- სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ახალი პირველი მოადგილე ჰყავს, ამ თანამდებობაზე დავით ფარცვანია დღეს დაინიშნა.
დავით ფარცვანია ჟურნალისტებს სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ წარუგდინა. ფარცვანიამ მადლობა გადაუხადა მთავრობას და სახელმწიფო რწმუნებულს ნდობისთვის. “რატომ გადავწყვიტე? იმიტომ რომ ეს ჩემთვის დიდი შანსი და შესაძლებლობაა, რომ ჩემი მშობლიური რეგიონის მოსახლეობას მოვუტანო მეტი სიკეთე და მეტი რეალური ცვლილება. გუნდთან ერთად, შევეცადო გავაუმჯობესო მოსახლეობის ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა.”
ფარცვანიამ ამ თანამდებობაზე ირაკლი ჯიქია შეცვალა. ჯიქიასთან ერთად, თანამდებობა საკუთარი განცხადებით კიდევ ერთმა მოადგილემ კობა ქანთარიამ დატოვა. სახელმწიფო რწმუნებულმა მათ მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
დავით ფარცვანია აქამდე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამშენებლო სამმართველოს უფროსი იყო, მანამდე მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში, ასევე სხავდასხვა კერძო და საჯარო დაწესებულებებში.
რწმუნებულის მოადგილედ ირაკლი ჯიქია თანამდებობაზე 2018 წლის აგვისტოდან, კობა ქანთარია კი 2014 წლიდან მუშაობდა.