განათლების სამინისტრო – 17 იანვარს სასწავლო პროცესის დასაწყებად ყველა სკოლა სრულ მზადყოფნაშია


  • 17 იანვარს სასწავლო პროცესის სკოლის შენობებში განსაახლებლად საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლა სრულ მზადყოფნაშია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

„მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა უსაფრთხოებისთვის და ნებისმიერი სხვა რისკის თავიდან ასაცილებლად სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია. კოვიდვირუსის გამოვლენის შემთხვევაში კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გაგრძელდება.

დასწრებული სწავლების შემთხვევაში, მოსწავლეები I-XII კლასების ჩათვლით, ვალდებული იქნებიან ატარონ პირბადე, სახელმწიფო კი კვლავ უზრუნველყოფს მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირებას. ამ ეტაპზე ვაქცინირებულია პედაგოგთა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73%.

ქვეყნის მასშტაბით სამინისტროს მხრიდან ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვილია საჯარო სკოლები წლის ბოლომდე სამყოფი მარაგით. კერძოდ, სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფილია შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით.

ტრანსპორტით კვლავ უზრუნველყოფილი იქნებიან მოსწავლეები თბილისსა და რეგიონებში.

მოსწავლეებისთვის კვლავ იფუნქციონირებს „ტელესკოლის“ უაღრესად მნიშვნელოვანი, საერთაშორისოდ აღიარებული პროექტი.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და სკოლაში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ სკოლის ადმინისტრაცია მშობლების ინფორმირებას ინტენსიურად მოახდენს. სამინისტროს მხრიდან სკოლებში მონიტორინგი კვლავ სისტემატურად განხორციელდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.