გეგა შენგელია მისი მერობის მომავალ წელიწადზე და რვა თვეზე…


  • ორშაბათს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ზუგდიდის 19 მაისის რიგგარეშე არჩევნებზე არჩეული მერის უფლებამოსილებას ცნობს. მანამდე კი, გეგა შენგელიას ექსკლუზიური ინტერვიუ   “ზუგდიდელებს“.

-თქვენი მერად მოღვაწეობის წელიწადსა და რვა თვეში, რა იქნება თქვენი საქმიანობის ის პრიორიტეტი, რომელიც განსახორციელებლად ჩაეტევა ზუგდიდის მწირ ბიუჯეტში.

-მთავარ პრიორიტეტებზე, ბევრჯერ მისაუბრია წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც. პირველ რიგში, ეს იქნება  საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, შემდეგ კი, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის ხარისხიანად განხორციელება და წარმატებით დასრულება. ეს ის პროექტებია, რომელიც მეტად მნიშვნელოვანია ზუგდიდელებისთვის.

დიდი პრობლემა რაც ჩვენს მუნიციპალიტეტს დღეს აქვს, ეს არის თხილის საკითხი, საიდანაც შემოსავლის კლება მძიმედ დააწვა ჩვენს მოსახლეობას. ჩვენ უკვე აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით და ვფიქრობთ,  წელს ძალიან კარგი შედეგები გვექნება და დიდ შვებას იგრძნობს მოსახლეობა.

ასევე მნიშვნელოვანია უმუშევრობის დონის შემცირება. იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომელშიც 50 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება, რამოდენიმე ასეული სამუშაო ადგილი შეიქმნება და ეს დამატებით კომფორტს შეუქმნის ჩვენს მოსახლეობას.

მნიშვნელოვანია ტურიზმის სფეროს განვითარება, ვფიქრობთ, ძალიან დიდი რესურსების ჩადებას ამ მიმართულებით. ეს არის დამატებითი შემოსავლის წყარო ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. ტურისტებისთვის დამატებითი ატრაქციების ადგილების, გასტრონომიული ტურიზმის შეთავაზება კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტულ ნაკადებს ჩვენს მუნიციპალიტეტში და უფრო მეტ შემოსავალს მოგვიტანს, რაც თითოეული ოჯახისთვის იქნება დამატებითი სიკეთე.

ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რაზეც წელიწადსა და რვა თვის განმავლობაში, ჩვენს გუნდთან ერთად,  ვაპირებ ყურადღების გამახვილებას. დარმუნებული ვარ,  ზუგდიდელების თანადგომით ძალიან ბევრ სასიკეთო ცვლილებას განვახორციელებთ მუნიციპალიტეტში.

– ვის ირჩევთ თქვენს გუნდში – სანდო პარტიულ მუშაკებს, თუ  ინტელექტუალებს გამოცდილებით?

-ყველაფერი იქნება დაბალანსებულად. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება და გამოცდილება, რითაც მოხდება პირველ რიგში, გუნდის შერჩევა. სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია.

გუნდი, რა თქმა უნდა, იქნება გადახალისებული და უშუალოდ საქმეზე ორიენტირებული. მე დარწმუნებული ვარ, იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ჩემს გვერდით იქნება, ძალიან ბევრ სასიკეთო ცვლილებას განვახორციელებთ ზუგდიდისთვის.

-თქვენს გუნდში სახელდება რამდენიმე ცნობილი სახე, მათ შორის უბერი…

-კოკა უბერი იყო ჩვენს გუნდში. ის არის კარგი განათლების მქონე ახალგაზრდა, ღირსეული პიროვნება და საქმის პროფესიონალი. განათლება მიიღო ამერიკაში, ჩამოვიდა ზუგდიდში და სურს თავის ქალაქს გარკვეული სიკეთე შესძინოს. მე მივესალმები ყველა ასეთ ადამიანს, ვისაც სურვილი ექნება თავის ქალაქს მოახმაროს გამოცდილება. თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება გუნდის შესახებ, ვინ რა ადგილს დაიკავებს, ჯერ მიღებული არ არის… მოგვიანებით გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის.

-გვაქვს ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტი თქვენმა წინამორბედმა არასწორად დაგეგმა და ფაქტიურად ის არ არსებობს, უკვე გახარჯულია…  რომ თვითმმართველობის ადმინისტრაციისა და ააიპი-ებისათვის  ცენტრალური ბიუჯეტიდან მოხდება სახელფასო თანხების სესხება.

-ცენტრალური ბიუჯეტიდან ააიპიებისთვის თანხების გამოყოფა ტექნიკურად ვერ განხორციელდება, ასე, რომ ჩვენ, ჩვენი არსებული ბიუჯეტით ვემსახურებით მათ, მიმდინარე სტაფს და იმ სამუშაოებს რომელსაც ვახორციელებთ. გარდა რეგიონალური ფონდიდან დაფინანსებული სამუშაოებისა, როგორც უკვე აღვნიშნე, ეს არის 50 მილიონ ლარზე მეტი. რაც შეეხება ბიუჯეტის არასწორ დაგეგმვას, ამ მიმართულებით იყო გარკვეული ხარვეზები, პრივიატიზაციიდან შემოსავლის არ მიღებიდან გამომდინარე. დაგეგმილი იყო ქონებების პრივატიზაცია, თუმცა იმ გრაფიკით ვერ განხორციელდა, როგორც ველოდით, რამაც გამოიწვია გარკვეული დანაკლისი და ეს დაეტყო საბოლოო ჯამში  ბიუჯეტს და გამოდგა დეფიციტური, რომლის რეაბილიტაცია, გადაფარვა გვიწევს. თუმცა, წელს შემოსავლების გაზრდით და სხვადასხვა აქტივობებით, ვფიქრობთ, ეს ყველაფერი დავაბალანსოთ და დამატებითი სირთულეების და პრობლემების გარეშე გავართვათ ამ ყველაფერს თავი.

-ვიცე მერის პოსტზე ყოფნისას, მერის მოვალეობების შესრულებაც გიწევდათ, ფაქტიურად… გიფიქრიათ, რომ მერის პოსტზე ყოფნა უმადური შრომაა…

-ჩემი  მერიაში მოსვლიდან დღემდე, მერის მოვალეობას, ბატონი მაიზერი ასრულებს, თუმცა  ვხედავ იმ ტვირთს, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტის მერს შეიძლება გააჩნდეს და ეს თავიდან ბოლომდე გააზრებული მაქვს. მე არ ვთვლი, რომ უმადური შრომაა, მიუხედავად იმისა, რომ არის ძალიან რთული, შრომატევადი და  მნიშვნელოვანი. რატომ?  იმიტომ, რომ გვიწევს ხალხთან ურთიერთობა, საზოგადოების იმ ნაწილთან, რომლის შესაძლებლობები ძალიან მწირია და იმედით გვიყურებს, რომ დავეხმარებით. ის შესაძლებლობები, რაც ჩვენს მუნიციპალიტეტს გააჩნია, სამწუხაროდ, ვერ აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რაც საზოგადოებას აქვს, აქედან გამომდინარე, გარკვეულწილად, რთულიც არის ამ ყველაფრის დაბალანსება, თუმცა ჩვენ ყოველთვის ვართ ჩვენი მოსახლეობის გვერდით.

-თქვენი ვარაუდები, ანაკლიის მომავალთან დაკავშირებით.

-ანაკლიის პორტი, მე როგორც ვამბობდი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, და ახლაც ვაგრძელებ იგივე პათოსს, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. პროექტი, რომელიც აუცილებლად განხორციელდება. ზუგდიდს ექნება ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიის სახით, რომელიც ძალიან ბვერ შესაძლებლობას შექმნის ჩვენს მუნიციპალიტეტში. ამაზე პასუხისმგებლობა აღებული აქვს მთავრობას. არის გარკვეული აჟიტირება და აპელირება, თითქოს საფრთხე ემუქრება პროექტს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი მთავრობის, ხელისუფლების მხარდამჭერით ეს პროექტი აუცილებლად მივა იმ წერტილამდე, როდესაც თითოეული აქ მცხოვრები ადამიანი და მთელი ქვეყანა, ძალიან დიდ ბენეფიტს და სიკეთეს ნახავს ამ პროექტისგან.

-ყინულის მოედნის საკითხს საკრებულოში ხმაური მოჰყვა. ოპოზიცია თქვენ გადანაშაულებთ და ბრალს გდებთ, კორუფციულ გარიგებაში ემ კვადრატთან.

-რბილად, რომ ვთქვათ სასაცილოა რასაც ოპოზიცია ამბობს. ყველა საკითხში ცდილობენ, რაღაცა ნეგატივის პოვნას და თითქოს წინ წამოწევას, მაგრამ ეს თვითონ მათ აგდებთ სასაცილო პოზიციაში. საკრებულოში ჩვენ გავიტანეთ ნუსხა იმ ქონებების, რომლის პრივატიზება იგეგმება წელს, ერთ-ერთი მათ შორის არის ის მიწა, რომელზეც განთავსებულია ყინულის სახლი. ეს მიწა ექსპერტიზამ შეაფასა დაახლოებით 7 მილიონ 200 ათას ლარად. გავა ამ თანხით აუქციონზე. აუქციონში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, მარტო ემ კვარდრატს არა. ნებისმიერ ბიზნესმენს, ვისაც სურვილი აქვს. პლიუს რვა მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, რომ იქ აშენდეს საერთაშორისო ბრენდული სასტუმრო, რომელიც ტურიზმისთვის იქნება ერთ-ერთი მიმზიდველი კერა ზუგდიდში. ჩვენ ვგეგმავთ მარტო ემ კვადრატისთვის კი არა, ამ პიროებების შეთავაზებას  ნებისმიერი ბიზნესისთვის, ვისაც სურვილი ექნება. მარტო იმაზე აქცენტის გაკეთება, რომ “ემ კვადრატს გადასცა”, ემ კვადრატს ჩვენ არაფერს გადავცემთ და არანაირი ხელშეკრულება არ გვაქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ღია, საჯარო აუქციონი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მონაწილეობის მიღება. შინაარსივე ეწინააღმდეგება იმ ტრანსფარატებს და ლოზუნგებს, რაც ჰქონდათ ზოგზოგიერთებს გაკრული. როდესაც ინფორმაცია, არ გაქვს სრულყოფილი, არ შეიძლება ადამიანს ჩირქი მოსცხო და რაღაცაში დაადანაშაულო.

-ბატონო გიორგი, სამოქალაქო აქტივისტები ითხოვდნენ საჯარო განხილვებს…

-ამ თემასთან დაკავშირებით იყო ოთხი საჯარო განხილვა. ამ საჯარო განხილვებში შეიძლება დიდი დრო გავიდეს. რამდენი ხანი უნდა ვიყოთ საჯარო განხილვებში. განვიხილეთ, ვიყავით, ვისაუბრეთ. რომელ საჯარო განხილვაშიც ვიყავით, ყველგან მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ამ პროექტს. ეს არის ზუგდიდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. პოზიტიური მხარეები გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი-ორი, ვითომ ნეგატიური მხარე, რაზეც აპელირებს ჩვენი ოპონენტები. ამის გამო, მნიშვნელოვან პროექტზე და ბრენდული სასტუმროს მშენებლობაზე დღეს ზუგდიდში უარს ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ამ ბრენდს შემდგომში მოჰყვება სხვა ბრენდები, საინვესტიციო მიმზიდველი კომპანიები, რომლებიც დაინტერესდებიან ზუგდიდის საინვესტიციო გარემოთი. როდესაც იქნება ამ ტიპის სასტუმრო, ამხელა ინვესტიციას განახორციელებს, სხვისთვისაც მასტიმულირებელი იქნება და ზუგდიდს გაეხსნება უფრო მეტი შესაძლებლობები ვიდრე დღეს აქვს. ამაზე, ჩვენ უარის თქმას არ ვაპირებთ, იმიტომ რომ ვიღაცეებმა, რაღაცა თემებზე გააკეთონ აქცენტი და აპელირება. ეს არის რაღაცა თითიდან გამოწოვილი თემა, რომელიც არის ყოველგვარ რეალობას მოკლებული. რაც შეეხება ყინულის სახლს, ჩვენ ვაპირებთ გადატანას, ყოფილი კომკავშირის პარკის ტერიტორიაზე, ბენდელიანის ქუჩაზე, ზუგდიდი ყინულის სახლის გარეშე არ დარჩება. გაცილებით ეკონომიური შენობა იქნება, მყარი გადახურვით და იმდენი თანხა ჩვენი მოსახლეობის მიერ დაფინანსებული ბიუჯეტიდან არ წავა, რაც მიდის დღევანდელი კონსტრუქციის გაბერვაში. გვექნება გაცილებით კომფორტაბელური ყინულის სასახლე, სადაც ჩვენს შვილებს ექნებათ შესაძლებლობა ივარჯიშონ და ისრიალონ. ასე, რომ ყინულის სახლის გარეშე არ ვტოვებთ ჩვენს მოსახლეობას. “არ გაუყიდოთ ბავშვებს ყინულის სახლი”,- ბოდიში, არავის არაფერს არ ვუყიდით. პირიქით, კიდევ უფრო უკეთეს გარემოს შევთავაზებთ ჩვენს შვილებს ზოგ-ზოგიერთების გასაოცებლად.

-რა იქნება ის საქმე, რაზეც თქვენი უფლებამოსილების დამთავრების პერიოდში, ზუგდიდელები იტყვიან, რომ ეს მათ გეგამ გაუკეთა.

-ეს იქნება, პირველ რიგში, მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა, მე ამაზე ავიღე პასუხისმგებლობა. ზუგდიდში გაკეთდება ახალგაზრდული ცენტრი. უკვე მიმდინარეობს პროცესი და კონკრეტული ვადებიც ძალიან მალე გაჟღერდება. ბენდელიანის ქუჩაზე გაკეთდება საცურაო აუზი და სპორტკომლექსი და იმ უბნის კეთილომოწყობა. ერთ-ერთ პრიორიტეტად  ვთვლი, ჩვენი საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებას. ყოფილი ჩაის ფილიალის ტერიტორიას. მაქვს ამ მიმართულებით კონკრეტული ხედვები. ქალაქის დაგეგმარებაში ჩვენ პოლონელი კოლეგები გვეხმარებიან, თუმცა იქ არის გარკვეული პრობლემები მიწის, თავის დროზე, არასწორად გადაცემის გამო, რაც გვიქმნის დამატებით სირთულეებს, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი დაიძლევა და ზუგდიდს შევძენთ კიდევ ერთ ძალიან კარგ და ლამაზ ცენტრალურ უბანს, თუმცა ამაზე, როგორც გითხარით, მიმდინარეობს მხოლოდ ზოგადი სამუშაოები, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ჩემი მთავრი გამოწვევა.

-იქნებით თუ არა ადგილობრივი მედიის მხარდამჭერი, ვგულისხმობ ბეჭვდით მედიას. საერთოდ, მედიასთან როგორი ურთიერთობა გექნებათ?

-მე ადგილობრივ მედიას უკვე ვიცნობ. ბეჭვდურ მედიასთანაც ნაწილობრივ მქონდა შეხება.  ჩემი კარები ყოველთვის ღია იქნება ნებისმიერი ტიპის საუბრებისთვის. ჩემგან პასუხგაუცემელი შეკითხვეა არ დარჩება, რამეთუ, მე მაქვს პრინციპი, მქონდეს სწორი ურთიერთობა და კომუნიკაცია ერთმანეთთან. მედიასთან ყოველთვის მექნება მეგობრული და მჭიდრო ურთიერთობა, ამის პირობას გაძლევთ. არ მოგიწევთ ჩემი ძებნა. ჩემი ტელეფონი მუდმივად ჩართულია, შეგიძლიათ ნებისმიერ საკითხზე დამირეკოთ და ვისაუბროთ. თუ არ მექნება პასუხები, მაგაზეც არ დაგზარდებით, მოვიკითხავ. ერთი სიტყვით, უკომენტაროდ არ დავტოვებ არცერთ საკითხს.

-იმ პოსტებზე, რომელზეც თქვენ სხვადასხვა დროს, იმყოფებოდით, სად გრძნობდით ყველაზე კომფორტულად თავს?

-კომფორტული არის ის სამსახურები და ის ადგილები, სადაც საქმეს შენ დაისახავ მიზნად და გამოდის. დასახულ მიზანს თუ მიაღწევ, ჩათვალე, რომ ის საქმე არის კომფორტული. სამსახურში როცა ადამიანი კომფორტს გრძნობ, მაშინ იქ ცოტა რთულად არის საქმე. კომფორტის შექმნა სამსახურში ჩემთვის მიუღებელი ტერმინია. სამსახურში ყოველთვის ხარ შრომაში, რაღაცისთვის ბრძოლაში, რაღაცის მიღწევის განცდაში და ამ ვითარებაში გადის ის დრო, რაც არის განკუთვნილი სამსახურისთვის. მიზანს როცა მიაღწევ, მაშინ არის კომფორტი, როცა ტკბები იმ შედეგით რაც ჰქონდა მიზანდასახული.

-წინასაარჩევნო კამპანიის დროს, თქვენმა ქალიშვილმა საკამოდ დადებითად განაწყო ამომრჩეველი, გვესაუბრეთ თქვენს ოჯახზე, შვილებზე.

-ჩემმა ქალიშვილმა, ელენემ, თვითონ გადაწყვიტა, ჩაეწერა, ესე, რომ ვთქვათ, პოპულარული კლიპი. რომელსაც ძალიან ბევრი ნახვა და მოწონება ჰქონდა. გულით უნდოდა მამას დახმარებოდა. მითხრა კიდევაც, ხომ გითხარი, დაგემხარებოდიო. ელენეს ძალისხმევამ შედეგი  გამოიღო. რაც შეეხება, ოჯახს მყავს მეუღლე- ქსენია ბიგვავა. გვყავს სამი შვილი: დავითი და ელენე მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. დავითი 12 წლისაა,  ელენე 7 წლის.  გვყავს ოთხი თვის სანდრო. ვფიქრობ, კარგი მუღლე და მზრუნველი მამა ვარ. ამ ბოლო დროს, ოჯახისთვის ძალიან ცოტა დრო მრჩება. ელენე  ხშირად მსაყვედურობს, იმის გამო, რომ მისთვის ჩვეული დრო არ მრჩება, როგორც ადრე იყო. მთხოვს, რომ ეს რამეფრად გამოვასწორო, მაგრამ ჯერჯერობით ზუგდიდში, მნიშვნელოვანი და  სასიკეთო საქმეები გვაქვს გასაკეთებელი. დარწმუნებული ვარ ოჯახი გაგებით მოეკიდება, ელენესაც რამეფრად დავიყოლიებ.

-რას ნიშნავს თქვენთვის ზუგდიდელობა…

-ზუგდიდელობა ჩემთვის ყველაფერია. განსაკუთრებულად მიყვარს ეს ქალაქი. აქ დავიბადე და გავიზარდე. თითოეული აქ მცხოვრები ადამიანი ჩემთვის არის ძალიან ძვირფასი. აქ ყველაფერი განსაკუთრებულად ძვირფასია ჩემთვის, შენობები, არქიტექტურაც, დადიანების სასახლე… მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აქ არის ადამიანები, პიროვნებები არიან, რომლებიც ალამაზებენ ზუგდიდს თავისი ხიბლით, პეწით და იმ სტუმართმოყვარეობით რაც ჩვენ გაგვაჩნია.

-და ბოლოს…

-მე მინდა, ზუგდიდი ვიხილო უფრო კეთილმოწყობილი და დამშვიდებული. მე იმის ილუზია არ მაქვს, რომ  წელიწადსა და რვა თვეში სრულად გამოვასწორებ იმ პრობლემებს, რაც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, მაგრამ შევეცდები ყველას, შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად, დახმარების ხელი გავუწოდო, რათა შვება იგრძნონ. მოსახლეობასთან მჭირდო ურთიერთობა და ყოველდღიური კონტაქტი მექნება. სხვანაირად ვერც წარმომიდგენია, პიროვნულადაც ვარ ძალიან კონტაქტური ადამიანი. ვცდილობ, თუ რამე პრობლემა არის და საკითხია გადასაწყვეტი, პირადად მივიდე დაველაპარაკო მოსახლეობას და გავიგო მათი განწყობა.

-წარმატებებს გისურვებთ.

-მადლობა “ზუგდიდელებს”.

ეკა ფარულავა

 

 

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!