“-ჟურნალისტი უნდა იყოს, პირველ რიგში, შრომოისმოყვარე, თავისი საქმის პროფესიონალი, მან არ უნდა დაივიწყოს სინდისი და ადამიანური ღირებულებები”.- ასე იწყებს “ზუგდიდელებთან” საუბარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციის მესამე კურსის სტუდენტი გიგა ბენია.
გიგა, სწავლის პარალელურად მუშაობს მედია-კავშირ “ობიექტივში”.
–ბევრი მეუბნებოდა და მაშინებდა, რომ თითქოს გამიჭირდებოდა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ჩვენ, მე და ჟურნალისტიკა ერთმანეთს შევერწყმებოდით.
-რატომ მაინც და მაინც ჟურნალისტიკა?
-ამაზე პასუხი არასდროს არ მაქვს. ვფიქრობ, მე კი არ ავირჩიე ჟურნალისტიკა, თვითონ მან ამირჩია აქეთ. მახსოვს, ხუთი წლიდან, როგორ დავრბოდი “მიკროფონით” ხელში და ვიღებდი ინტერვიუებს. ჩემი საკუთარი გაზეთიც მქონდა გამოცემული. მოგვიანებით, საინფორმაციო გამოშვებებს ვაკეთებდი და სკოლაში “მრგვალ მაგიდას” ვაწყობდი. პირდაპირი ჩართვა მქონდა ბიძაჩემის სახლიდან, რომელმაც ახალი “საპირფარეშო” ააშენა. მოკლედ, სულ ამ სფეროში ვიყავი ჩართული, სხვაზე არც მიფიქრია. ეს პროფესია დაბადებიდანვე ჩემშია. პროფესიაში გასავითარებლად პირველივე კურსზე დავიწყე აქტიურობა. უნივერსიტეტის სტუდენტურ ტელევიზიაში მოვხვდი. გავიარე ტრენინგები. ასე ვთქვათ, ჩემმა ტრენერმა, ნატა მახვილაძემ, მასწავლა ჟურნალისტიკის დედა ენა. მისი წყალობით, გავიწაფე და გავაგრძელე პრაქტიკული ცოდნის მიღება. წელიწადნახევრის შემდეგ, თორნიკე კვერენჩხილაძისა და ნუცა კოპალიანის “ჟურნალისტიკის მასტერკლასები” გავიარე, იქვე, გადავწყვიტე, პრაქტიკული კურსები გამევლო, რომ კიდევ უფრო მეტი მესწავლა. პრაქტიკული კურსების დასრულების შემდეგ, ამირჩიეს და პირველ არხზე, “ახალი კვირის” სტაჟიორად გამიშვეს. ყოველთვის მინდოდა “ახალ ამბებში” მუშაობა, ამიტომ გადავწყვიტე, იქიდან წამოვსულიყავი და ახლა “ობიექტივში” ვარ და მომწონს ჩემი საქმე.
-იქნებ გაიხსენო, შენი პირველი რესპონდენტი?
-მახსოვს, ქართულის მასწავლებელმა ინტერვიუს ჩაწერა დაგვავალა. დედაჩემის ბიძას, რეზოს, ვთხოვე, რომ ჩემი რესპონდენტი ყოფილიყო და გაემხილა საიდუმლო, თუ რატომ და როგორ გამოიყურება 60 წლის კაცი ახალგაზრდულად.
– როგორ ფიქრობ, უნივერსიტეტმა შენი იმედები გაამართლა?
-ტექნიკურ უნივერსიტეტში როცა მოვხვდი, ბევრმა “შემაშინა” და უცებ ვინანე, რატომ ჩავწერე-მეთქი. ხალხის ნათქვამი, რომ სიმართლეს არ შეესაბამებოდა, პირველივე დღეს მივხვდი. მე კმაყოფილი ვარ უნივერსიტეტით და არ ვნანობ, რომ აქ მოვხვდი, თუმცა გასაკეთებელი, რა თქმა უნდა, ბევრია. იმედების გასამართლებლად მხოლოდ ისიც კმარა, რომ ე.წ. “გეპეის” საკუთარი ტელევიზია აქვს, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ.
-როცა პირველ რეპორტაჟზე მუშაობდი, ალბათ ნერვიულობდი.
-როცა პირველ რეპორტაჟს ვიხსენებ, ყოველთვის მეცინება. ტრენინგებს რომ გავდიოდი, ნატა მახვილაძემ დაგვავალა სიუჟეტის გაკეთება. მე გარევაჭრობის თემა შემხვდა და მახსოვს, რა საშინელი კადრები ჩავსვი. პირველი რეპორტაჟი არ გამომივიდა, მაგრამ მომდევნო რეპორტაჟებმა კარგად ჩაიარა.
-პირდაპირი ჩართვაც გქონდა…
-პირდაპირი ჩართვის იმიტაცია სტუდენტური ტელევიზიიდან მომყვება, ხოლო ნამდვილი პირდაპირი ჩართვა “ობიექტივში” მქონდა. კლუბ “ბასიანის” დარბევის მეორე დღეს, აქცია, რომ იმართებოდა, იქიდან მქონდა ჩართვა. ეს იყო უდიდესი ადრენალინი ჩემთვის, ვერ აღვწერ ემოციებს.
-რა გითხრეს კოლეგებმა, როგორ მოიწონეს შენი პირდაპირი ჩართვა?
-ყველამ ერთხმად მითხრა, რომ კარგი იყო. მითუმეტეს, სტაჟიორი ვიყავი.
-“ობიექტივში”, ჩვენი ზუგდიდელი კოლეგა, ილია ჩაჩიბაია მუშაობს. ილიამ “ზუგდიდელებში” მიიღო პირველი ჟურნალისტური ნათლობა.
-ვცდილობ, ცუდი ურთიერთობა არავისთან არ მქონდეს. რაც შეეხება ილიას, მასთან კარგად ვარ და როცა რამე მაინტერესებს, ვეკითხები კიდევაც.
-გიგა შენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბის წევრი იყავი და ჟურნალ “სარკმელში” იბეჭდებოდი.
-“სარკმელში” ყოფნის დრო და ზოგადად, ის პერიოდი, ძალიან საინტერესო იყო. მაშინ ზუგდიდში ახალი გადმოსული ვიყავი. ახალ ნაცნობებში ვტრიალებდი. “სარკმელში” გატარებული თვეები ტკბილ მოგონებად ჩამრჩა. არასდროს დამავიწყდება პირველი დღე, როდესაც კლუბის ხელმძღვანელს, ქალბატონ “ნანი მასს” (ასე ვეძახი ნანი მოსიძეს) შევხვდი. იმდენი კითხვა დამისვა, გავიფიქრე, ვინაა ეს ,,სწერვა” ქალი-მეთქი. მეორე შეხვედრაზე მივხვდი, რომ სინამდვილეში, თბილი და მოსიყვარულე იყო და ის ჩემს მეხსიერებაში, გულში, იმ ზუგდიდელებს შორისაა, რომლებიც ძალიან მიყვარს და ვაფასებ.
-ვიცი, შენი ოჯახი აფხაზეთში ცხოვრობს?
-ჩემი ოჯახი გალის რაიონის სოფელ წარჩედანაა. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს, მათ სხვა ქართველებთან ერთად, იქაურობა დატოვეს. მოგვიანებით, რამდენიმე ათასი დევნილის დაბრუნების დროს, ჩემებიც დაბრუნდნენ. მე იქ გავიზარდე, სკოლა წარჩეში დავამთავრე. მთელი 17 წელიწადი შიშსა და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ გავატარე. ყოველდღე, გზაში, იმ შიშით მივდიოდი, ვაი და ქართული წიგნები ვინმემ მინახოს მეთქი. საშინელება იყო ის 11 წელიწადი, რადგან მშობლიური ენის სწავლებას ვერ ვახერხებდით. გვავიწროებდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ არა ქართველები არამედ მეგრელები ვართ და ჩვენი ენა მეგრულია. ძალიან მიყვარს იქაურობა. განსაკუთრებით მიყვარს ხალხი, რომლებმაც ბევრი გადაიტანეს და მასწავლებლები, რომლებმაც დიდი ძალისხმევით ქართული შემასწავლეს. დღეს, ჩემი ოჯახი იქ ცხოვრობს და ჩემთვის ძალიან რთულია ეს. ხშირად ვერ “გადავდივარ”, სამსახურიდან და სწავლიდან გამომდინარე. თან იმაზე ფიქრი, რომ მალე შეიძლება, საერთოდ ვერ გადავიდე, მთრგუნავს.
-გიგა, როგორც ვიცი, კითხვა გიყვარს, ალბათ, საყვარელი მწერალი გეყოლება…
-დიახ, წიგნი ხომ ადამიანს აბედნიერებს და ზრდის. გაგიკვირდებათ და არ მყავს საყვარელი მწერალი. არც საყვარელი წიგნი მაქვს. ზოგადად, არ მიყვარს ერთი კონკრეტული რამის, ან რაღაცის არჩევა, როცა წიგნებს, ფილმებს, მწერლებს, მოკლედ, კულტურასა და განათლებას ეხება. ჯერჯერობით, თითოეული მწერლისგან რაღაცას ვსწავლობ.
-ყველაზე მნიშვნელოვანი დღე შენს ცხოვრებაში, რომელიც არასდროს დაგავიწყდება…
-პატარა ვიყავი, როცა დედაჩემს სასწრაფოდ ოპერაცია გაუკეთეს და შესაძლებელი იყო, ვერც გადარჩენილიყო. როცა თვალები გაახილა, ყველაფერი შეიცვალა, დედამიწა სხვანაირი გახდა. ეს დღე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი იყო.
-დედაქალაქს როგორ შეეჩვიე?
-ზოგადად ადაპტაცია არ მიჭირს. ყველგან, სადაც მივდივარ, ადვილად ვეჩვევი ქალაქს, ხალხს. შესაბამისად, თბილისში თავის დამკვიდრება არ გამჭირვებია.
-როგორია შენი თავისუფალი დრო?
-თავისუფალი დრო არც ისე ხშირად მაქვს, თუმცა ვცდილობ, დრო მეგობრებსაც დავუთმო. მიმაჩნია, რომ თუ ადამიანს გულით უნდა, ის ყველაფერს მოასწრებს.
-გიგა, როგორ ფიქრობ, მიზნის მისაღწევად რა არის საჭირო?
-იმისათვის, რომ მიზანს მიაღწიო, პირველ რიგში, მთავარია, იყო მომდომებული და ზუსტად იცოდე რა გინდა. საჭიროა ბევრი შრომა და რწმენა იმისა, რომ შენ ამას შეძლებ. მე ყოველთვის მჯეროდა საკუთარი თავის და ვიცი, რომ დასახულ მიზანს მივაღწევ.
-როგორც ვიცი, შვებულება კაპადოკიაში გაატარე…
-დიახ. პირველი შვებულება ქობულეთში, მეორე კი კაპადოკიაში გავატარე. ორივე კარგად დამამახსოვრდა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ორივეგან ცუდად გავხდი. კაპადოკიიდან ჩამოსვლის შემდეგ კი, ეგრევე ოპერაციის გაკეთება მომიწია და რაც დავისვენე, არ შემერგო. ახლა უკეთ ვარ…
-შეყვარებული თუ ხარ?
-არა, შეყვარებული არ ვარ ჯერჯერობით.
-სამომავლო გეგმები როგორი გაქვს?
-მინდა ძალიან წარმატებული ვიყო ჩემს საქმეში და ეს ჩემი შრომით გავაკეთო. შორეულ მომავალში შეიძლება პოლიტიკაშიც მიხილოთ.
-ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაზე გადადიხარ?
-არამგონია ეს ოდესმე გავაკეთო, თუმცა მცირეოდენი სურვილი მაქვს. ეს იქით, 40 წლისკენ.
ეკა ფარულავა