გაიცანით დათო მიქავა ახალგაზრდა მხატვარი


  • დათო მიქავა ზუგდიდის სამხატვრო სკოლის კურსდამთავრებულია. ბავშვობიდან ხატავს. ახალგაზრდა შემოქმედი მრავალი ფესტივალისა და კონკურსის გამარჯვებულია ქვეყნის შიგნით და გარეთ. ამას მისი სერთიფიკატები, დიპლომები და მადლობის სიგელები მოწმობს.

დათო მიქავა: “12 წლის ვიყავი, როცა სამხატვრო სკოლაში შემიყვანეს ჯანსუღ ჭურღულიასთან. ვხატავ პეიზაჟებს, პორტრეტებს, ნატურმორტებს ფერადი და შავ-თეთრი ფანქრებით. ხატვა დიდ სიამოვნებას მანიჭებს”.

დათო მე–2 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელია, აბიტურიენტი. მომავალი პროფესია არჩეული აქვს. უნდა არქიტექტორი გახდეს და ცათამჯენები დააპროექტოს. საქართველოში “ანბანის კოშკი” მოსწონს, დანარჩენი მსოფლიოდან კი, დუბაის ცათამჯენები.

დათოს წარმატებებზე და მის პროფესიულ უნარ-ჩვევებზე გვესაუბრება სამხატვრო სკოლის დირექტორი ჯანსუღ ჭურღულია. “დათო საიმედო და ნიჭიერი ბიჭია. ძალიან კარგად ხატავს და ამავდროულად ხაზავს. არქიტექტორის მონაცემები აქვს, დიზაინერობაც შეუძლია. ნებისმიერ საქმეში დაეყრდნობი. საუკეთესო თვისებები გააჩნია. დათო ბავშვობის ადრეული ასაკიდან ჩვენთან სწავლობს. სხვადასხვა კონკურსში და ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. მართალია, უკვე სამხატვრო სკოლის კურსდამთავრებულია, მაგრამ როცა საჭიროა, ვუკავშირდებით და გამოფენებში ღებულობს მონაწილეობას. დათოს პერსონალური გამოფენა ზუგდიდში ჯერ არ ჰქონია, ისე ღირსი კი არის, რომ ჰქონდეს. ჭკვიანი, მონდომებული და პერსპექტიული ახალგაზრდაა, მინდა მას წარმატებები ვუსურვო”.

გარდა იმისა, რომ დათო ნიჭიერი ახალგაზრდა მხატვარია, ხელნაკეთ ნივთებზეც მუშაობს.

“მახსოვს, იუსტიციის სახლის უკან ჰქონდათ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. დავინტერესდი. გადავწყვიტე მივსულიყავი ტექნოპარკში. მათ დამაკვალიანეს, ამიხსნეს როგორ მემუშავა. მოგვიანებით, სპეციალური დანადგარი ოჯახში შევიძინეთ. ნახატებს ჯერ კომპიუტერულ პროგრამაში ვამუშავებ, შემდეგ ლაზერულ ჭრას და გრავირებას ვაკეთებ. სამუშაო შრომატევადია, დიდი დრო მიაქვს… ამიტომ დედაც მეხმარება. ის ძირითადად, ხელნაკეთების რეალიზაციაზე მუშაობს“.

დათოს დედა, ნანა წულაია, პროფესიით იურისტია. მომხმარებლების მოძიება, საზოგადოებასთან ურთიერთობა და ნივთების გაყიდვა სწორედ მისი პრეროგატივაა.

ნანა წულაია: “პირველად, ბრელოკები დავამზადეთ და გავყიდეთ. 30 ლარის იყო. მახსოვს, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ნელ-ნელა დავიხვეწეთ და დავიწყეთ სხვადასხვა ნივთზე მუშაობა. გავხსენით ფეისბუქგვერდი, მომხმარებლებს შეუძლიათ ჩვენი ნამუშევრების დათვალიერება და პროდუქციის შეკვეთა. ამ წუთას ვმუშაობთ სახაზავებზე, რომელიც ერთ-ერთმა სკოლის დირექტორმა შეგვიკვეთა. საქართველოს ყველა კუთხეში იცნობენ ჩვენს ნამუშევრებს და კმაყოფილები არიან”.

დათოს თავისი ნამუშევრების კატალოგი უკვე შექმნილი აქვს. ვფიქრობთ, ამ კატალოგიდან რამდენიმე ნამუშევარი განათლების სამინისტოს ყურადღების ცენტრშიც შეიძლება მოექცეს, როგორც მეთოდური სკოლამდელი და სკოლის მოსწავლეებისთვის.
მანამდე კი: ახალგაზრდა მხატვარმა და შეიძლება ითქვას მცირე მეწარმემ, ჩვენთვის, საჩუქრად მისი რამდენიმე ნახელავი შეარჩია და განგვაწყო თქვენთვის მოგვეთხრო მისი მოწოდებისა და საყვარელი საქმეების შესახებ.

ეკა ფარულავა

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!