გია ტუღუში: “უფრო დახვეწილი ლოგო უნდა ჰქონოდა ბოტანიკურ ბაღს”


  • ზუგდიდელების სტუმარია გია ტუღუში, რომელიც ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ლოგოს შესარჩევი კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე გახლდათ. გია, პროფესიით, კომპიუტერული გრაფიკისა და დიზაინის სპეციალისტია. თავიდან სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა მაგრამ… საკუთარ თავს, “არშემდგარ მოქანდაკეს” უწოდებს.

გია ტუღუში: “ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი. რაც შეეხება სკოლას, რამდენიმე გამოვიცვალე. თავიდან, მე-11 საშუალო სკოლაში ვსწავლობდი მე-8 კლასამდე. შემდეგ თბილისში გადავედით საცხოვრებლად და იქ მომიწია სკოლის დამთავრება. ვსწავლობდი სამხატვრო აკადემიაში, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლომდე არ დავასრულე.  კომპიუტერულმა ტექნოლოგიებმა გამიტაცა და მთლიანად გადმოვერთე ამ მიმართულებით. კომპიუტერული გრაფიკით და ანიმაციით დავინტერესდი. აკადემიაში, ქანდაკების კათედრაში ვსწავლობდი. ანუ… არშემდგარი მოქანდაკე ვარ. მინდა გითხრათ, უნიჭო მოქანდაკე არ ვარ, მაგრამ ამ მიმართულებით ვზარმაცობ. მაშინ, კომპიუტერული ტექნოლოგიები ახალი ხილი იყო და ძალიან მინდოდა შემესწავლა კომპიუტერული გრაფიკა. ორივეს ერთად ვერ შევეჭიდებოდი და მაშინ ასე გადავწყვიტე. ახლა ვფიქრობ, უნდა გამეგრძელებინა სწავლა, მაგრამ დროს ვერ დავაბრუნებ უკან. სხვათაშორის, მე და მომღერალი რატი დურგლიშვილი ვსწავლობდით ერთად. რატიმ დაამთავრა თუ არა, ეგ არ ვიცი. ახლა, რამდენიმე კომპანიას ვემსახურები ხელშეკრულებით. ვამზადებ ვიდეორგოლებს, სარეკლამო პოსტერებს და ასე შემდეგ”.

-ხშირად, შვილები მამის პროფესიას ირჩევენ, თქვენს შემთხვევაში სხვანაირად მოხდა…

-სხვათაშორის, მამაჩემი აბესალომ ტუღუში, არასდროს მაძალებდა პროფესიის შერჩევას. მაკვირდებოდა, რა პროფესიის მიმართ მქონდა ინტერესი. აღმოაჩინა, რომ კარგად ვხატავდი და ვაქანდაკებდი. ჩემი თავი ჩააბარა ცნობილ მხატვრებს: რობერტ აბსანძეს და  აწგანსვენებულ მაცი ხორავას. გარკვეული დროის განმავლობაში, ვსწავლობდი სამხატვრო სკოლაში ჯანსუღ ჭურღულიასთან. საუბარში ხაზი გავუსვი ჩემს სიზარმაცეს ამ მიმართულებით. ფაქტიურად, კომპიუტერულ გრაფიკაში ვარ გადართული და აღარ ვხატავ უკვე წლებია. მაგრამ ამ ბოლო დროს კი გამიჩნდა სურვილი.

-…და ბოტანიკური ბაღის ლოგოს შესარჩევ კონკურსში მიიღეთ მონაწილეობა…

– დიახ. როცა კონკურსი გამოცხადდა, მე საქართველოში არ ვიმყოფებოდი, შესაბამისად, რთული იყო ჩემთვის, ჩემი სამუშაო სივრცის გარეშე მსგავს პროექტზე მუშაობა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე. მქონდა სურვილი, ზუგდიდის ასეთი ღირსშესანიშნაობის ლოგოზე მემუშავა, შეიძლება სხვებს ეგონოს, რომ მე ლოგოზე მხოლოდ თანხის გამო ვიმუშავე.  ეს ასე არ არის. როგორც ვიცი, 2000 ლარი იყო. გულწრფელად გეუბნებით, უფასოდაც გავაკეთებდი სიამოვნებით. რომ არ მოგატყუოთ, არც მქონდა მოლოდინი გამარჯვების, რადგან ახლა ახალი თაობა ისეთი განვითარებული მოდის, რომ ველოდი დახვეწილი ლოგოს გამოჩენას, თუმცა რაც დასახელდა გამარჯვებულად, ეგ იყო ჩემთვის მოულოდნელობა. მე არ მომწონს და ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ მე ვერ გავიმარჯვე, უბრალოდ, მართლა ცუდი ლოგო შეარჩიეს. ვინც ამ მიმართულებით მუშაობს, უკეთ ხედავს შეცდომებს. არაპროფესიონალმა შეიძლება მოიწონოს, მაგრამ ლოგო სულ სხვა რამეა.

ჩემი ლოგოც ილუსტრაციაა, ფაქტიურად, და ამიტომ მზად ვიყავი დამარცხებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ელ-ფოსტაზე მომივიდა წერილი ჩემი ლოგოს მეორე ტურში გადასვლისა, მაინც ვფიქრობდი, რომ ვერ გავიმარჯვებდი, რადგან მქონდა შენიშვნები ჩემსავე ლოგოზე. ჩემი ლოგოს პრობლემა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ გადამეზარდა ილუსტრაციაში, რაც ლოგოს ნამდვილად არ უხდება. თუმცა, ეს განაპირობა იმ ინსტრუქციამ, რაც კონკურსის წინაპირობა იყო. ძნელია შექმნა რაღაც კრეატიული, როცა ჩარჩოში ზიხარ. თავის მართლებაში თუ არ ჩამითვლით, მთავარი მიზეზი ჩემს სამუშაო სივრცეში არყოფნა იყო. უბრალოდ, ცუდ დროს და ცუდ ადგილას აღმოვჩნდი იმ პერიოდში. არ მქონდა შესაბამისი პროგრამები და ასე შემდეგ.

-რჩეული ნამუშევრის ავტორს თუ იცნობთ? 

-არა, არ ვიცნობ. გამარჯვებული ლოგოს შეფასებას ვაკეთებ, არა როგორც კონკურენტი, უბრალოდ, როგორც რიგითი ზუგდიდელი. სასურველი იქნებოდა, უფრო დახვეწილი ლოგო ჰქონოდა ბოტანიკურ ბაღს. ავტორის მიმართ დიდი პატივისცემა ჩემი მხრიდან, მაგრამ როცა საქმე ეხება ისეთ ღირსშესანიშნაობას, როგორიცაა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, მეტი ხარისხი იყო საჭირო. ძალიან დაბალ დონეზე შესრულებული ლოგოა. ლოგოს მე მაგას ვერ დავარქმევდი, სამწუხაროდ. უბრალოდ, უხერხულია ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი, მაგრამ რაც არის ის ხომ უნდა ვთქვა, არა?

-კონკურსის სხვა მონაწილეების ნამუშევრებს თუ გაეცანით?

-სამწუხაროდ, სულ რამდენიმე ლოგო ვნახე, რომელიც თავად ავტორებმა გაასაჯაროეს. შესაბამისად, არ მქონია შესაძლებლობა მენახა სხვები.

-კომისიის სხდომა დახურული იყო…

– ვფიქრობ, რომ კომისიის სხდომა საჯარო უნდა ყოფილიყო. კომისიის წევრების კომპეტენციაზე მე ვერ ვისაუბრებ, თუმცა სასურველი იქნებოდა პროფესიონალებს შეეფასებინათ ნამუშევრები. როგორც ვიცი, კომისიის შემადგენლობაში არ ყოფილა ჰერალდიკოსი და გრაფიკოსი არც ერთი. ეს ინფორმაცია რამდენად სწორია, ვერ გეტყვით.

-მთელი ბავშვობა ბოტანიკურ ბაღში გაქვთ გატარებული, როგორ მოგწონთ განახლებული ბაღი?

-განახლებულ ბაღში ჯერ არ ვყოფილვარ. მარტში ჩამოვედი და მას შემდეგ, სულ სახლში ვიმყოფებით მთელი ქვეყანა. ამ დღეებში, აუცილებლად, მოვინახულებ. ფოტოებიდან ჩანს რომ, ძალიან ლამაზია… თუმცა ვნახე რამდენიმე ვანდალური ფაქტიც.

.-და ბოლოს…

-ჯერჯერობით ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას. ვაპირებ დავუბრუნდე ხატვას, როგორც მოყვარული და არა როგორც პროფესიონალი.

“ზუგდიდელები”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!