- დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ კონკრეტულ რისკჯგუფებში შემავალ მოსახლეობას გრიპის ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდა.
გამყრელიძემ ის რისკჯგუფებიც ჩამოთვალა, რომლებიც სახელმწიფოს მიერ შესყიდულ ვაქცინებს უფასოდ მიიღებენ.
შაქრიანი დიაბეტის მქონე პირები, დიალიზზე მყოფი პირები, მოხუცთა და ბავშვთა სახლებში მყოფი პირები, საოჯახო ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვები, C-ჰეპატიტის მქონე პირები, ორსულები, აივინფექციის მქონე პირები, 60 წლის ზემოთ ხანდაზმულები, პედაგოგები, ორგანოგადანერგილები, ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი, ვეტერინარიისა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პერსონალი, საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელები.
„ამ ეტაპზე ყველა ჩემ მიერ ჩამოთვლილ ჯგუფს, ბრძანების მიხედვით, შეუძლიათ პოლიკლინიკებში, თავიანთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სადაც გრიპზე იცრებიან, მივიდნენ და აიცრან“, განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
რაც შეეხება სხვა პირებს, მათ ვაქცინა კერძო კლინიკებსა და ამცრელ პუნქტებში უნდა მოიძიონ. ამ დროის მონაცემებით, გრიპზე ვაქცინაცია შესაძლებელია „ჯიპისისა“ და „ევექსის“ კლინიკებში. ვაქცინის ღირებულება 80 ლარია.