- განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი სკოლებში 17 იანვარს განახლდა. ბოლო კვირის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებელთა 0,8%-ს, ხოლო მოსწავლეების 0,1%-ს დაუდასტურდა.
უწყების ცნობით, კოვიდის გამოვლენის შემთხვევაში, შიდა გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სკოლები კვლავ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა მხრიდან მიღებული რეკომენდაციის შესაბამისად მოქმედებენ და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე.
“ამ ეტაპზე დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება სრულად 21 სკოლა, ხოლო 84 ცალკეული კლასი. სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი საქართველოს მასშტაბით რისკის ჯგუფის 80-მა მასწავლებელმა გამოთქვა.
დღეისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.5%. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სამინისტრო კვლავ აძლევს მოსწავლეთა მშობლებს საშუალებას, გააკეთონ არჩევანი დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.
ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ბმულზე https://online.emis.ge ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფილია შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით. ინტენსიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ვირუსის პრევენციისათვის კვლავ განაგრძობს სკოლებში სისტემატურ მონიტორინგს მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად”.-ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.