დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დარბაზში ჩატარდა მწერილისა და ეროვნული მოღვაწის ზაურ ქობალიას წიგნის “დაბრუნება დაბადებაში” წარდგენა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ახლოს გასცნობოდნენ ავტორს და მის წიგნს, მასში შესულ პოეტურ და პროზაულ ნაწარმოებებს,
ლიტერატურულ-კრიტიკულ წერილებს, ხეზე კვეთის ნიმუშებს. პოეტის პიროვნულ თვისებებზე, მის ღვაწლზე სამშობლოში და კულტურულ ცხოვრებაზე ღონისძიების წამყვანმა პოეტმა და ზაურ ქობალიას მეგობარმა ედემ კვირტიამ ისაუბრა. დამსწრე საზოგადოებას “სკაიპით” ჩაერთო პარლამენტარი ზვიად ძიძიგური, რომელმაც პოეტის “ეროვნულ მოძრაობაში” ყოფნის პერიოდი გაიხსენა. ედემ კვირტიამ აღნიშნა, რომ ზუგდიდში რომელიმე ქუჩას ზაურ ქობალიას სახელი უნდა ეწოდოს.
დღევანდელ ღონისძიებაზე ზაურ ქობალიას შემოქმედებაზე ისაუბრეს გუბერნატორის ადმინისტრაციის ხელმძრვანელმა ლაშა გვასალიმა, ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ, პოეტმა ზაალ ჯალაღონიამ და პოეტის სხვა მეგობრებმა. ედემ კვირტიამ, რომელიც წიგნის რედაქტორია, განმარტა, რომ წიგნი პოეტის გარდაცვალებიდან ხუთი წლის შემდეგ გამოიცა. “ზაურ ქობალიას წიგნი საბჭოთა პერიოდში არ გამოცემულა. ზაური პოლიტპატიმარი იყო. ამიტომ ფაქტურად აკრძალული იყო მისი შემოქმედება. მისი გარდაცვალების შემდეგ, მისი ვაჟიშვილის ფინანსური თანადგომით, როგორც იქნა მოხერხდა წიგნის გამოცემა. მისი წიგნი უნდა იყოს ქართული ლიტერატურის ათეულში”.
შეხვედრის დასასრულს, ზაურ ქობალიას მეგობრებმა ბიბლიოთეკის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადეს ლამაზი და საინტერესო ღონისძიებისათვის.