და დავით ბიგვავები. თამთა ზუგდიდის მერიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების პირველი კატეგორიის მთავარი სპეციალისტია. დავითი, დროებით უმუშევარია.

-და ბოლოს…

-და ბოლოს, მშვიდობიან, ერთიან და ძლიერ საქართველოში გვეცხოვროს.

მასალა მოამზადა როზა როგავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.